არგენტინა რეალურია

AutoSharing Option
ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ის ეტაპი, შესაძლოა, არგენტინაში დაბრუნდეს.

ბრაზილიასა და არგენტინაში რბოლების ერთმანეთის მიყოლებით გამართვა - მრავალწლიანი ტრადიციაა და დღეს ეს პროექტი, შესაძლოა, ფინანსურად მომგებიანი იყოს, თუმცა 1998 წლიდან მოყოლებული, არგენტინული რბოლის პრომოუტერებმა უარი თქვეს ქვეყნის გრანპრის ჩატარებაზე - მაშინ ერთ-ერთი პრობლემა კორუფციას უკავშირდებოდა.

არგენტინაში რბოლის დაბრუნების მცდელობას კურირებს ბიზნესმენი ედი ფრიდლმანი, რომელსაც ეკუთვნის ავტოსპორტის მრავალფუნქციური კომპლექსი - Velociudad.

მომავალი ტრასის სიგრძე იქნება 5.3 კილომეტრი და მას პილოტები დაახლოებით 90 წამში გაივლიან საშუალო სიჩქარით -
საათში 273 კილომეტრი.

ავტოდრომის გარდა, რომელიც დაახლოებით 50 ათას მაყურებელს დაიტევს, Velociudad შეიცავს ფეშენებელურ სასტუმროს, კონფერენციების ჩასატარებელ კომპლექსს, სარბოლო აკადემიასა და ინჟინრების სკოლას. აგრეთვე ინფრასტრუქტურას ტესტების ჩასატარებლად.

პროექტის რეალიზაციისთვის მიწვეულია ბრიტანეთის არქიტექტურული ბიურო - Populous, რომელიც მონაწილეობდა დუბაის ავტოდრომის შემქნაში.

კომპლექსი ბუენოს აირესიდან 80 კილომეტრით იქნება დაშორებული და მისი მშენებლობა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ფრიდმანის თქმით, პროექტი დაფინანსდება კერძო ინვესტორების მიერ და ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ტრასა 2013 წლისთვის მზად იქნება.

მაგრამ ედი ფრიდმანსა და მის ინვერსტორებს არ აქვთ საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ ფორმულა 1-ის რბოლის ჩასატარებლად საჭირო თანხა შეიტანონ. ამიტომაც, არგენტინის გრანპრის ბედი დამოკიდებული იქნება ქვეყნის მთავრობის პოზიციაზე, რომელიც აპირებს კურსი აიღოს სპორტის ტექნიკური სახეობების განვითარებაზე. ამ დღეებში არგენტინის მთავრობამ მოტოგრანპრის ეტაპის გამართვაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. რბოლა ტერმას დე რიო ხონდოს ავტოდრომზე გაიმართება.

გარდა ამისა, არგენტინაში ავტოსპორტის პოპულარობას ხელს ეწყობს ლეგენდარული რალი-რეიდი "დაკარი", რომელიც 2012 წლის იანვარს მეოთხედ აიღებს სტარტს ბუენოს აირესიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული