კვირას ფორმულა განათდება

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე ფორმულა 1-ის პილოტები წლევანდელი სეზონის ბოლო მესამედ ნაწილს გახსნიან - "მარინა-ბეის" ქუჩის ტრასაზე სინგაპურის გრანპრი გაიმართება, ერთადერთი ეტაპი, რომელიც ხელოვნული განათების ქვეშ მიმდინარეობს.

ამ რბოლის ისტორია 2007 წლის ბოლოდან იწყება, როცა ბერნი ექლსტოუნმა და სინგაპურის ტურიზმის საბჭომ ხუთწლიანი გააფორმეს ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებაზე. სწორედ მაშინ გამოცხადდა, რომ რბოლა ღამით გაიმართებოდა და ტრასას ხელოვნურად გაანათებდნენ.

ბერნისა და ორგანიზატორების ჩანაფიქრმა გაამართლა - მაყურებელი უნიკალური სანახაობის მოწმე გახდა, გარდა ამისა, ევროპულმა ტელეადუტორიამ რბოლა ჩვეულებრივ დროს იხილა.

სინგაპურის რბოლა ერთ
-ერთი ყველაზე ხანგრძლივიაა - ყველაზე "სწრაფი" გამარჯვება აქ ლუის ჰემილტონს ჰქონდა 2009 წელს, როცა ბრიტანელმა ფინიშს საათსა და 56 წუთში მიაღწია. მაღალი ტემპერატურა, კიდევ უფრო მაღალი ტენიანობა და ტრასა, რომელიც მუდმივ კონცენტრაციას ითხოვს თითქმის ორი საათის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე დამქანცველი გამოცდაა პილოტებისთვის.

სინგაპურის რბოლის ტრადიციული ატრიბუტი გახდა უსაფრთხოების მანქანა, რომელსაც ბევრჯერ შეუწყვეტია რბოლის მსვლელობა. ამ გრანპრიზე სტრატეგიის დაგეგმვისას საჯინიბოები ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ, რადგან პეისკარის გამოსვლის შემთხვევაში სწრაფად და სწორად რეაგირებამ, შესაძლოა, პილოტს პოდიუმი ან საერთოდ გამარჯვება მოუტანოს.

თუ ლიდერებზე ვილაპარკებთ, ტრადიციულად მთავარ ფავორიტად სებასტიან ფეტელსა და "რედ ბულს" ასახელებენ. მაგრამ წელს ავსტრიელებს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდებათ "ფერარისგან".

მარანელოს მანქანა ტრადიციულად საკმაოდ ძლიერია ნელი დამახრუჭების დროს, გარდა ამისა, "რედ ბულზე" ეკონომიურია საბურავების გამოყენებისას, რაც "ფერარის" მომავალ რბოლაში ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფერნანდო ალონსოს ეს ეტაპი ორჯერ აქვს მოგებული - ერთი წლის წინ ესპანელმა სტარტიდან ფინიშამდე არავის დაუთმო ლიდერობა და კარიერაში 25-ე რბოლა მოიგო.

თუმცა "რედ ბულისა" და "ფერარის" ბრძოლაში ჩარევა შეუძლიათ "მაკლარენის" პილოტებს. ლუის ჰემილტონი ტრადიციულად ძლიერად გამოდის სინგაპურში - 2008 წელს ბრიტანელმა პოდიუმზე დაასრულა რბოლა, 2009 წელს კი გამარჯვება მოიპოვა. სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია ჯენსონ ბატონსაც, რომელმაც წელს მესამე და პირველი ადგილები დაიკავა სინგაპურთან ნაწილობრივ მიმსგავსებულ მონაკოსა და უნგრეთის ტრასებზე.

მომავალ რბოლას კიდევ ერთი ფაქტორი ანიჭებს მომხიბვლელობას - პირველად ისტორიაში სინგაპურის გრანპრი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ეტაპი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. თუ სებასტიან ფეტელი ალონსოს 13 ქულას მოუგებს, ბატონსა და უებერზე რვა ქულით მეტს დააგროვებს, ხოლო ჰემილტონთან ერთზე მეტს არ წააგებს, მაშინ ადგილობრივი დროით 21 საათზე "რედ ბული" და ფეტელი ზედიზედ მეორე ჩემპიონობას იზეიმებენ.

* * *

საინტერესოა ერთი მომენტი - ზედიზედ მეორე წელია სინგაპურის გრანპრის წინ პრესა ავრცელებს ინფორმაციას ეტაპის გაუქმების შესახებ. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ მეზობელ ქვეყნებში ტყის ხანძრებს, რაც რბოლის დროს ხილვადობის პრობლემას წარმოქმნის.

გრანპრის ორგანიზატორები საკმაოდ შეშფოთებულნი არიან მსგავსი ინფორმაციებით - ეტაპის გაუქმების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჭორებმა შეიძლება ააღელვოს ტურისტები და ამან ნეგატიურად იმოქმედოს დასწრებაზე. საზოგადოების დაასაწყნარებლად გუშინ ორგანიზატორებმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს - ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ნორმას არ აღემატება ეტაპი დაგეგმილი განრიგით გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რტეკი მართლა დამღლელია
avtuko
19:57 23-09-2011
0

სიახლეები პოპულარული