ახლა კი ეს თემა განავრცო ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯო სავარმა: ის მიიჩნევს, რომ ინფორმაცია კიმის გროუვში კერძო ვიზიტის შესახებ ნდობას არ იმსახურებს. გუნდი მომავალი სეზონისთვის პილოტების ძიებაშია და ახლა სწორედ შესაბამისი დროა მოლაპარაკებებისთვის. რაიკონენი არ ყოფილა ამ დღეებში "უილიამსის" ერთადერთი სტუმარი: გუნდის ბაზაზე შენიშნეს გერმანელი ადრიან სუტილი.
ასევე ამბობენ, რომ მას მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება არ აქვს "უილიამსის" ხელმძღვანელობასთან. პასტორ მალდონადო, სავარაუდოდ, გააგრძელებს მომავალ სეზონში ბრიტანულ საჯინიბოში გამოსვლას, რადგან გუნდს ძალიან სჭირდება მრავალმილიონიანი სპონსორული მხარდაჭერა, რომელსაც ვენესუელელი პილოტისთვის სანავთობო კომპანია PDVSA უზრუნველყოფს.
ადრიან სუტილი - სწრაფი პილოტია, მაგრამ მისი შედეგები სტაბილურობით არ გამოირჩევა. სავარის აზრით, გერმანელი, ისევე როგორც სეზონის დებიუტანტი მალდონადო, მაინც და მაინც ღრმად ვერ ერკვევა ტექნიკურ საკითხებში, რაც მანქანის დახვეწაზე უარყოფითად მოქმედებს. მეორეს მხრივ, სუტილმა შეიძლება გუნდში სოლიდური სპონსორი მიიყვანოს - კომპანია Medion, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ადრიანს.
საინტერესო მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ეს გერმანული ფირმა შეიძინა ჩინურმა ელექტროგიგანტმა Lenovo-მ, სადაც მუშაობს ჯანფრანკო ლანჩი, რომელიც კომპანია Acer-ს ხელმძღვანელობდა, თანაც იმ დროს, როცა ის ფორმულა 1-ის ისეთ გუნდებს ედგა გვერდით, როგორებიც იყვნენ "პროსტი" და "ფერარი". გამორიცხული არ არის, რომ ლანჩის მისვლის შემდეგ Medion-ის ინტერესი ფორმულა 1-ის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს.
რა თქმა უნდა, კიმი რაიკონენი უფრო ძლიერი პილოტია, ვიდრე სუტილი, მაგრამ მას მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადონ და ისიც ჯერ არ არის ფაქტი, რომ მოიძებნებიან სპონსორები, რომლებიც უზრუნველყოფენ "უილიამსში" კიმის კონტრაქტს.
ასეა თუ ისე, გუნდს, რომელიც რესტრუქტურიზაციის პერიოდშია, ძლიერი პილოტები სჭირდება. მისი ტექნიკური დეპარტამენტის შემადგენლობა შესამჩნევად შეიცვალა. სემ მაიკლი უნდა ჩაანაცვლოს მაიკ კოფლენმა - "მაკლარენის" ყოფილმა მთავარმა კონსტრუქტორმა.
აეროდინამიკის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი გახდა გამოცდილი ჯეისონ სომერვილი, ახალი მთავარი ინჟინერი - მარკ გილანი და ბოლოს, შემდეგი სეზონიდან "უილიამსის" მანქანებზე "რენოს" ძრავებს დააყენებენ. გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატების მიღევა, რადგან ეს პირდაპირ არის დამოკიდებული მის მომავალ კეთილდღეობაზე.
კიმი რაიკონენი ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არ დარჩენილა. ორი სეზონი მან რალის მსოფლიოს ჩემპიონატში გაატარა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. მანვე ცოტა ხნის წინ ძალები მოსინჯა ნასკარ-ის სერიაში, თუმცა გაურკვეველია, ეს იდეა ჰპოვებს თუ არა გაგრძელებას.
თეორიულად, თუ "უილიამსის" ხელმძღვანელობა შეძლებს რაიკონენთან მოლაპარაკებას, ეს საინტერესო სვლა იქნება, მაგრამ სანამ ფინელი არ დაჯდება საჭესთან პირველ ტესტებზე, ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ის გამოადგება ბრიტანულ საჯინიბოს და "უილიამსის" ძველი დიდების აღორძინებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მან გამოტოვა ორი სეზონი, ხოლო ფორმულა 1-ში დაბრუნება ყოველთვის სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
თუმცა ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში კიმის თანამემამულემ, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა მიკა სალომ დამაჯერებლად განაცხადა: "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არ აპირებს ფორმულა 1-ში დაბრუნებას და სხვადასხვა სერიაში სურს ძალების მოსინჯვა. ასე რომ, საკმაოდ კმაყოფილია ცხოვრებით. ვფიქრობ, 2012 წელს ის რალიში გააგრძელებს გამოსვლას, მით უმეტეს, რომ თანდათან პროგრესირებს ამ სერიაში. სავარაუდოდ, ის არც ნასკარ-ში გადავა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"