"ფერარი" წასვლით იმუქრება

AutoSharing Option
"ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ მორიგი ულტიმატუმი წაუყენა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას.

"ფორმულა 1 კვლავაც რჩება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. მაგრამ "ფერარის" გარეშე არ იქნება ფორმულა 1 და "ფერარიც" სულ სხვა იქნებოდა ფორმულა 1-ის გარეშე, - ამბობს იტალიელი ფუნქციონერი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ჩვენ ძალიან დამთმობნი ვართ. მაგრამ არსებობს პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში გავაგრძელებთ ჩემპიონატში მონაწილეობას. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მხოლოდ მარკეტინგული მოსაზრებებით არ ვხელმძღვანელობთ, არამედ ვცდილობთ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს სერიულ
ავტომობილებში".

დი მონტეძემოლო ითხოვს სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებაზე აკრძალვის გაუქმებას. "დღეს ბოლიდის წარმატება 90 პროცენტით არის დამოკიდებული აეროდინამიკაზე (ამ მხრივ "ფერარი" საგრძნობლად ჩამორჩება "რედ ბულს"), - ამბობს "სკუდერიას" შეფი. - ფორმულა 1 რჩება ერთადერთ სახეობად, სადაც სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარება აკრძალულია".

იტალიელმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ გუნდების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და მიზეზად "ფერარის" აკადემიის ახალგაზრდა პილოტების დახმარების პროგრამა დაასახელა. "ჩვენ ვქმნით მანქანებს და არა ვერტმფრენებს, რაკეტებსა თუ თვითმფრინავებს, - აგრძელებს "ფერარის" პრეზიდენტი. - დიახ, ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ სიტუაციას, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ამასთან, ისეთ
მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, როცა არ შეგვიძლია შანსი მივცეთ ახალგაზრდა თაობას".

რა თქმა უნდა, დი მონტეძემოლომ არ დაივიწყა თავისი იდეაფიქსი - ძლიერი გუნდების მიერ მესამე ბოლიდის გამოყვანის შესაძლებლობა. "დაგვიჯერეთ, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ფორმულა 1-ის ინტერესებსაც ვიცავთ, - ამბობს იტალიელი. - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გაზრდის ინტერესს გულშემატკივრების, პრესისა და სპონსორების მხრიდან, რადგან რბოლებში მეტი კონკურენტუნარიანი მანქანა მიიღებს მონაწილეობას და არა ისეთები, რომლებიც ორი წრის შემდეგ რამდენიმე წამს აგებენ".

ინტერვიუს დასასრულს მან გააფრთხილა ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა, რომ უახლოეს წლებში არ არის გარანტირებული ჩემპიონატში "ფერარის" მონაწილეობა.

"ჩვენს პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, - აღნიშნა დი მონტეძემოლომ. - თუ ფორმულა 1-ის ხელძღვანელობას სურს "ფერარის" "დიდ
პრიზებში" ხილვა, მაშინ უნდა დააბრუნოს წინა პლანზე მოწინავე ტექნოლოგიები. დანახარჯებს კი ჩვენ მივხედავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ფორმულა 1-ში ჩვენ კონსტრუქტორები ვართ და არა სპონსორები".

უნდა აღინიშნოს, რომ "ფერარის" ხელმძღვანელობა პირველად არ ითხოვს გუნდების ბიუჯეტების გაზრდას. ახლა რამ აიძულა დი მონტეძემოლო ასეთი მკვეთრი განცხადების გასაკეთებლად? ბუნებრივია, ამის მიზეზი გახლავთ არადამაკმაყოფილებელი შედეგები, რის გამოც გუნდი სერიოზულ უკმაყოფილებას გრძნობს სპონსორების მხრიდან.

2009 წლიდან მოყოლებული "ფერარი" მესამე ადგილზე ზემოთ არ ასულა და ვერც წელს მოახერხებს ამის გაკეთებას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მაღალი დონის კონსტრუქტორი იპოვნოს, მარანელოში გადაწყვიტეს ბიუჯეტის გაზრდის გზით წავიდნენ. თუ ფედერაცია და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა იტალიელთა ნებას დაყვებიან, მაშინ კონკურენტუნარიანი გუნდების რიცხვი შემცირდება, რაც "ფერარის" აძლევს შანსს.

თუმცა ინტერვიუდან მეორე დღეს "ფერარიში" სიტუაციის დაწყნარება სცადეს და განაცხადეს, რომ დი მონტეძემოლოს სიტყვები არასწორად იყო აღქმული. "დი მონტეძემოლოს შენიშვნებში ზოგიერთმა ერთგვარი ულიმატუმი და მუქარა დაინახა. მაგრამ "ფერარი" გარწმუნებთ, რომ მგავსი არაფერი ყოფილა ნაგულისხმები", - წერია გუნდის პრესცენტრის განცხადებაში.

* * *
დი მონტეძემოლოს ინტერვიუში კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია შევიტყვეთ. ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობენ ბრაზილიელი ფელიპე მასას სუსტ გამოსვლასა და შესაბამისად, მისი სავარაუდო შემცვლელების შესახებ.

მაგრამ "სკუდერიას" შეფმა ცალსახად მიანიშნა ყველას, რომ მასა 2012 წელს იტალიურ გუნდში იქნება და კვლავ გაუწევს პარტნიორობას ესპანელ ფერნანდო ალონსოს.

"შეიძლება ვინმეს ეს არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენს გუნდში ცვლილებები არ იქნება, თუმცა ცვლილება აუცილებელია თავად ფორმულა 1-ში", - განაცხადა ლუკა დი მონტეძემოლომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული