"ფერარი" ჰემილტონზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი, კვირას, სამხრეთ კორეის გრანპრით განახლდება.

სებასტიან ფეტელის მეორედ გაჩემპიონების შემდეგ, წლევანდელ სეზონს მხოლოდ ერთი ინტრიგა შემორჩა - ვინ მოიპოვებს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს. რეალური კანდიდატი ორია - "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი და "ფერარის" ლიდერი ფერნანდო ალონსო. მათ შორის სხვაობა რვა ქულაა ბატონის სასარგებლოდ.

"ფერარის" შეფი სტეფანო დომენიკალი აცხადებს, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილ 4 რბოლაში მისი გუნდის ამოცანა სწორედ მეორე ადგილზე გასვლა იქნება. გარდა ამისა, "სკუდერია" 2011 წლის სეზონის დასკვნით ეტაპებს 2012 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლადაც გამოიყენებს.

- იაპონიის განვლილ ეტაპზე მეორე ადგილისთვის ვიბრძოდით. ეს კარგი შედეგია და იმას ნიშნავს, რომ რეალურად კონკურენტუნარიანები ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ მომდევნო ოთხ რბოლაში, რადგან სეზონის დასკვნით ნაწილში ჩვენი მიზანი მინიმუმ ერთი ეტაპის მოგებაა.

ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფერნანდომ ვიცეჩემპიონობა მოიპოვოს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. ამიტომაც მოდუნებას არ ვაპირებთ და დარჩენილ რბოლებში მაქსიმალურად მობილიზებულები და აგრესიულები ვიქნებით, - ამბობს სკუდერიას ბოსი.

"ფერარიში" იმედი აქვთ, რომ მეორე პილოტი ფელიპე მასა დაძლევს კრიზისს და სეზონის დარჩენილ რბოლებში შეძლებს მაღალი შედეგის მიღწევას. ბრაზილიელი წელს არცერთხელ ასულა პოდიუმზე - ბოლოს ასეთი რამ შარშანდელ სეზონში სწორედ კორეის გრანპრიზე მოხდა.

ამავე ინტერვიუში დომენიკალიმ ისიც აღიარა, რომ თვალნათლივ წარმოუდგენია "ფერარიში" ფერნანდო ალონსოსა და ბრიტანელი ლუის ჰემილტონის პარტნიორობა.

"ფელიპე მასა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი უფლებები "ფერარიში". თავის მხრივ, ის პილოტები, რომელთა კონტრაქტები მალე ამოიწურება, თავიანთი ძლიერი მხარეების წარმოჩენას ეცდებიან, რათა ჩვენგან მიწვევა მიიღონ. მაგალითად, ეს ეხება ლუის ჰემილტონს. თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი", - აცხადებს დომენიკალი.

კორეის გრანპრი 14 ოქტომბერს ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნება, რბოლა კი 16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შემდეგ მოდის ინდოეთის, აბუ დაბისა და ბრაზილიის ეტაპები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული