"ხარების" დღე კორეაში

AutoSharing Option
კორეის გრანპრიზე უცნაური სასტარტო განლაგება ვიხილეთ. უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი")  წელს კვალიფიკაციაში "რედ ბულის" ჰეგემონია დაამხო - პირველად სეზონში სტარტზე პირველ ადგილზე ავსტრიული საჯინიბოს პილოტი არ იდგა.

მაგრამ ამ ფაქტმა გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოუტანა ბრიტანელ პილოტს. სტარტზე ბრძოლა დაძაბული გამოვიდა - მრბოლელები მორიგეობით იყენებდნენ სლიპ-სტრიმსა და სხვადასხვა ტრაექტორიას. საბოლოოდ, სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შესძლო ჰემილტონის გასწრება, მესამე ადგილზე ყოფნა მოასწრეს ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი") და ფელიპე მასამ ("ფერარი"), მაგრამ საბოლოოდ, ამ პოზიციაზე მარკ უებერი ("რედ ბული") დამკვიდრდა. ფერნანდო
ალონსოს ("ფერარი") წინ  მეოთხეზე იყო მასა,ბატონი კი მეექვსეზე ჩამოქვეითდა.

საწყის წრეებზე ფეტელი და ჰემილტონი დაშორდნენ უებერს, ეს უკანასკნელი კი ზურგს უკან "ფერარის" წყვილის "სუნთქვას" გრძნობდა. თუმცა სასტარტო პიტსტოპების წინ ავსტრალიელმა შესძლო მასაზე და ალონსოზე კომფორტული უპირატესობის მოპოვება.

საბურავების პირველმა შეცვლამ გავლენა იქონია ადგილების გადანაწილებაზე: ორივე "ფერარიმ" ბატონზე და ნიკო როსბერგზე ("მერსედესი") გვიან მიაკითხა ბოქსებს და ამ დუეტის უკან აღმოჩნდა. ამასთან, ბატონმა და როსბერგმა ლამაზი ბრძოლა გვაჩუქეს: "მერსედესის" მექანიკოსებმა ნიკოს პიტ-ლეინზე ბრიტანელის გასწრების საშუალება მისცეს, შემდეგ როსბერგი შეცდა პირველ მოსახვევში, მაგრამ DRS-ის (უკანა მოძრავი ანტიფრთა) დახმარებით შეძლო პოზიციის დაბრუნება. თუმცა შემდეგ ისევ გაუშვა წინ "მაკლარენი".

პიტსტოპების დროს დაფიქსირებული დროის სხვაობები უსაფრთხოების მანქანამ "შეჭამა". ამის ინიციატორი ვიტალი პეტროვი ("რენო") გახდა. პიტსტოპის შემდეგ რუსმა წინ გაუშვა მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") და მანქანების მჭიდრო ჯგუფში აღმოჩნდა. ცოტა ხანში რუსმა მესამე მოსახვევში დამუხრუჭება ვერ მოასწრო და შუმახერის ბოლიდს შეეჯახა. გერმანელი დაზიანებული უკანა ანტიფრთითა და დაშვებული საბურავით მაშინვე გამოეთიშა ბრძოლას, პეტროვმა კი ბოქსებამდე მიაღწია, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოვიდა.

უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ ფეტელმა მალე შესძლო ჰემილტონისა და უებერის წყვილის ჩამოტოვება, ლუისს კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად. ის და მარკი ბოქსებში ერთდროულად შევიდნენ და შემდეგ ბრძოლა ახალი საბურავებით გააგრძელეს. რაღაც მომენტში "მაკლარენისა" და "რედ ბულის" პილოტები თითქმის ნახევარი წრე გვერდიგვერდ მიდიოდნენ, მაგრამ ჰემილტონმა გაუძლო შეტევას.

ბატონი მშვიდად ინარჩუნებდა მეოთხე პოზიციას. უფრო საინტერესო სანახავი იყო ალონსოს რბოლა: ესპანელმა გვიანი მეორე პიტსტოპის წყალობით მასას გაუსწრო და ძალიან მალე მიუახლოვდა "მაკლარენებსა" და უებერს.

ასე რომ, ფინიშამდე 10 წრით ადრე პოდიუმზე პრეტენზიას ოთხი პილოტი აცხადებდა: სანამ უებერი ჰემილტონს უტევდა (ერთხელ გაუსწრო კიდეც, მაგრამ ლუისმა DRS-ის გამოყენებით იქვე დაიბრუნა დაკარგული პოზიცია), ალონსო საბოლოოდ დაეწია ბატონს. ამ ოთხეულში დიდი სიმჭიდროვე იყო, მაგრამ შეტევის მცდელობა არ ყოფილა. მაყურებელი მხოლოდ სებასტიან ბუემიმ ("ტორო როსო") გაახალისა, რომელმაც დამაჯერებლად გაუსწრო პოლ დი რესტას ("ფორს ინდია"). საბოლოოდ, "ტორო როსოს" ბრწყინვალე რბოლა გამოუვიდა, რადგან ბოლო წრეზე ხაიმე ალგერსუარიმ როსბერგს გაუსწრო და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

"რედ ბულმა" კი ზედიზედ მეორე რბოლაში მეორე ტრიუმფი იზეიმა. წინა ეტაპზე ფეტელმა გაინაღდა ჩემპიონობა, კორეაში კი ავსტრიულმა საჯინიბომ ვადაზე ადრე მოიპოვა კონსტრუქტორთა თასი. ამ ტრიუმფს "რედ ბულის" დუბლიც დაამშვენებდა, მაგრამ ჰემილტონმა მაინც არ გაუშვა წინ უებერი. ასევე ბატონის უკან დარჩა ალონსო და ბრიტანელმა ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ესპანელზე უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

კორეის გრან-პრი. XVI ეტაპი
იეონამი (55 წრე, 308.630 კმ)

1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:38.01,994
2(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +12,019
3(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +12,477
4(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,694
5(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +15,689
6(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +25,133
7(11). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +49,538
8(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +54,053
9(13). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +1.02,762
10(9). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.08,602
11(10). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.11,229
12(18). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) +1.33,068
13(15). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 1 წრე
14(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
15(14). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
16(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
17(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე
18(21). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 1 წრე
19(24). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 1 წრე
20(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 1 წრე
21(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 3 წრე
22(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 24 წრე
23(8). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 37 წრე
24(12). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 38 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 344 (10 მოგება); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 222 (3); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 212 (1); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 209; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 196 (2); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 98; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 67; 8. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 60; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 28; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 27; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 22; 14. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 21; 15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 15; 16. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 13; 17. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 18. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) - 2; 19. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 558 ქულა; 2. მაკლარენი - 418; 3. ფერარი - 310; 4. მერსედესი - 127; 5. ლოტუს-რენო - 72; 6. ფორს ინდია - 49; 7. ზაუბერი - 40; 8. ტორო როსო - 37; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული