იაპონიამ ჩემპიონი ნახა

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული"), რომელსაც ტიტულის მოსაპოვებლად სუზუკას ტრასაზე ერთი ქულა სჭირდებოდა, გეგმა გადაჭარბებით შეასრულა - პოდიუმზე ავიდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა.

კვალიფიკაციისას ტრადიციული სურათი მივიღეთ - ფეტელმა ისევ მოიგო პოული. თუმცა სტარტის წინ ყველას აინტერესებდა - გარისკავდა თუ არა სებასტიანი თავიდანვე ბრძოლაში ჩაბმას თუ პრაგმატულად მოიქცეოდა და ჩემპიონობის გასანაღდებელ ქულაზე იზრუნებდა. გერმანელმა შეინარჩუნა პირველი ადგილი, თუმცა ეს ოდნავ არაკორექტულად გააკეთა - სება დიაგონალზე წავიდა და უბრალოდ გზა გადაუღობა ჯენსონ ბატონს
("მაკლარენი"), რომელსაც ავარიის თავიდან ასაცილებლად ბალახზე გადასვლაც კი მოუწია. ჯენსონს თანაგუნდელმა ლუის ჰემილტონმა გაასწრო. ბატონმა ფეტელის საქციელის გამო რადიოთი წაიწუწუნა, მაგრამ სტიურდების გული ვერ მოიგო - გერმანელს ჯარიმა არ გამოუწერეს.

პიტ-სტოპების სერია ადრე დაიწყო - 9-10 წრის შემდეგ. ფეტელი იოლად დაშორდა "მაკლარენის" დუეტს, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა თავს. თუმცა გერმანელს ოდნავ დაეხმარა საბურავებთან დაკავშირებით ჰემილტონის პრობლემები: პიტ-სტოპამდე ბოლო წრით ადრე ლუისმა მკვეთრად დაკარგა სისწრაფე და წინ გაუშვა ბატონი, შემდეგ კი ფერნანდო ალონსოს ("ფერარი") უკან აღმოჩნდა.

ახალი საბურავებით ბატონი ფეტელზე სწრაფად ამოძრავდა და შეამცირა სხვაობა "რედ ბულთან". ამან ის გამოწვია, რომ მეორე პიტ-სტოპის შემდეგ ჯენსონმა მაინც მოახერხა ლიდერობა ჩაეგდო ხელთ - ბოქსებიდან გამოსვლისას ფეტელის წინ აღმოჩნდა. მესამე იყო ალონსო, მარკ უებერმა ("რედ ბული") კი სწრაფი წრეების სერიით შეძლო ჰემილტონისა და ფელიპე მასას ("ფერარი") დუეტის გასწრება.

ამ წყვილმა, რომელმაც ძალიან გაახალისა წინა რბოლაში სინპაგურის პუბლიკა, ისევ მიიპყრო ყურადღება. მეორე პიტ-სტოპის წინ მასა ჰემილტონზე სწრაფი ჩანდა და ბრაზილიელმა გასწრება სცადა. ლუისმა თითქოს ვერ შეამჩნია ფელიპე, მის მხარეს გადავიდა და "ფერარის" პილოტს წინა ანტიფრთა დაუზიანა, რის შემდეგაც საბურავების შესაცვლელად გაემართა. საკმაოდ საკამათო სიტუაცია იყო, მაგრამ სტიუარდებმა აქაც გადაწყვიტეს, რომ ჯარიმის დაწესება საჭირო არ იყო. საბედნიეროდ, მასას სპოილერი დიდად არ დაზიანებულა, პიტ-სტოპის შემდეგ კი ბრაზილიელმა მაინც გაუსწრო ჰემილტონს.

ამასობაში, ფეტელი შესამჩნევად ჩამორჩა ბატონს და ლიდერთაგან პირველი შევიდა ბოქსებში ბოლო პიტ-სტოპზე. ამ გადაწყვეტილებამ გერმანელის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რადგან ტრაფიკში მოხვდა და არათუ დაეწია ბატონს, არამედ ალონსოს უკან აღმოჩნდა. ფეტელი ბევრს ეცადა ესპანელის გასწრებას, მაგრამ "სუზუკაზე" ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა. ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ფეტელს რადიოთი ურჩიეს - რისკზე არ წასულიყო. ცოტა ხანში იგივე მითითება მიიღო უებერმა, რომელიც თანაგუნდელს მიუახლოვდა. "რედ ბულის" სიფრთხილე გასაგებია, თუმცა ამან რბოლის სანახაობრივი მხარე დააზარალა.

გაახარა თავისი გულშემატკივრები მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი"). მან სხვებზე გვიან გადაწყვიტა მესამე პიტ-სტოპზე შესვლა და რამდენიმე წრე ლიდერის რანგში გაიარა, რითაც ნოსტალგიური გრძნობები გაუღვივა გულშემატკივრებს. მექანიკოსებთან ვიზიტის შემდეგ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მეექვსე იყო - ის მასას წინ აღმოჩნდა, რომელმაც ხელმეორედ გაატარა ჰემილტონი. მოკლედ, მიხაელს კარგი უქმეები გამოუვიდა.

ბოლო წრეებზე მოულოდნელობა არ მომხდარა. ჯენსონმა დამაჯერებლად დაასრულა რბოლა და მაშინვე გააჩერა მანქანა - მის ბოლიდში საწვავი გათავდა. ბატონი მექანიკოსებთან გამარჯვების აღსანიშნავად გაიქცა, ფეტელმა კი საპატიო წრე გაიარა - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში!

"არ ვიცი საიდან დავიწყო... ფანტასტიკური სეზონი გამოვიდა და კარგია, რომ ის ჯერ არ დასრულებულა. გასაგებია, რომ დღევანდელი რბოლა რთულად მიმდინარეობა: რბილი საბურავებით ისეთი სწრაფი ვერ ვიყავი, როგორც ჩვენ გვინდოდა. შემდეგ დაიწყო სირთულეები და ორი ადგილი დავკარგეთ. რბოლის ბოლოს მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გასწრება რთული აღმოჩნდა და ფერნანდოს უკან ჩამოტოვება ვერ შევძელი. თუმცა წლის გასწრება მე მონცაში შევასრულე (იცინის) და მგონია, რომ ალონსო კიდევ ერთხელ არ გამიშვებდა წინ!

მაგრამ დღეს ჩვენ კარგი შედეგი ვაჩვენეთ და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ, ამიტომაც ბევრი რამის თქმა მინდა... უბრალოდ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელს გუნდს: აქ, ტრასაზე ბევრი ჩვენი თანამშრომელი მუშაობს, მაგრამ მილტონ-კინსის ბაზაზეც ჩვენი წევრები არიან, რომლებიც კვირაში შვიდი დღის განმავლობაში მუშაობენ. ამ მანქანის შესაქმნელად, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, უდიდესი ძალისხმევაა საჭირო და ჩვენ შევძელით წარმატების მიღწევა, რომელსაც წლის დასაწყისში ვგეგმავდით.

ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მინდა მადლობა გადავუხადო, მაგრამ არის ერთი პიროვნება, რომელთანაც წელს ყველაზე მეტ დროს ვატარებდი - ჩემი მწვრთნელი ტომი პიარმიაკოსკი. ის ერთადერთია, ვინც ღრუბლებში ფრენისა და კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ მომცა. კარგია იმის შეგრძნება, რომ დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, ასე ძლიერად ჩავატარეთ ჩემპიონატი. ეჭვგარეშეა, რომ ჩემს ყველა კონკურენტს შეუძლია ფორმულა 1-ის მანქანის მართვა, მაგრამ წელს სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით. ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ისეთ ადამიანებს, როგორიც ტომია. ყველას, ვინც გვეხმარებოდა მთელი ძალით მუშაობაში და სწორ გზაზე გვაყენებდა.

აქ არ არსებობს არანაირი საიდუმლო. უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარო წინ. ყველაზე რთული წელს გამარჯვება იყო, რადგან ჩვენ წინა ჩემპიონატი მოვიგეთ. მაშინაც კი, როცა იცი როგორ კეთდება ეს, არ უნდა დაივიწყო, რომ წარმატება მხოლოდ მოთმინებით მიიღწევა. მარტო ამას ვერასოდეს შევძლებდი: გუნდის, მარკ უებერის და სხვების დახმარება მჭირდებოდა", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ფეტელმა.
იაპონიის გრან-პრი. XV ეტაპი

სუზუკა (53 წრე, 307.471 კმ)
1(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:30.53,427
2(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +1,160
3(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +2,006
4(6). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +8,071
5(3). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +24,268
6(7). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +27,120
7(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +28,240
8(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +39,377
9(9). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +42,607
10(23). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +44,322
11(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +54,447
12(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.02,326
13(10). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.03,705
14(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.04,194
15(16). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +1.06,623
16(8). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) +1.12,628
17(13). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1.14,191
18(18). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) +1.27,824
19(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) +1.36,140
20(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
21(20). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე
22(22). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 2 წრე
23(24). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 3 წრე
24(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 41 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 324 (9 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 210 (3); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 202 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 194; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 178 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 90; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 63; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 60; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 28; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 20; 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 16; 15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 13; 15. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 13; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 518 ქულა; 2. მაკლარენი - 388; 3. ფერარი - 292; 4. მერსედესი - 123; 5. ლოტუს-რენო - 72; 6. ფორს ინდია - 48; 7. ზაუბერი - 40; 8. ტორო როსო - 29; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული