უსაფრთხოების მანქანამაც დიდად ვერ შეცვალა ეტაპის მსვლელობა (მხოლოდ ლუის ჰემილტონს მისცა ღირსეული პოზიციის დაკავების შანსი). "ფერარის" პილოტებმა კი აშკარად თავიანთ შესაძლებლობებზე უარესად იასპარეზეს, თუმცა თითოეულს შეეძლო თავის მართლება: ფელიპე მასა ჰემილტონთან შეჯახებას მოიმიზეზებდა, ფერნანდო ალონსო - ტრასის კონფიგურაციას, რომელიც საბურავის სათანადოდ გახურების საშუალებას არ იძლევა.
მთავარი გმირი
სებასტიან ფეტელს სულ
რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ის, შესაძლოა, კარიერის დაწყების მომენტიდან საუკეთესო ფორმაში იმყოფება. ბატონი 2009 წლის საჩემპიონო სეზონშიც არ ყოფილა ასეთი ეფექტური და ექსპერტები მასზე ამბობდნენ - პრაგმატური პილოტია, მაგრამ არასაკმარისად სწრაფიო. თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნება: როცა ტიტულისთვის იბრძვი, აზრი აქვს რისკისთვის თავის არიდებას. მაგრამ, როცა ტიტული მიუღწეველი ხდება, შეიძლება მოდუნდე და საკუთარი სიამოვნებისთვის ირბოლო. ბატონს ეს კარგად გამოსდის.
ამასთან, ჯენსონი სარბოლო რეჟიმში არც საკუთარ თავს აგდებს საფრთხეში და არც კონკურენტების ჯანმრთელობას ემუქრება. რთული გასახსენებელია, ოდესმე დაუწუწუნიათ თუ არა მეტოქეებს ტრასაზე მისი სახიფათო მანევრის გამო.
ანტიგმირი
ბატონის შესანიშნავი გამოსვლის ფონზე, ეტაპის ანტიგმირი მის თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი გამოდის. რთული სათქმელია რა დაემართა ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო დებიუტანს. შესაძლოა, წარუმატებელმა სტარტმა იმოქმედა ან მასაზე შეტევისას დაშვებულმა შეცდომამ... ლუისმა ისევ შეასრულა უამრავი გასწრება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობდა სულ არ ეაქტიურა.
რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა სეზონის შუაში იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ წაგებულია. მაგრამ ეს არ აძლევს პილოტს მორალურ უფლებას საკუთარ იღბალზე იწუწუნოს - მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. მიხაელ შუმახერს "ფერარიში" ოთხი წარუმატებელი წელი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, მოთმინებისა და შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო. რბოლები - ეს არ არის ტრასაზე შაბათს ერთი და კვირას გატარებული ორი საათი, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავი და მუდმივი შრომა ბოლიდსა და საკუთარ თავზე. თუ ჰემილტონი ამას ვერ ხვდება, მაშინ ძალიან გაუჭირდება.
ტაქტიკა
პირველი სამეულის წევრებმა ერთნაირი ტაქტიკა აირჩიეს: რბოლის საწყის და ბოლო მონაკვეთზე "სუპერსოფტის" საბურავები გამოიყენეს, ეტაპის შუაში - "სოფტი". ფერნანდო ალონსოს არ აღმოაჩნდა ნორმალურ მდგომარეობაში დამატებითი ზერბილი საბურავი, ამიტომაც მესამე პიტსტოპის შემდეგ "სოფტით" გააგრძელა მოძრაობა და მარკ უებერის ტემპსაც კი ვერ აყვა.
გასწრება
"მარინა-ბეი" გასწრებისთვის მოუხერხებელი ტრასაა - მოძრავი უკანა ანტიფრთის გარეშე კი წინ მიმავალი ბოლიდის უკან ჩამოტოვება ძალიან რთულია. ამ რბოლაში შეიძლებოდა ყველაზე ლამაზი გასწრება გვეხილა, მაგრამ არ გამოვიდა: მიხაელ შუმახერი ძალიან ახლოს მივიდა სერხიო პერესთან და რამდენიმე წამში მარკ უებერის შარშანდელი ნახტომი გაიმეორა.
პერსპექტივა
სებასტიან ფეტელს საჩემპიონო ბრძოლაში ერთადერთი კონკურენტი დარჩა - ჯენსონ ბატონი. ბრიტანელი ტიტულს მოიგებს იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ ხუთივე ეტაპზე გაიმარჯვებს, ფეტელი კი ვერცერთხელ ვერ შევა ქულათა ზონაში. ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდანაა. რაც შეეხება ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, აქ ჯერ არაფერია გარკვეული. ბუკმეიკერთა აზრით, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში პილოტთა შანსები ასე გამოიყურება: ბატონი - 31.5%, ალონსო - 27.8%, უებერი - 22.6%, ჰემილტონი - 18.1%. რამდენიმე გრანპრის წინ ამ ოთხეულს საპირისპირო მიმდევრობა ჰქონდა.
P. S. რადგან ბუკმეიკერები ვახსენეთ, აქვე განაცნობთ მათ მიერ დასახულ საორიენტაციო სურათს 2012 წლის სეზონისთვის: ფეტელი - 46.3%, ალონსო - 20.6%, ჰემილტონი - 15.4%, ბატონი - 9.3%, უებერი - 8.4%.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"