ვინ იქნება მეორე?

AutoSharing Option
ამ უქმეებზე საემიროების ქალაქ აბუ დაბიში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-18 ეტაპი გაიმართება.

სებასტიან ფეტელი ერთი თვის წინ გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, "რედ ბულმა" უკვე მოიგო კონსტრუქტორთა თასი, მაგრამ ვერცხლის პრიზიორი ჯერ ისევ უცნობია. მეორე ადგილისთვის ბრძოლა - სეზონის დარჩენილი ნაწილის მთავარი ინტრიგაა. ვიცე-ჩემპიონობისთვის იბრძვიან: ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი"), მარკ უებერი ("რედ ბული"), ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") და ფერნადო ალონსო ("ფერარი").

ალონსოსთვის აბუ-დაბიში წარმატებით გამოსვლა, შეიძლება ითქვას, ღირსების საკითხია. შეგახსენებთ, რომ შარშან, ესპანელმა ვერაფრით შეძლო რუსი ვიტალი პეტროვის გასწრება და ვერ
მოიპოვა 2010 წლის ჩემპიონატის მოგებისთვის საჭირო ქულები, რითაც ტიტული აჩუქა ფეტელს.

თუმცა ესპანელის სიტყვებით, შარშანდელი მოვლენები არანაირად არ იმოქმედებს მის მოტივაციაზე - ამ მხრივ ფერნანდოს ისედაც ყველაფერი წესრიგში აქვს. "ფორმულა 1-ში გამოსვლის პერიოდში უკვე 72-ჯერ ავედი პოდიუმზე. და ეს ყველა ტრასაზე მაქვს გაკეთებული ადუ დაბის გარდა, - ამბობს "სკუდერიას" პილოტი. - ძალიან მინდა ამ ხარვეზის გამოსწორება".

ჯენსონ ბატონმა შარშან საემიროებში მესამე ადგილი დაიკავა. ახლა კი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაზე ფიქრობს. ბრიტანელი მზად არის უარი თქვას ვიცე-ჩემპიონის ტიტულზე, თუ აბუ დაბიში გამარჯვებას მოიპოვებს. ხოლო მის პარტნიორს ლუის ჰემილტონს უკვე აღარ სჯერა, რომ მოახერხებს საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გასვლას. ეს არც არის გასაკვირი: მისი ჩამორჩენა საერთო ჩათვლის მეორე პილოტთან - ბატონთან 38 ქულას შეადგენს. თუმცა აბუ დაბიში ჰემილტონი რბოლის მოსაგებად ჩავიდა. ისევე როგორც მარკ უებერი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, რბოლის მთავარი ფავორიტია სებასტიან ფეტელი. მისმა ნაადრევმა ჩემპიონობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: მიხაელ შუმახერის მემკვიდრეს უკვე განაღდებული ჰქონდა ტიტული, როცა კორეასა და ინდოეთში დაამტკიცა, რომ მის მოტივაციას არაფერი დაკლებია და ის კვლავაც ყველა რბოლაში გამარჯვებას უმიზნებს. ამასთან, ინდოეთის ეტაპზე ახალგაზრდა გერმანელმა კარიერაში პირველი "დიდი სლემი" (პოული, სწრაფი წრე, სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობა) გაიფორმა.

საგულისხმოა ერთი ფაქტი - აბუ დაბის გრანპრის ისტორია 2009 წლიდან იწყება და ფეტელის გარდა ეს რბოლა არც ერთ სხვა პილოტს არ მოუგია. "რა თქმა უნდა, ვისურვებდი აქ ისევ გამარჯვებას, - ამბობს სებასტიანი. - მაგრამ მოგებისთვის მე და ჩემს გუნდს დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს".

აბუ დაბის გრანპრი Yas Marina Circuit-ის ავტოდრომზე გაიმართება. ტრასის მშენებლობისთვის საემიროების მთავრობამ 200 მილიონი დოლარი დახარჯა. აბუ დაბის ტრეკი - უნიკალური ნაგებობაა. ერთი ნაწილი ტრადიციულ ავტოდრომს ჰგავს, მეორე ნაწილი - მონაკოს ტრასას: დისტანციის გარკვეულ მონაკვეთს პილოტები ქუჩაში გადიან - იახტების ყურის გასწვრივ. გარდა ამისა, Yas Marina Circuit - ერთ-ერთი იშვიათი ტრასაა, სადაც მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ მიდის.

გუშინ, ადუ დაბის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა, რომელმაც "მაკლარენის" პილოტების დომინირებით ჩაიარა - პირველი ვარჯიში ბატონმა მოიგო, მეორე - ჰემილტონმა.

I პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - 1:40.263 (21 წრე); 2. მარკ უებერი (რედ ბული) - +0,126 (26); 3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0,140 (27 წრე); 4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0,492 (27); 5. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0,538 (25); 6. ფელიპე მასა (ფერარი) - +0,997 (17); 7. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +1,077 (23); 8. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1,867 (26); 9. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1,888 (28); 10. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2,114 (26); 11. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +2,370 (26); 12. რომენ გროსჟანი (ლოტუს-რენო) - +2,422; 13. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,855 (13); 14. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2,992 (29); 15. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +3,126 (24); 16. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +4,149 (28); 17. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +4,221 (18); 18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4,302 (27); 19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +4,635 (25); 20. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6,122 (28); 21. დანიელ რიკარდო (HRT) - +6,269 (27); 22. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +7,761 (20); 23. რობერტ უიკენსი (ვირჯინი) - +8,288 (23); 24. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - დროის გარეშე (3).

II პრაქტიკა
1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:39.586 (31); 2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0,199 (30); 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0,385 (20); 4. ფელიპე მასა (ფერარი) - +0,394 (34); 5. მარკ უებერი (რედ ბული) - +0,518 (35); 6. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0,546 (26); 7. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0,967 (34); 8. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1,365 (34); 9. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1,435 (37); 10. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1,904 (34); 11. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +1,979 (34); 12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - 2,094 (33); 13. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,361 (31); 14. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2,397 (34); 15. ბრუნო სენა (ლოტუს-რენო) - +2,783 (36); 16. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +3,212 (35); 17. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +3,324 (34); 18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +3,976 (36); 19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +4,464 (38); 20. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +4,679 (41); 21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5,900 (34); 22. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +6,556 (32); 23. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6,663 (21); 24. დანიელ რიკარდო (HRT) - +6,742 (34).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული