როსბერგი: ოფიციალურად "მერსედესში"

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში დავწერეთ იმის შესახებ, რომ "მერსედესის" ლეგენდარული წევრი მიხაელ შუმახერი მზად არის 2013 წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს კონტრაქტი თავის ამჟამინდელ გუნდთან. ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გერმანული პრესის ცნობით, ახალი ხელშეკრულების გაფორმება დროის საკითხია.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ "მერსედესის" მეორე პილოტმა ნიკო როსბერგმა ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანულ საჯინიბოსთან. ხელშეკრულების დეტალები არ გახმაურებულა. გუნდის პრესცენტრის განცხადებით, როსბერგი "მერსედესში" "2013 წლის ბოლომდე და შემდეგაც დარჩება".

"აღელვებული ვარ "მერსედესთან" კონტრაქტის განაგრძლივებით, - განაცხადა გერმანელმა პილოტმა. - დარწმუნებული ვარ, რომ
გუნდი ჩემთვის შექმნის ბოლიდს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და გააგრძელებს "მერსედესის" სახელოვან ისტორიას".

ასე რომ, "მერსედესთან" კონტრაქტის გაფორმებით როსბერგმა ბოლო მოუღო ჭორებს, რომლის მიხედვითაც მას 2012 წელს "ფერარიში" ფელიპე მასას ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ.

იტყობინებოდნენ, რომ იტალიური საჯინიბო სერიოზულად განიხილავდა გერმანელი პილოტის კანდიდატურას. მაგრამ მოგვიანებით "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში მასას იმედი აქვს.

"მომწონს მასას მისწრაფება დაუბრუნდეს ბრძოლას, რადგან მან იცის, რომ მომდევნო წელი გადამწყვეტი იქნება მის კარიერაში. ამიტომაც დარწმუნებული ვარ - ფელიპე თავის ნამდვილ შესაძლებლობებს დაგვანახებს, - განაცხადა დომენიკალიმ. - რაც შეეხება ჭორებს იმ პილოტების შესახებ, რომლებიც თითქოს მარანელოში უნდა მოვიდნენ, მე მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვების გამეორება შემიძლია: ფელიპე 2012 წელს ჩვენთან იქნება, რადგან მისი გვჯერა".

ასე რომ, მომავალი სეზონისთვის ტოპ-გუნდებში - "რედ ბულში", "მაკლარენში", "ფერარიში" და "მერსედესში" ცვლილებები არ იგეგმება.

* * *
სამაგიეროდ, სხვა საჯინიბოებში შეიძლება ვიხილოთ ტრანსფერები. მთავარი საკითხი, რომელიც "სამეფო რბოლების" თაყვანისმცემლებს აღელვებთ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის კიმი რაიკონენის "უილიამსში" სავარაუდო გადასვლაა. თავიდან პილოტის მენეჯერები და თავად კიმი უარყოფდნენ ბრიტანულ საჯინიბოსთან მოლაპარაკების ფაქტს, მაგრამ გუშინ კიმიმ დაადასტურა "უილიამსთან" კავშირი.

"ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "უილიამსთან", მაგრამ შეთანხმებამდე არ მივსულვართ. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა", - განაცხადა რაიკონენმა.

შესაძლოა, ცვლილები განიცადოს რუსული გუნდის - "მარუსია-ვირჯინის" შემადგენლობამ. ფრანგული პრესის ცნობით, ახალგაზრდა პილოტმა შარლ პიკმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ამ საჯინიბოსთან. GP2-ის სერიის ყოფილმა წევრმა "ვირჯინში" ბელგიელი ჟერომ დ'ამბროზიო უნდა შეცვალოს. როგორც იტყობინებიან, პიკი გუნდში 5 მილიონი ევროს ოდენობის სასპონსორო მხარდაჭერით მიდის, რაც აწყობს "ვირჯინის" ხელმძღვანელს ჯონ ბუტს. ოფიციალურად პიკის კონტრაქტის ჯერ არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული