ფეტელი რეკორდებს უტევს

AutoSharing Option
რედ ბულისა და ფეტელის რეკორდები
- სებასტიან ფეტელის მე-16 პოულმა "რედ ბულს" "მაკლარენის" მიერ 1988 და 1989 წლებში დამყარებული რეკორდის გაუმჯობესების საშუალება მისცა, როცა აირტონ სენამ და ალენ პროსტმა 15-15 პოულის მოპოვება შეძლეს. "მაკლარენის" მიღწევა 1992 და 1993 წლებში "უილიამსმა" გაიმეორა.

- ინდოეთში სებასტიან ფეტელმა კარიერაში პირველად მოიპოვა "დიდი სლემი" - სტარტი პოულიდან აიღო, სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა, საუკეთესო წრე გაიარა და გამარჯვება მოიპოვა. ფეტელი ისტორიაში "დიდი სლემის" ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია - 24 წლის და 119 დღის. მანამდე ეს რეკორდი აირტონ
სენას ეკუთვნოდა - ბრაზილიელმა 1985 წელს პორტუგალიის გრანპრიზე "დიდი სლემი" 25 წლისა და 34 დღის ასაკში მოიპოვა.

- ფორმულა 1-ის ისტორიაში "დიდი სლემი" მხოლოდ 24-მა პილოტმა მოიპოვა. მოქმედ მრბოლელებს შორის მიხაელ შუმახერს აქვს ხუთი "სლემი" და ერთი - ფერნანდო ალონსოს. რეიტინგს სათავეში უდგას ჯიმ კლარკი - რვა "დიდი სლემი".

- ფეტელმა დაამხო ნაიჯელ მენსელის რეკორდი სეზონში ლიდერის რანგში გატარებული წრეების რაოდენობით. 1992 წელს მენსელი ჯამში 692 წრე ლიდერობდა, ფეტელს კი წელს 711 ასეთი წრე ჰქონდა. თუმცა 1992 წელს სეზონი 16 ეტაპისგან შედგებოდა.

- ინდოეთში ფეტელმა გაიმეორა მიხაელ შუმახერის სარეკორდო მიღწევა - შუმი 2004 წელს 16 ეტაპის დროს იყო ლიდერი.

- წელს ფეტელმა 16-ჯერ აიღო სტარტი პირველი რიგიდან - ეს არის აირტონ სენას (1989), ალენ პროსტისა (1993) და დეიმონ ჰილის (1996) რეკორდის გამეორება.

კვალიფიკაცია
- ზედიზედ მეოცე რბოლაა "ფერარის" ორივე პილოტმა პირველი ათეულიდან აიღო სტარტი - ეს ვერც ერთმა მოქმედმა გუნდმა ვერ შეძლო.

- "რედ ბული", "მაკლარენი" და "ფერარი" დომინირებენ კვალიფიკაციის დროს. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, მათ დავაში ყველაზე უარესი პოზიცია - მეექვსე ადგილი - ფელიპე მასას ეკავა. ბრაზილიელი ცხრაჯერ იყო ამ პოზიციაზე.

რბოლა
- ზედიზედ მეცხრამეტედ "რედ ბულის" პილოტი პოდიუმზე ავიდა, რითაც გუნდი შესაბამის რეიტინგში გაუთანაბრდა "მაკლარენს", რომელიც ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. პირველ ორ ადგილს "ფერარი" იკავებს: 53 პოდიუმი (მალაიზია 99-იაპონია 02) და 22 პოდიუმი (იტალია 03-ავსტრალია 05).

- ამჟამად ფეტელის ანგარიშზე 35 პოდიუმია - ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ხუან-მანუელ ფანხიოსა და ემერსონ ფიტიპალდის. ეს სამეული მე-20 ადგილს იყოფს.

- ლუის ჰემილტონმა შეწყვიტა პოდიუმების სერია ყველა ტრასაზე, რომელზეც ის ფორმულა 1-ში გამოდიოდა. ახლა ამგვარი მიღწევის ავტორები მხოლოდ ფანხიო და ლუიჯი ფაჯოლი არიან.

- ზედიზედ მეცხრე რბოლაა ფერნანდო ალონსომ იმაზე მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე სასტარტო პოზიცია ჰქონდა. თუმცა ინდოეთში ესპანელმა მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი და ფინიშზეც იგივე ადგილზე აღმოჩნდა.

- ინდოეთში შეწყდა ფელიპე მასას სერია, რომლის დროსაც ის ზედიზედ ათ რბოლაში ხვდებოდა ქულათა ზონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული