ფედერაციას ბევრი საქმე აქვს

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ჟენევაში გაიმართება ფორმულა 1-ის კომისიის სხდომა, რომელზეც მომავალ სეზონთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო თემა უნდა განიხილონ. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შესაძლო კორექტირება და წესების შეცვლა. გარდა ამისა, გაიმართება კენჭისყრა სამი გუნდის - "ლოტუს-რენოს", "ლოტუსისა" და "მარუსია-ვირჯინის" სახელის შეცვლის თაობაზე.

კომისია 25 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 12 - გუნდის წარმომადგენელია, რბოლების პრომოუტერები - 8, ორი სპონსორი, თითო წარმომადგენელი ძრავების მწარმოებელთაგან და "პირელისგან", აგრეთვე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი და ფორმულა 1-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ბერნი ექლსტოუნი.

2012 წლის კალენდარი
შესაძლოა გადაიხედოს. ჯერ ერთი, ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაძაბულია; მეორე - კორეის გრანპრის ორგანიზატორებმა თხოვნით მიმართეს ექლსტოუნს შეამციროს რბოლის ჩატარებაზე გადასახადი. ბერნიმ კი ყველას ცალსახად მიანიშნა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას, ამიტომაც არსებობს იმის ალბათობა, რომ კორეის გრანპრის კალენდრიდან ამოიღებენ, თუმცა ფორმალურად იონამის ავტოდრომთან კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდეა გაფორმებული.

შესაძლოა, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს კვალიფიკაციაში წესების შეცვლაზე, რათა გუნდებმა მეტი სტიმული მიიღონ ფინალურ სესიაში მონაწილეობისთვის და მათ არ დაზოგონ საბურავები. სავარაუდო გადაწყვეტილება ის იქნება, რომ მონაწილეები საბურავების დამატებით კომპლექტს მიიღებენ, რომელიც მხოლოდ კვალიფიკაციისთვის იქნება განკუთვნილი.

ცნობილია, რომ ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი გუნდი აქტიურ ტექნიკურ დახმარებას უწევს სხვა გუნდებს და ეს ზოგიერთ საჯინიბოს არ მოსწონს. კერძოდ, "მაკლარენი" ტექნიკურ მხარდაჭერას გამოხატავს "ფორს ინდიას" მიმართ, "ლოტუსს" კავშირი აქვს "რედ ბულთან" - ის საჩემპიონო გუნდისგან მზა კვანძებს ყიდულობს. ამ სიტუაციაში აზრი აქვს საბაზო ცნების - "კონსტრუქტორის" დაზუსტებას, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ტექნიკური თანამშრომლობის საზღვრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული