კუბიცას ბედი გადაწყვეტილია?

AutoSharing Option
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "ლოტუს-რენო" აპირებს რაც შეიძლება სწრაფად დაადგინოს მომავალი სეზონისთვის საპრიზო პილოტების შემადგენლობა. ავტორიტეტული გერმანული ჟურნალი "Auto Motor und Sport" ცდილობს გააანალიზოს, რა დგას ასეთი აჩქარების უკან.

გუნდის ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ ამასწინ განაცხადა, რომ დაახლოებით ოქტომბრის შუაში დაასახელებს მომავალი ჩემპიონატის შემადგენლობას - სწორედ იმ პერიოდისთვის აპირებს მძიმე ტრავმების შემდეგ გამოჯანმრთელებული პოლონელი რობერტ კუბიცა სარბოლო სტიმულატორის საჭესთან დაჯდომას.

"ლოტუს-რენო" ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის გუნდებს შორის, რომელსაც მეტად მომხიბვლელი ვაკანსია გააჩნია მომავალი სეზონისთვის. ამ გუნდში მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ რუს
ვიტალი პეტროვს გააჩნია, მეორე პილოტის ადგილზე კი რეალურად პრეტენზიას მინიმუმ ორი მრბოლელი - ბრუნო სენა და რომან გროსჟანი აცხადებს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოქტომბრის შუაში რობერტ კუბიცა საბოლოოდ ვერ იტყვის მზად იქნება თუ არა ის 2012 წლის ჩემპიონატისთვის. რადგან გუნდმა გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა უკვე დაასახელა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "ლოტუს რენომ" უარი თქვა პოლონელის კანდიდატურაზე?" - სვამს კითხვას "Auto Motor und Sport".

თეორიულად, ამ ვაკანსიით შეიძლება კიდევ რამდენიმე პილოტი დაინტერესდეს: მაგალითად, ვინმე "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამიდან, ვისაც გარანტირებული არ აქვს ადგილი "ტორო როსოში", აგრეთვე გერმანელები ადრიან სუტილი და ნიკო ჰიულკენბერგი...

გარდა ამისა, "უილიამსში" უნდა გადაწყვიტონ,2012 წელს ვინ გახდება ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მეწყვილე, რადგან არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კონტრაქტის გარეშე დარჩეს ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო.

ყველა პილოტი, რომელიც 2012 წლის ჩემპიონატისთვის აპირებს სტარტზე გასვლას, სწორედ "უილიამსთან" ან "ლოტუს-რენოსთან" და არა "ვირჯინთან" ან HRT-სთან შეეცდება მოლაპარაკებას.

კუბიცა შეიძლება იყოს დაინტერესებული "უილიამსთან" თანამშრომლობით, მაგრამ პოლონელს სპონსორები არ ჰყავს, რომლებიც შეძლებდნენ ბრიტანული საჯინიბოს ბიუჯეტის შევსებას. გარდა ამისა, "უილიამსის" სახელს უკავშირებენ ადრიან სუტილის კანდიდატურას, რადგან მას გერმანული კომპანია Medion-ის სახით პერსონალური სპონსორი ჰყავს.

ჭორების მიხედვით, ადრიანი ცოტა ხნის წინ გროუვში გუნდის ბაზას ესტუმრა, მაგრამ "უილიამსის" წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ ინფორმაციის კომენტარზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული