"ლოლა" - მე-13 გუნდი?

AutoSharing Option
რამდენიმე წლის წინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რიცხვის 13-მდე გაზრდა გადაწყვიტა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. თავდაპირველად არ განხორციელდა ამერიკელთა ამბიციური პროექტი - USF1, შემდეგ კი ფედერაციის მიერ გამოცხადებულ განმეორებით კონკურსზე ღირსეული კანდიდატები ვერ იპოვნეს.

ასე რომ, ბოლო ორ სეზონში ჩემპიონატში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამერიკული გამოცემა Autoweek-ის ინფორმაციით, ეს სიტუაცია, შესაძლოა, სულ მალე შეიცვალოს. ცნობილი ბრიტანული კომპანია "ლოლა" (Lola) დიდი ხანია სარბოლო ტექნიკის შექმნით არის დაკავებული. სწორედ მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს ფედერაციას კითხვით - შესაძლებელია თუ
არა არსებული ვაკანსიის დაკავება? ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს "ლოლას" აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ ბრანდლმა დაუდასტურა.

"ჩვენ მზად ვართ და ველით პასუხს, - ამბობს ბრანდი. - რბოლებს ჩვენი ბიზნესის მესამედი უკავია და მოხარული ვიქნებით თუ ამ მიმართულებით გავაფართოვებთ მოქმედებას. წელს ჩვენი კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა, ხუთი წლის შემდეგ კი ეს თანხა გაორმაგდება.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა სამუშაო ერთ შენობაში შევასრულოთ და იმედია, თუ ფედერაცია მე-13 ლიცენზიის საკითხს დაუბრუნდება, ვიბრძოლებთ მის მოსაპოვებლად. ჩვენ ჯერ უნდა დავასრულოთ მოლაპარაკებები ძრავების მომწოდებლებთან და მაშინ უკვე შეგვეძლება 2014 წლის რეგლამენტის მანქანაზე მუშაობა".

პროექტის დეტალები არ ხმაურდება, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ლაპარაკია 2014 წელს დებიუტზე, როცა ძალაში შევა ახალი ტექნიკური რეგლამენტი.

"ლოლას" მანქანებს 15 სეზონის (პაუზებით 1962-დან 1997 წლამდე) განმავლობაში ვხედავდით ფორმულა 1-ში, თუმცა გუნდმა მხოლოდ სამი პოდიუმის მოპოვება შეძლო. სხვათა შორის ბრიტანული კომპანია მონაწილეობდა ფედერაციის ბოლო კონკურსში, მაგრამ უარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული