ფეტელის შემოსავლები იზრდება

AutoSharing Option
მართალია, სებასტიან ფეტელი წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი ავტომრბოლია, მიუხედავად ამისა, ყველაზე მაღალანაზღაურებად პილოტთა სიაში ამ მომენტისთვის მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

გერმანელი ჩამორჩება უფრო გამოცდილ კოლეგებს - მიხაელ შუმახერსა და ფერნანდო ალონსოს. ამ სეზონში “რედ ბულის” პილოტის წლიური ხელფასი 16 მილიონ ევროს შეადგენს, იმ დროს, როცა “ფერარის” ესპანელი წევრის ჯამაგირი 25 მილიონი ევროა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისა - 21 მილიონი.

თუმცა გერმანული გაზეთი “ბილდი” იუწყება, რომ ფეტელი ძალიან სწრაფად ეწევა კონკურენტებს. ყოველი გრანპრის მოგებასთან ერთად იზრდება გერმანელის შემოსავალი. ჩემპიონატის მოგებისთვის ფეტელი 6
მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე დამატებით 2 მილიონს, თუ მომდევნო სეზონშიც გაიფორმებს ჩემპიონობას. სებასტიანს აგრეთვე ერგება 500 ათასი ევრო თითოეული გრანპრის მოგებისთვის. მას უკვე ცხრა გამარჯვება აქვს წელს, რაც დამატებით 4.5 მილიონ ევროს ნიშნავს. ნებისმიერი პოდიუმისთვის კი ფეტელი დამატებით 250 ათას ევროს იღებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ნიკი ლაუდას მიაჩნია, რომ ასეთი წარმატება თავგზას ვერ აურევს გერმანელს.

“სხვებისგან განსხვავებით, ფეტელი - ჩამოყალიბებული პიროვნებაა: რესპექტაბელური, პატიოსანი, ნორმალური. მაღალი ჰონორარები მის პიროვნებას არ შეცვლის”, - ამბობს ავსტრიელი ლეგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული