ერთ-ერთი სწავლების დროს, ტრასის მომსახურე პერსონალი რეპეტიციას გადიოდა - ავარიის შემთხვევაში როგორ უნდა ამოეყვანა პილოტი მანქანიდან და გადაეყვანა სამედიცინო ცენტრში. როგორც გერმანული Die Welt წერს, ინდოელ მარშლებს გზა აებნათ და 20 წუთის განმავლობაში ვერ გაიგნეს გზა სამედიცინო პუნქტამდე.
ინდოეთის ავტოსპორტის ასოციაციის პრეზიდენტმა ვიკი ჩანდჰოკმა განაცხადა, რომ ტრასის მომსახურე ჯგუფმა, რომელმაც ავტოდრომის ტერიტორიაზე ორიენტაცია
გარდა ამისა, გუშინ, ინდოეთის ავტოდრომზე ორჯერ გაითიშა ელექტროენერგია. გუნდები სარბოლო უქმეების დროს ძირითადი სისტემების კვებისთვის დიზელის გენერატორებს იყენებენ, მაგრამ დამხმარე სისტემები ადგილობრივ ქსელთან არის შეერთებული და ამიტომაც მოწყობილების ხელახლა ჩატვირთვა მოუწიათ.
უშუალოდ რბოლის დროს ელექტროენერგიის გამორთვამ, შესაძლოა, სერიოზულად შეუშალოს ხელი გუნდების მუშაობას.
* * *
ტრასის კონფიგურაციას შეფასება მისცა “ლოტუს-რენოს” სარბოლო დირექტორმა ალან პერმეინმა.
“ტრასის კონფიგურაციამ და სამუშაოების ხარისხმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, - განაცხადა პერმეინმა. - შესანიშნავი ავტოდრომია, რომელზეც რამდენიმე საინტერესო სწრაფ მოსახვევსა და სიმაღლეების სხვაობას ვხედავთ. სწრაფი და გრძელი სწორი მონაკვეთების შემდეგ ნელი მოსახვევები ერთი თავისებურებით გამოირჩევა: ფართო შესასვლელი აქვს, მაგრამ შემდეგ ვიწროვლება. შედეგად, პირველ და მეოთხე მოსახვევებში შესაძლებელია ბევრი გასწრება ვიხილოთ DRS-ის სისტემის გამოყენებით.
ჯერჯერობით ტრასა ძალიან ჭუჭყიანია, რადგან ეს ახალი ავტოდრომია. დარწმუნებული ვარ, ასფალტს თავისუფალი ვარჯიშების წინ გაწმენდენ, თუმცა მათი გაწმენდის ყველაზე კარგი საშუალება - მანქანის პილოტირებაა".
* * *
ინდოეთის გრანპრიზე მხოლოდ ერთი ადგილობრივი პილოტი გამოვა. ეს გახლავთ 34 წლის ნარაიან კართიკეიანი, რომელიც HRT-ის მანქანაში იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ადგილს დაიკავებს.
არ გაუმართლა პელოტონის მეორე ინდოელს, 27 წლის კარუნ ჩანდჰოკს - მისმა გუნდმა "ლოტუსმა" გადაწყვიტა უცვლელი დატოვოს საპრიზო პილოტების შემადგენლობა. "იმედგაცრუებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, - აღიარა კარუნმა. - ყველამ ვიცით, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი ამ პროექტში ჯერ კიდევ იმ სტადიიდან, როცა აქ ტრასის ნაცვლად შიშველი მიწა იყო. ფორმულა 1 ინდოეთში კოლოსალურ რეზონანს იწვევს - მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში 28 ინტერვიუ მივეცი. მით უფრო დასანანია, რომ სასტარტო ბილიკზე არ ვიდგები".
"ლოტუსის" გადაწყვეტილება - ბრძოლაში ჩაერთო თავისი გამოცდილი პილოტები: ჰეიკი კოვალაინენი და იარნო ტრული - იმით არის ნაკარნახები, რომ გუნდი დაძაბულ ბრძოლას აწარმოებს კონსტრუქტორთა თასზე მეათე ადგილის დასაკავებლად. როგორც ცნობილია, გუნდურ ჩათვლაში პოზიციაზეა დამოკიდებული საერთო შემოსავლიდან წილი.
* * *
გუშინ, ინდოეთის უქმეებზე ორი თავისუფალი პრაქტიკა გაიმართა. პირველი ვარჯიში მოიგო "მაკლარენის" წევრმა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც ნახევარ წამზე მეტი მოუგო "რედ ბულის" პილოტებს - სებასტიან ფეტელსა და მარკ უებერს. მეოთხეზე გავიდა "მაკლარენის" მეორე პილოტი ჯენსონ ბატონი.
მეორე პრაქტიკისას "ფერარის" პილოტებმა იყოჩაღეს - ფელიპე მასა პირველზე აღმოჩნდა, ფერნანდო ალონსო - მესამეზე. ისევ მეორე იყო ფეტელი, ხოლო ჰემილტონი მეოთხეზე ჩამოქვეითდა. მეორე ვარჯიშისას პირველი ექვსეულში მოხვდნენ სამი ლიდერი საჯინიბოს წევრები.
განრიგი
შაბათი
კვალიფიკაცია - 12:25
კვირა
რბოლა - 14:20
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"