საერთო ჩათვლაში მეორე ადგილის ერთ-ერთი კანდიდატია ჯენსონ ბატონი, რომელმაც წინა კვირას იაპონიის გრანპრიზზე გაიმარჯვა. კორეის ეტაპის წინ ბატონმა მომავალი რბოლის შესახებ კომენტარი გააკეთა, პირველ რიგში კი სებასტიან ფეტელის დამსახურებულ გამარჯვებას გაუსვა ხაზი.
"წელს სებასტიანი მართლაც შეუდარებელი იყო. მას შემდეგ, რაც მე და სებას ავარია გვქონდა სპას ტრასაზე, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის შეძლებდა 2010 წლის ჩემპიონატის მოგებას. ჩემი აზრით, იმ
მიუხედავად ამისა, მაინც გახდა ჩემპიონი. წელს კი ის ბრწყინვალედ გამოვიდა. სინამდვილეში არც ერთი შესამჩნევი შეცდომა არ დაუშვია და ყველა ტრასაზე სუპერსწრაფი იყო. რა თქმა უნდა, ცუდი ტექნიკით ტიტულს ვერ მოიგებ. მის განკარგულებაში საუკეთესო მანქანაა, მაგრამ მან მაქსიმუმი მიიღო, რაც კი ასეთი ავტომობილით არის შესაძლებელი.
მისი დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ ვინმეს სებასტიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ცალსახად ეს ჩვენ ვართ", - ამბობს ბატონი.
ჯენსონი ამჟამად მეორე ადგილს იკავებს გენერალურ კლასიფიკაციაში და რვა ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტ ფერნანდო ალონსოს. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი რბოლაა დარჩენილი და სწორედ ამ პილოტებმა უნდა იბრძოლონ ვიცეჩემპიონობისთვის.
შარშან კორეის გრანპრის სწორედ ალონსომ მოიგო, ბატონი კი ქულათა ზონაში ვერ მოხვდა, თუმცა ბრიტანელს სჯერა, რომ ამჯერად გაცილებით უკეთესი უიქ ენდი ექნება.
* * *
"რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე მიიჩნევს, რომ ცოტა ხნის წინ მეორედ გაჩემპიონებული ფეტელი არ გახლავთ დღევანდელი ფორმულა 1-ის უძლიერესი პილოტი. იტალიელის აზრით, "რედ ბულის" პილოტმა მორიგ ტრიუმფს, მეტწილად, თავისი ბოლიდის ხარჯზე მიაღწია.
"არ ვკამათობ იმაზე, რომ ფეტელი მართლაც მაღალი დონის პილოტია, მაგრამ მისი გამარჯვებები მეტწილად "რედ ბულის" ფენომენალური ბოლიდის წყალობით გახდა შესაძლებელი, - ამბობს ბრიატორე "კორიერე დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - გერმანელი საუკეთესო არ არის! დარწმუნებული ვარ, ყველა პილოტი ერთნაირ ავტომობილს რომ იყენებდეს, ფეტელი ჩამორჩებოდა ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰემილტონს. ამასთან, ალონსო გამარჯვებული გახდებოდა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, აქ წლევანდელ ჩემპიონს მართლაც არ ჰყავს ბადალი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"