ფეტელის გავარდნა
საბურავის გასკდომის გამო სებასტიან ფეტელის გავარდნამ შეწყვიტა გერმანელის რამდენიმე ბრწყინვალე სერია:
- წელს ფეტელი ვერ შეძლებს სეზონში გამარჯვებების რაოდენობით მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორებას. მიხაელმა 2004 წელს 13 გრანპრი მოიგო, ფეტელის ანგარიშზე ახლა 11 გამარჯვებაა.
- შეწყდა სებასტიანის 19-რბოლიანი სერია, რომლის დროსაც ეტაპზე ის მინიმუმ ქულას იღებდა. ამ მაჩვენებლით "რედ ბულის" პილოტი მეორე ადგილზე დარჩა და
- აბუ დაბის ეტაპამდე ფეტელი ერთადერთ პილოტად რჩებოდა, რომელმაც სეზონის ყველა რბოლაზე სრული დისტანცია გაიარა. სეზონის მსვლელობისას ყველა ეტაპი მხოლოდ მიხაელ შუმახერმა დაასრულა - ეს მოხდა 2002 წელს.
- შეწყდა "რედ ბულის" სერია - ზედიზედ 19 პოდიუმი. ამ მაჩვენებლით ისტორიულ რეიტინგში ავსტრიული საჯინიბო მეორე ადგილს იყოფს "მაკლარენთან". პირველ ადგილზეა "ფერარი" - ზედიზედ 53 პოდიუმი.
- აბუ დაბის გრანპრი ზედიზედ 45-ე რბოლაა, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა პილოტმა, ვისაც მანამდე მოგებული ჰქონდა ეტაპი. გრანპრის ბოლო ახალი გამარჯვებული იყო მარკ უებერი (2009 წელი, ნიურბურგრინგი). ეს ახალი რეკორდია. ახალი გამარჯვებულის გარეშე ზედიზედ 44 რბოლა ჩატარდა 1989 წელს იაპონიის გრანპრიდან (ეტაპი ალესანდრო ნანინიმ მოიგო) 1992 წელს ბელგიის გრანპრიმდე, როცა მიხაელ შუმახერმა კარიერაში პირველ გამარჯვებას მიაღწია.
კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელმა სეზონის მსვლელობისას მე-14-ე პოული მოიპოვა, რითაც გაიმეორა 1992 წელს ნაიჯელ მენსელის რეკორდული მიღწევა. გერმანელი გახდა ისტორიაში პირველი პილოტი, ვინც ერთი ჩემპიონატის განმავლობაში 17 რბოლაში აიღო სტარტი პირველი რიგიდან.
- "ფერარის" და "მერსედესს" კვალიფიკაციამ მოსალოდნელი შედეგები მოუტანა. ალონსო წელს მერვედ აღმოჩნდა მეხუთე პოზიციაზე, ფელიპე მასა - მეექვსედ იყო მეექვსე. ნიკო როსბერგმა მეცხრედ აიღო სტარტი მეშვიდე პოზიციიდან, შუმახერმა - მეშვიდედ მერვე ადგილიდან.
- სტარტზე 24-ე ადგილი - ყველაზე უარესი პოზიციაა რუბენს ბარიკელოს კარიერაში. 2007 წელს მან ორჯერ აიღო სტარტი 22-ე პოზიციიდან. მაშინ ბრაზილიელი "ჰონდაში" გამოდიოდა.
რბოლა
- ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი კარიერაში 42-ედ ავიდნენ პოდიუმზე და საერთო რეიტინგში გაუთანაბრდნენ მე-15 ადგილზე მყოფ დეიმონ ჰილს. პირველად, ესპანეთის გრანპრის (მაისი) შემდეგ "მაკლარენის" ორივე პილოტი პოდიუმზე ვიხილეთ.
- რბოლაში გამარჯვების მიუხედავად, ლუის ჰემილტონმა წააგო სეზონი ჯენსონ ბატონთან. ამჟამად ლუისი თანაგუნდელს 28 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი ერთი რბოლაა დარჩენილი. ჰემილტონმა კარიერაში სეზონი თანაგუნდელთან პირველად წააგო.
- მარკ უებერმა ახალი რეკორდი დაამყარა. ავსტრალიელმა სეზონში მეექვსედ დააფიქსირა წრეზე საუკეთესო დრო, მაგრამ გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია. ისტორიაში არ ყოფილა მრბოლელი, ვინც ერთ ჩემპიონატში ხუთზე მეტჯერ გაიარა საუკეთესო წრე და ვერ მოიგო ვერც ერთი რბოლა.
- უებერმა ზედიზედ მეორმოცე რბოლა ჩაატარა ისე, როცა ტექნიკური პრობლემის გამო არ გამოთიშვია ბრძოლას. უფრო გრძელი სერია მიხაელ შუმახერს (58, უნგრეთი 2001-მალაიზია 2005) და ლუის ჰემილტონს (51, ავსტრალია 2007-ბრაზილია 2009) აქვთ. ბოლოს ავსტრალიელი ბოლიდი მწყობრიდან 2009 წელს სინგაპურში გამოვიდა.
- აქამდე აბუ დაბიში ჩატარებულ სამივე რბოლაში ჯენსონ ბატონმა მესამე ადგილი დაიკავა. 2009 წელს მან მეხუთე პოზიციიდან აიღო სტარტი, 2010 წელს - მეოთხედან, 2011 წელს - მესამედან.
- მეორე ადგილზე გასვლით ფერნანდო ალონსო სეზონში მეათედ ავიდა პოდიუმზე - ასეთი შედეგი ჰქონდა ესპანელს შარშან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"