ტიტულამდე ერთი ქულა დარჩა

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო, მაგრამ ჯერ ვერ გაინაღდა კარიერაში მეორე ტიტული.

შაბათს, კვალიფიკაციაში "რედ ბულის" მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ გუშინდელი სტარტის მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდნენ თუ არა ბოლოს და ბოლოს ფეტელი და მარკ უებერი ("რედ ბული") ეტაპის პირველი მეტრების შემდეგ სასტარტო პოზიციების შენარჩუნებას.

ბოლომდე არც ამჯერად გამოვიდა: ორივე "რედ ბულმა" მოკრძალებული სტარტი აიღო. ფეტელი ტრასის "სუფთა" მხარის გამო მაინც ლიდერად დარჩა, უებერმა კი მოახერხა ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") დაბლოკვა (ბრიტანელი მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა), მაგრამ ამასობაში
ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი") და ფერნანდო ალონსო ("ფერარი") გაუშვა წინ. შემდეგ მოდიოდნენ ფელიპე მასა ("ფერარი") და "მერსედესის" პილოტები - ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ მოსახვევი მოეჭრათ.

სინგაპურის გრანპრის პირველივე წრეებიდან ეჭვი გაჩნდა, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა ფაქტობრივად არ შედგებოდა: ფეტელმა მომენტალურად გაიწყო სხვაობის გაზრდა ბატონთან, თავად ჯენსონი კი კომფორტულ ჰანდიკაპს ქმნიდა ალონსოსთან ბრძოლაში. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის გასწრებას დიდი ხანი ვერ ახერხებდა უებერი, რომლის მანქანაზე არ მუშაობდა უკანა მოძრავი ანტიფრთის სისტემა.

თუმცა DRS-თან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ავსტრალიელმა პირველი პიტსტოპის წინ მაინც მოახერხა ალონსოს გასწრება. თუმცა ბოქსებში ნაადრევი გაჩერების წყალობით, "ფერარის" პილოტი ბოლოს მაინც წინ აღმოჩნდა.

სტარტის ჩაგდების შემდეგ ტრადიციულად აქტიური რბოლა ჩაატარა ჰემილტონმა. ბრიტანელმა მალე დაანახა ყველას, რომ სინგაპურში გასწრება შესაძლებელია - ლუისმა "მერსედესის" ორივე პილოტი ჩამოიტოვა უკან.

პირველი პიტსტოპის შემდეგ ბრიტანელი ფელიპე მასასთან ბრძოლაში ჩაება, მაგრამ აქ ყველაფერი მშვიდობიანად არ დასრულდა: ბრაზილიელმა შიდა რადიუსი დაიკავა და შეინარჩუნა პოზიცია, ლუისმა კი დაამახრუჭა და წინა ანტიფრთით "ფერარის" უკანა საბურავს შეასკდა.

ბრაზილიელის საბურავი დაზიანდა, "მაკლარენის" პილოტს კი ორჯერ მოუწია პიტ-ლეინზე შესვლა - თავიდან დაზიანებული ანტიფრთის შესაცვლელად, შემდეგ კი ავარიის მოწყობისთვის გამოწერილი ჯარიმის მოსახდელად.

საბოლოოდ, ორივენი ტოპ-ათეულის მიღმა აღმოჩდნენ, მაგრამ ფარხმალი არ დაუყრიათ - სინგაპურში "ფერარისა" და "მაკლარენის" სიჩქარე გაცილებით მაღალი იყო საშუალო გუნდების ტემპზე. სხვათა შორის ბოქსებში ვიზიტების შემდეგ ჰემილტონი და მასა ისევ გვერდიგვერდ აღმოჩდნენ და ამჯერად ბრიტანელმა დამაჯერებლად აუარა გვერდი ბრაზილიელს, თუმცა მასას შეცდომაც დაეხმარა.

"მე მგონი, ლუისი საერთოდ მოქმედებს გონებით - კვალიფიკაციის დროსაც კი. ის ისევ გახდა დიდი ავარიის მიზეზი. და ამის გამო ისჯება კიდეც. მას კი ეს არ ესმის. ასეთი რამ მიმდინარე სეზონში ხშირად მომხდარა. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა შეისწვალოს მისი ქცევა და თითოეული ასეთი ინციდენტისთვის დასაჯოს. მე მას ველაპარკე, მაგრამ არ ისურვა მოსმენა. იქნებ მამამისმა მოუხერხოს რამე", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ინციდენტს მასამ.

* * *
პილოტების ტაქტიკა განსხვავებული იყო. ამის გამო პიტ-სტოპების ფანჯარა საკმაოდ "ფართო" აღმოჩნდა და შედეგად, რაღაც მომენტში მესამე ადგილზე პოლ დი რესტა ("ფორს ინდია") გავიდა - ხისტი საბურავებით შოტლანდიელმა საკმაოდ გრძელი პირველი მონაკვეთი გაიარა და გარკვეული პერიოდი ალონსოს ებრძოდა. ასევე ათეულში იყვნენ ადრიან სუტილი ("ფორს ინდია"), სერხიო პერესი ("ზაუბერი") და ორი "მერსედესი". მეათე ადგილისთვის იბრძოდნენ "უილიამსები" და მათთან მიახლოებული ჰემილტონი.

როსბერგი და შუმახერი პირველები შევიდნენ მეორე პიტ-სტოპზე. "მერსედესის" პილოტებმა სწრაფი წამების ჩვენება დაიწყეს და მეტოქეებს მოუახლოვდნენ.

28-ე წრის ბოლოს ნიკო როსბერგმა სერხიო პერესს გაუსწრო და უცებ ბოლო მოსახვევში მკვეთრად დაკარგა ტემპი, მექსიკელი წინ გაუშვა, შემდეგ კი ისევ შეუტია, თანაც ტრასიდან გადააგდო "ზაუბერის" პილოტი. იქვე სერხიოზე შეტევა მიიტანა შუმახერმა.

პირველმა მანევრმა გერმანელს წარმატება არ მოუტანა, შემდეგ, მორიგი მოსახვევიდან გამოსვლისას, პერესმა არ გაატარა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელმაც ტემპი არ დააგდო და "ზაუბერს" შეეჯახა, რითაც კარგა ხანი "იფრინა" [იხილეთ ვიდეო]... საბედნიეროდ, მიხაელი ტრავმებს გადაურჩა, ტრასაზე კი, როგორც ეს სინგაპურის რბოლისთვის არის დამახასიათებელი, უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რაც, პირველ რიგში, ლუის ჰემილტონს აძლევდა ხელს.

"მე და სერხიო პერესმა ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ის შიდა რადიუსზე გადასვლას აპირებდა და სიჩქარე დააგდო, მე კი ამას არ ველოდი და შევეჯახე. ეს ერთ-ერთი ისეთი ავარიაა, რომელიც გვერდიდან სერიოზულად მოჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. მე წესრიგში ვარ, რადგან ბარიერზე შეჯახება ძლიერი არ ყოფილა", - განაცხადა რბოლის შემდეგ შუმახერმა.

* * *
უსაფრთხოების მანქანა საკმაოდ დიდხანს აგროვებდა ფეტელის უკან პელოტონს - ძალიან დიდი იყო ლიდერთან ჩამორჩენა. საბოლოოდ გაირკვა, რომ სებასტიანს წრეზე 13 პილოტი ჩამორჩა.

პეისკარის გამო შემცირებულმა სხვაობამ მეორე ადგილზე მყოფ ბატონს ვერ დაეხმარა: სანამ ჯენსონი წრეზე ჩამორჩენილებს უსწრებდა, ფეტელმა უკვე 10-წამიანი უპირატესობა გაიფორმა.

ამასობაში, ფერნანდო ალონსო ხაიმე ალგერსუარის ("ტორო როსო") უკან წვალობდა, მარკ უებერმა ესპანელს გაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. შემდეგ მოდიოდნენ დი რესტა, როსბერგი, სუტილი, ჰემილტონი, პერესი (მისი ბოლიდი მაინც მწყობრში იყო, შუმახერთან ავარიის მიუხედავად) და მასა. "უილიამსებმა" კი უცნაურად გაწელილი პიტ-სტოპების გამო ათეულის მიღმა გადაინაცვლეს.

ჰემილტონს, რომელმაც თითქოს დაკარგა წარმატების ყველანაირი შანსი მასასთან ავარიის შემდეგ, აშკარად მეორე სუნთქვა გაეხსნა. ბრიტანელი აქტიურად იგებდა პოზიციებს. სულ მცირე პერიოდში "მაკლარენის" პილოტმა უკან ჩამოიტოვა სუტილი, როსბერგი და დი რესტა და მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. მის წინ 14-წამიანი უპირატესობით მიდიოდა ალონსო.

აქ კი ახალი ინტრიგა წარმოიშვა - ლუისი რადიოთი გააფრთხილეს, რომ საბურავების მიმდინარე კომპლექტს, შესაძლოა, ფინაშამდე ვერ გაეძლო. იგივე უთხრეს ფეტელსაც. მაგრამ საბოლოოდ, ბოქსებში აბსოლუტურად ყველა ლიდერი შევიდა, ამიტომაც სტატუს-ქვო შენარჩუნდა.

ამასთან, ფეტელი სწორად მოიქცა, როცა ბატონის პიტ-სტოპზე შესვლას დაელოდა და შემდეგ გამოცვალა საბურავები. ლიდერთა ოთხეულმა შეინარჩუნა პოზიციები, ჰემილტონს კი ისევ მეათე ადგილიდან ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. ახალი საბურავებით წინსვლის პრობლემა არ ყოფილა - პერესი, სუტილი, როსბერგი და დი რესტა ოპერატულიულად აღმოჩდნენ მდევრის როლში.

ბოლო წრეებზე ბატონმა დაიწყო ფეტელის დაწევა, მაგრამ გერმანელის უპირატესობა დიდი იყო და გამარჯვებისთვის ბრძოლა წესით არ უნდა შემდგარიყო. ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ წრეზე ჩამორჩენილებმა შეაფერხეს ფეტელი. სებასტიანმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ცვლილებები არ მომხდარა პირველ რვა პილოტს შორის, მასამ კი ბოლო წრის დასაწყისში გაუსწრო პერესს მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში.

გუშინდელმა გამარჯვებამ ფეტელს ტიტული არ მოუტანა - ბატონმა "დააღალატა", რომელიც ლიდერს 124 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოსაგებად სებასტიანს დარჩენილ ხუთ რბოლაში ერთი ქულის მოპოვება სჭირდება...

"ვგრძნობ, რომ შემიძლია დარჩენილ რბოლებში ერთი ქულის მოპოვება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობდა წინა რბოლები, ამის პრობლემა არ უნდა წარმოიშვას, მაგრამ ჯერ დამთავრებული არაფერია და ეს ქულა მოსაპოვებელია.გუნდი ფრიადზე მუშაობს. მე აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. საუკეთესო ფორმაში ვართ.

წარმატების არანაირი საიდუმლო არ არსებობს, უბრალოდ ჩვენთან ყველას შეუძლია თანაგუნდელის იმედი ჰქონდეს. ერთად მივდივართ სწორი მიმართულებით", - განაცხადა ფეტელმა.

მოკლედ, ტიტულის საკითხი "სუზუკის" რბოლამდე გადაიდო, ასე რომ, იაპონიას უნდა დაველოდოთ...

სინგაპურის გრან-პრი. XIV ეტაპი
მარინა-ბეი (61 წრე, 309.316 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:59.06,757
2(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1,737
3(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +29,279
4(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +55,449
5(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.07,766
6(10). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.51,067
7(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
8(9). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
9(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 1 წრე
10(11). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
11(13). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე
12(14). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
13(12). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
14(17). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 2 წრე
15(15). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 2 წრე
16(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
17(18). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 2 წრე
18(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე
19(23). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 4 წრე
20(24). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 4 წრე
21(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 5 წრე
22(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 10 წრე
23(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 32 წრე
24(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 50 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 491 ქულა; 2. მაკლარენი - 353; 3. ფერარი - 268; 4. მერსედესი - 114; 5. ლოტუს-რენო - 70; 6. ფორს ინდია - 48; 7. ზაუბერი - 36; 8. ტორო როსო - 29; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული