კიმის ბედი სპონსორებზე ჰკიდია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში კიმი რაიკონენის შესაძლო დაბრუნებისა და "უილიამსთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ ჭორები თანდათან ჩაცხრა.

ამბობდნენ, რომ კიმის შესაძლო გადასვლა "უილიამსისთვის" წონადი არგუმენტი იქნებოდა კატარელ სპონსორებთან მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ახლა, მოლაპარაკებები შეჩერებულია და გუნდი დაფინანსების სხვა წყაროს ეძებს. ერთ-ერთი ვარიანტია - კონტრაქტის ხელმოწერა პილოტთან, რომელსაც შეუძლია თავისი გამოსვლის დაფინანსება.

როგორც ფინური პრესა წერს, რაიკონენისა და "უილიამსის" კონტრაქტი დამოკიდებულია სპონსორებზე - თუ კატარის ეროვნული ბანკი ბრიტანული გუნდის პარტნიორი ან თანამფლობელი გახდება, რაიკონენი აუცილებლად მიუჯდება ფორმულა 1-ის საჭეს - შანსი კიდევ არის, მაგრამ
დრო მიდის, გუნდს კი 2012 წლის ბიუჯეტი აქვს შესავსები.

პრაქტიკულად გარკვეულია ვენესუელელი პასტორ მალდონადოს გუნდში დარჩენის საკითხი - მას ვენესუელას მთავრობა უჭერს მხარს და ამ ქვეყნის ეროვნული სანავთობო კომპანია აფინანსებს.

სამაგიეროდ, მინიმალურია რუბენს ბარიკელოსთან კონტრაქტის გაგრძელების შანსი - ბრაზილიელმა ეს იცის და სხვა გუნდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. დადის ჭორი იმის შესახებ, რომ ბარიკელო, შესაძლოა, "ლოტუს-რენოში" აღმოჩნდეს, თუმცა ამ გუნდის შეფი ერიკ ბულიე ინფორმაციას ელოდება რობერტ კუბიცასგან, თანაც არ სურს გაიმეოროს ვეტერანის გუნდში მოწვევის ექსპერიმენტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა წელს ნიკ ჰაიდფელდთან კონტრაქტის გაფორმების მხრივ.

ფინურ პრესას მიაჩნია, რომ "უილიამსთან" რაიკონენის კონტრაქტის საკითხი ნოემბრის შუა რიცხვებამდე უნდა გაირკვეს - უფრო მეტს ვერც ერთი მხარე ვერ მოიცდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული