ფერარი ბატონს უმიზნებს?

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა გერმანულმა გამოცემა SID-მა. კომპანია Promit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ფორმულა 1-ის გერმანელი გულშემატკივრების 47,2 პროცენტი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს "მერსედესთან" 2012 წლის შემდეგ კონტრაქტის გაფორმებას არ ურჩევს. მათი აზრით, მიხაელმა, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს კარიერა "სამეფო რბოლებში".

გამოკითხულთა 32.2 პროცენტს მიაჩნია, რომ შუმი 2013 წელსაც უნდა დარჩეს ფორმულა 1-ში, ხოლო 8.5 პროცენტის აზრით მიხაელი DTM-ის სერიაში უნდა შეუერთდეს თავის უმცროს ძმას - რალფ შუმახერს.

* * *

ცნობილი ბრაზილიელი ჟურნალისტი ლივიო ორიკიო მიიჩნევს,
რომ ჯენსონ ბატონსა და "მაკლარენს" შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხება დღემდე იმის გამო არ მოხდა, რომ ბრიტანელის პილოტის გადაბირებით "ფერარია" დაინტერესებული. 2012 წლისთვის "სკუდერიას" კონტრაქტი აქვს გაფორმებული ფელიპე მასასთან და მომდევნო წლის განმავლობაში იტალიური საჯინიბო გადაწყვეტს - ღირს თუ არა მომავალშიც ბრაზილიელ პილოტთან ხელშეკრულების გაფორმება.

"პასუხი მარტივია. ბატონი დაინტერესებულია "ფერარით" და პირიქით, "ფერარი" - ბატონით. ჯენსონს "სკუდერიასთვის" საჭირო თვისებები გააჩნია. ის სწრაფია, მუდმივად ახდენს სისწრაფის დემონსტრირებას და თან შეუძლია შეეწყოს გუნდის ლიდერ ფერნანდო ალონსოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას მხარს უჭერს თავად ფერნანდო", - დაწერა ორიკიომ ბრაზილიურ პრესაში.

* * *
გერმანული გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, ჩემპიონატის ლიდერ "რედ ბულს" საიდუმლო გეგმა აქვს - როგორ უნდა იზეიმოს სინგაპურის გრანპრის შემდეგ სებასტიან ფეტელის რიგით მეორე ჩემპიონობა. არადა, თავად საჯინიბოს ხელმძღვანელობა და გერმანელი პილოტი აცხადებენ, რომ არ გეგმავენ არანაირ ზეიმს ვადაზე ადრე გაჩემპიონების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ფეტელს აქვს შანსი სინგაპურში ნაადრევად მოიპოვოს ზედიზედ მეორე ტიტული. როგორც "ბილდი" წერს, "რედ ბულმა" გუნდის თითოეული წევრისთვის მოამზადა 80 კეპი წარწერით - "2001 წლის ჩემპიონი".

* * *
ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარს სერიოზული ცვლილებები შეეხება. ასე მაგალითად, საკუთარი ეტაპები შეიძლება მიიღონ საბერძნეთმა, სამხრეთ აფრიკამ და მექსიკამ.

"ამჟამად სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში მივემგზავრები, - ამბობს ექლსტოუნი. - ორივე ქვეყანა ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში მოხვდეს. საბერძნეთსაც სერიოზული მიზნები აქვს. მათ გერმანია ასესხებს ფულს რბოლის ჩასატარებლად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული