ახლა რეკორდების ჯერია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მთავარი ინტრიგა აღარ არსებობს - პირველობის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე ჩემპიონი ცნობილია: ეს გახლავთ "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი. თუმცა გერმანელი ავტომრბოლი აცხადებს, რომ დარჩენილ რბოლებშიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან მას და მის გუნდს რამდენიმე რეკორდის განახლება აქვს ჩაფიქრებული.

- ვფიქრობ, ხედავთ განსხვავებას შარშანდელ და წლევანდელ სეზონებს შორის. შარშან მხოლოდ ერთხელ - წლის ბოლოს ვიყავით ლიდერები და გამარჯვება მოვიპოვეთ. წელს კი სტარტიდანვე პირველ ადგილზე ვართ და ასე იქნება ბოლომდე. კარგია, რომ წლევანდელი სეზონი ჯერ არ დასრულებულა.
წინ კიდევ ოთხი რბოლაა, რომელშიც ბევრი სიახლის გაგებას ვაპირებთ. გარკვეულწილად, მოქმედების თავისუფლება მივიღეთ, რაც მომავალი სეზონისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება.

საოცარია წელს მიღწეული პროგრესი. შარშანდელთან შედარებით, სრულიად განსხვავებული გუნდი გვყავს, არადა, ტექნიკური პერსონალი არ შეცვლილა. უბრალოდ, ჩვენ ყველანი ერთი წლით გავიზარდეთ, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

ფეტელმა მთავარი ამოცანა შეასრულა - ტიტული შეინარჩუნა, ახლა კი გერმანელი ფორმულა 1-ის ლეგენდების რეკორდებს ემუქრება.
მაგალითად, თუ სებასტიანი დარჩენილ ოთხ რბოლას მოიგებს, ლეგენდარული თანამემამულის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის რეკორდს გაიმეორებს, რომელიც სეზონში 13 გამარჯვებას უდრის. ამჟამად ფეტელის ანგარიშზე 9 გრანპრი მოდის.

და კიდევ, თუ "რედ ბულის" პილოტი სამჯერ მოიპოვებს პოულს, დაამხობს ნაიჯელ მენსელის რეკორდს. 1992 წელს ბრიტანელმა პილოტმა სეზონში 14 კვალიფიკაცია მოიგო.

შემდეგი ეტაპი - კორეის გრანპრი უახლოეს უიქ ენდზე გაიმართება. იაპონიაში ტრიუმფის შემდეგ ფეტელი თანაგუნდელებთან ერთად ირლანდიურ კარაოკე-ბარში გაერთო, მაგრამ დღეიდან ისევ უნდა დაუბრუნდეს სამუშაოს და ჩაფიქრებული რეკორდების გასაუმჯობესებლად მზადება უნდა დაიწყოს.

საგულისხმო სტატისტიკა
სებასტიან ფეტელის მიღწევები
- სებასტიან ფეტელი ოცდამეთორმეტეა იმ პილოტთა სიაში, რომლებმაც გამარჯვებით დაიწყეს სეზონი და შემდეგ ტიტული მოიპოვეს. ასეთი რამ ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ მოხდა. არავის ფორმულა 1-ის ისტორიაში არ წაუგია სეზონი ჩემპიონატში რვა გამარჯვების შემდეგ. გამონაკლისი არც ფეტელი ყოფილა.
- 24 წლისა და 98 დღის ასაკში მეორე ტიტულის მოგებით ფეტელი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდა. ამ მხრივ სებას ვერ შევადარებთ დიად ავტომრბოლებს. ამავე ასაკში მიხაელ შუმახერს მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. ალენ პროსტს ჯერ დებიუტი არ ჰქონდა გრანპრიში, ხუან-მანუელ ფანხიოს კი დებიუტამდე მთელი 14 წელი აშორებდა!
- ამავე ასაკში ჯენსონ ბატონს თითქმის 70 გრანპრი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ ვერცერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია.
- იაპონიაში პოული მე-12 იყო ფეტელისთვის ერთი სეზონის განმავლობაში და ის მესამე ადგილზე გადავიდა შესაბამის რეიტინგში. რეკორდი ეკუთვნის ნაიჯელ მენსელს - 14 პოული 1992 წელს. მეორეზეა ალენ პროსტი - 13 (1993).
- მესამე ადგილი სუზუკაზე - ეს მე-14 პოდიუმია ფეტელისთვის მიმდინარე სეზონში. სებასტიანი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფერნანდო ალონსოს (2006), რომელიც შესაბამის რეიტინგში მესამე ადგილზეა. რეკორდი ეკუთვნის მიხაელ შუმახერს - 17 პოდიუმი 2002 წელს.
- იაპონიაში სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მე-17 რბოლა დაასრულა ქულათა ზონაში. უკეთესი სერია მხოლოდ ორ პილოტს აქვს: მიხაელ შუმახერს - 24 გრანპრი (მალაიზია 2001-უნგრეთი 2003) და ფერნანდო ალონსოს - 18 გრანპრი (გერმანია 2005-გერმანია 2006).

კვალიფიკაცია
- 0.009-წამიანი სხვაობა კვალიფიკაციის პირველ და მეორე ადგილს შორის - მინიმალურია გერმანიის შარშანდელი ეტაპის შემდეგ, როცა ფეტელმა ალონსოს 0.002 წამო მოუგო.
- მეშვიდე პოზიცია სტარტზე - საუკეთესოა კამუი კობაიაშის კარიერაში, არადა, იაპონელმა არ გაიარა ფინალური სესიის დროს სწრაფი წრე. მისი საუკეთესო შედეგი იყო წელს სილვერსტოუნში მერვე ადგილი, მის გუნდს “ზაუბერს” კი არ მიუღწევია ასეთი მაღალი სასტარტო ადგილისთვის 2009 წელს აბუ დაბის გრანპრის შემდეგ, როცა რობერტ კუბიცა იყო მეშვიდე კვალიფიკაციაში “BMW-ზაუბერის” ბოლიდით.
- 23-ე პოზიცია სტარტზე - უარესი შედეგია ნიკო როსბერგის კარიერაში. მანქანასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყდა 15-ეტაპიანი სერია, რომლის დროსაც გერმანელი კვალიფიკაციის ფინალში გადიოდა. ასევე უარესი სასტარტო პოზიცია ჰქონდა კარიერაში სერხიო პერესს - მე-17 ადგილი.

რბოლა
- ჯენსონ ბატონმა კარიერაში მე-12 რბოლა მოიგო და ამ მაჩვენებლით გვერდში ამოუდგა მარიო ანდრეტის, ალან ჯონსსა და კარლოს როიტემანს. ჯენსონი პოდიუმებით გაუთანაბრდა ლუის ჰემილტონს, ამასთან, ბატონი ბოლო ხუთი რბოლაა შედიოდა სამეულში, ლუისი კი ზუსტად ამდენი ეტაპია არ ასულა პოდიუმზე.
- ზედიზედ მერვე რბოლაა ფერნანდო ალონსო იმაზე მაღალ პოზიციას იკავებს, ვიდრე სტარტზე ჰქონდა. ამ რვა რბოლიდან ექვსში ესპანელი პოდიუმზე ავიდა.
- კარიერაში 33-ე პოდიუმით სებასტიან ფეტელი შესაბამის რეიტინგში 22-ე ადგილზე გადავიდა და გაუთანაბრდა დენი ჰულმს, ჯოდი შექტერსა და ფელიპე მასას. ეს უკანასკნელი პირველ სამეულში კორეის შარშანდელი გრანპრის შემდეგ არ ყოფილა.
- სუზუკას რბოლის მსვლელობისას ცხრა პილოტი ლიდერობდა, მათ შორის იყო მიხაელ შუმახერი, რომელიც კარიერაში 142-ედ და სპორტში დაბრუნების შემდეგ პირველად ჩაუდგა ეტაპს სათავეში. 42 წლისა და 9 თვის გერმანელი რბოლის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა 1986 წლის შემდეგ, რითაც ჟაკ ლაფიტის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც აშშ-ის გრანპრის 42 წლისა და 7 თვის ასაკში ლიდერობდა. თუმცა გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს ჩვეული მოვლენა იყო. მაგალითად, ჯუზეპე ფარინამ პირველი ტიტული 43 წლისა და 10 თვის ასაკში მოიგო.
- შუმახერი პირველი პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც 1500 ქულაზე მეტი დააგროვა. იაპონიის შემდეგ მისი მონაგარი 1501 ქულას შეადგენს. ალონსო მეორე ადგილზეა 1031 ქულით, მაგრამ ახალი სისტემის პირობებში ამჟამინდელი პილოტების "ძველებთან" შედარება არაკორექტულია. მაგალითად, დღეს სებასტიან ფეტელს 705 ქულა აქვს - უფრო მეტი ვიდრე რუბენს ბარიკელოს (658) ან აირტონ სენას (614).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული