"ფერარიმ" კუბიცა მიიწვია

AutoSharing Option
პოლონელი რობერტ კუბიცას საშინელი ავარიიდან თითქმის ცხრა თვე გავიდა. ექიმების ინფორმაციით, "ლოტუს-რენოს" პილოტმა მოახერხა უმძიმესი ტრავმების შემდეგ აღდგენა, მაგრამ ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა - როგორ სპორტულ ფორმაშია პოლონელი პილოტი? "ლოტუს-რენოში" არაერთხელ განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელიან რობერტის დაბრუნებას, თუმცა, ბოლო დროს, ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელთა ტონი უფრო მეტად ნეიტრალური გახდა, რადგან კუბიცას დაბრუნებას ჯერ კიდევ ოქტომბერში ელოდნენ.

ამასობაში, ყოველკვირეული "ავტოსპორტის" ინფორმაციით, კუბიცას პიროვნებით დაინტერესებას გამოთქვამს "ფერარი". როგორც იცით, ფელიპე მასასთან კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს იწურება და მას, ალბათ, არ გააგრძელებენ. "სკუდერიას" ფერნანდო
ალონსოსთვის ძლიერი პარტნიორი სჭირდება და კუბიცას ჯერ კიდევ ავარიამდე ასახელებდნენ "ფერარიში" გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. ახლა, იტალიური საჯინიბო პოლონელს საკუთარი ბოლიდით ტესტების ჩატარებას სთავაზობს.

ბრიტანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ლაპარაკია სრულფასოვან სატესტო პროგრამაზე მთელი 2012 წლის სეზონის განმავლობაში. ამისთვის გამოყენებულ იქნება 2010 წლის მანქანა. რობერტის მიმდინარე კონტრაქტი "ლოტუს-რენოსთან" თვენახევრის შემდეგ იწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული