უცნობი ნაცნობი სებასტიან ფეტელი

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სებასტიან ფეტელის კარიერის დეტალებს კარგად ვიცნობთ, მაგრამ "რედ ბულის" გერმანელი პილოტის ცხოვრებაში ბევრი ისეთი შტრიხია, რომლის შესახებ აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა.

ავტომობილები
არასარბოლო ცხოვრებაში სებასტიანს ჰყავს 1959 წელს გამოშვებული "ფიატი 500", ავტობუსი "ფოლკსვაგენი T5", "მერსედესი SL65", "ინფინიტი FX". მის ფარეხში ასევე არის საკულტო მოტოციკლი Harley Davidson. მაგრამ ეს დიდი არაფერია ორი მთავარი ექსპონატის ფონზე. შარშანდელი ტრიუმფისთვის მან "რედ ბულისგან" საჩუქრად მიიღო საჩემპიონო ბოლიდი RB6. წლევანდელი გამარჯვებისთვის RB7-ს გადასცემენ, ოღონდ "რენოს" ძრავის გარეშე, რომლის ღირებულები 200 ათასი ევროა.
მაგრამ ძრავის გარეშეც ამ ბოლიდების ფასი მილიონ დოლარზე მეტია, რადგან მთელს მსოფლიოში ასეთი მანქანა მხოლოდ ხუთია.

დასაწყისი
კარიერის დასაწყისში ფეტელის ოჯახს (მამა ნორბერტი - დურგალი, დედა ჰაიკე - დიასახლისი) ფული არ ჰქონდა რბოლებში ვარჯიშებისთვის. რაღაც პერიოდი ბიჭი არა სასტუმროებში, არამედ ტრასის საწყობებში ათევდა ღამეს. სებას კარიერის განვითარებისთვის უფროს ფეტელს ძველი სპორტული ავტომობილის გაყიდვა მოუწია, რომლითაც ის სამოყვარულო რბოლებში იღებდა მონაწილეობას. ბიძა საფოსტო მტრედებს შეელია.

სებასტიანისთვის განკუთვნილი პირველი კარტი ოჯახს 7 ათასი მარკა დაუჯდა, მეორე სეზონი ბავშვთა სარბოლო სერიაში - 30 ათასი. ნორბერტმა დაითვალა: იმისთვის, რომ ვაჟი დიდ რბოლებში გაეყვანათ, ფეტელებს დაახლოებით 2 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწიათ. სებასტიანის პირველი შემოსავალი 5000 მარკა (2500 ევრო) იყო - სწორედ ამდენი გამოყო 1997 წელს "რედ ბულმა" იმისთვის, რომ 10 წლის მომავალ ჩემპიონს ძველი კარტით ერბოლა. ახლა ამ თანხას მიმდინარე კონტრაქტის თანახმად ფეტელი 90 წუთში გამოიმუშავებს.

გენიოსი
ასე უწოდებენ სარბოლო სამყაროში ედრიან ნიუის - "რედ ბულში" აეროდინამიკის მთავარ სპეციალისტს. ინგლისელმა უმკურნალა RB6-ის შარშანდელ "ბავშვურ დაავადებებს" და ახალ RB7-ში ბევრი ნოუ-ჰაუ დანერგა. მელბურნში ფეტელმა მდევრებს მთელი 22 წამი მოუგო და ამაში მას დაეხმარა ნიუის გენიალური შტრიხი - მგრძნობიარე წინა ფრთა, რომელიც ტრასაზე მანქანის მოჭიდების ძალას ზრდის. ნიუის მანქანებს (1990-96 წლებში "უილიამსში" მუშაობდა, 1997-2005 წლებში "მაკლარენში", 2006 წლიდან - "რედ ბულში") 121 გრანპრი მოუგიათ. შუმახერსა და ფეტელს ჯამში 11-ით ნაკლებ ეტაპზე გაუმარჯვიათ. "ჩვენ ვებრძვით არა ფეტელს, არამედ ნიუის", - თქვა ერთხელ ბატონმა.

სახლი
2009 წელს ფეტელმა შვეიცარიის კანტონ ტურგაიში შეიძინა სახლი, სადაც დღეს ცხოვრობს. მის გვერდით საჩოგბურთო კორტის და 25-მეტრიანი აუზის აშენება სურდა, მაგრამ ბუნების დამცველები არ აძლევენ ამის საშუალებას.

ჟესტი
ყოველი გამარჯვების შემდეგ მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს ზეცისკენ იშვერს. წელს საყვარელი ჟესტის შესასრულებლად ორივე ხელის საჩვენებელი თითი გამოიყენა, რითაც დააფიქსირა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა. საფირმო ჟესტი პირველად 2008 წელს მონცაში გვიჩვენა, როცა კარიერაში პირველად მოიგო ფორმულა 1-ის ეტაპი. სხვათა შორის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი იდეალური ფორმის არ აქვს - 2006 წელს სპაზე მოიტეხა.

ხელფასი
აქ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა წყაროების უმრავლესობა იტყობინება, რომ ფეტელი "რედ ბულში" წელიწადში 15-16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამ რიცხვში შედის 3-მილიონიანი ბონუსი ჩემპიონატის მოგებისთვის. ფეტელი პრაქტიკულად ერთადერთი პილოტია, რომელიც მენეჯერის გარეშე გადის ფონს. შემოსავლებით ის მხოლოდ ალონსოს (25 მილიონი) და შუმახერს (21 მილიონი) ჩამორჩება.

მოულოდნელობა
შემოდგომის დასაწყისში ფეტელმა განაცხადა: "შესაძლოა, 4-5 წლის შემდეგ აღარ მქონდეს ფორმულა 1-ში გამოსვლის სურვილი და რაიმე სხვა საქმე ავირჩიო". გამოდის, რომ 28 წლის ასაკში აპირებს კარიერის დასრულებას? ცნობისთვის, შუმახერმა მეშვიდე ტიტული 35 წლის ასაკში აიღო.

მესი
გერმანიაში სიამოვნებით ადარებენ ერთმანეთ მსოფლიოში ორ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს. ერთიც და მეორეც ზოდიაქოთი კიბორჩხალაა, ერთ წელს დაიბადნენ (1987) ათი დღის სხვაობით. ორივეს ოჯახი ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. მომავალი მრბოლელი და ფეხბურთელი საყვარელ საქმეს ადრეულ ასაკში შეუდგნა: სება კარტში სამი წლისა ჩაჯდა, ლეომ მამის ხელმძღვანელობით ხუთი წლისამ დაიწყო ბურთის გორება. პატივმოყვარენი, დაუღალავები, გონებამახვილურები ერთი მეორის მიყოლებით სწრაფად იღებდნენ სიმაღლეებს. ჰყავთ საიმედო და მუდმივი მეგობარი გოგონები: ფეტელი თავის ჰანას ექვსი წელია იცნობს, მესი ანტონელას (ის როსარიოში საუკეთესო მეგობრის დაა) - ხუთი წელი.

ჰანა
ჰანა მშობლიური ჰეპენჰაიმის გიმნაზიაში გაიცნო. ახლა, სებას 23 წლის მეგობარი ტექსტილის დიზაინს სწავლობს ბადენ-ვიუტემბერგში. 2006 წელს, მონცაზე სტუმრობის შემდეგ ფორმულა 1-ის ეტაპს მხოლოდ ერთხელ დაესწრო - წელს სუზუკაზე, როცა სებასტიანმა მეორე ტიტული გაინაღდა.

პერმეკოსკი
სუზუკაზე ტრიუმფისთანავე ფეტელმა მხოლოდ ერთი სახელი ახსენა - ტომი პერმეკოსკი. 28 წლის ფინელი ფიზიოთერაპევტი ადრე ფინეთის ქალ ჰოკეისტთა ნაკრებში მუშაობდა, 2008 წლიდან კი სებას მეურვეა. ისინი წელიწადში 300 დღე ერთად არიან.

შედარება
გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ფეტელი არანაკლედ პატივმოყვარეა, ვიდრე შუმახერი. ამბობენ, რომ ნიჭსა და საჭის შეგრძნებაში სენას არ ჩამოუვარდება. ლაუდასგან სებამ სიმშვიდე და სიტუაციის გათვლა აიღო. და რაც მთავარია, არც ერთი ძველი ვარსკვლავი ასე კაშკაშა არ ყოფილა ფეტელის დღევანდელ ასაკში.

თილისმა
ყოველი რბოლის წინ სება ფეხსაცმელში ბებია მარგარეტისგან ნაჩუქარ ვერცხლის მონეტას დებს. მასზე გამოსახულია წმინდა კრისტოფორუსი, რომელიც თურმე იცავს მოგზაურებსა და იმათ, ვინც საჭესთან ზის. პირველად ფეტელმა ეს მონეტა ფეხსაცმელში 2008 წელს მონცაზე ჩადო და მას შემდეგ არ ღალატობს ტრადიციას.

ფეხბურთი
სებასტიანი მინდორზე დიდი სიამოვნებით გადის, დაუღალავად დარბის, მაგრამ ზედმეტის აღება უყვარს საკუთარ თავზე. ფრანქფურტში ჩატარებული მატჩის დროს ფეტელმა რამდენჯერე არ შეიმჩნია უკეთეს პოზიციაში მყოფი პარტნიორი და თავად დარტყმა გადაწყვიტა.

ციფრები
ფეტელი რბოლის დროს ორ კილოგრამზე მეტს კარგავს და 1200 კალორიას წვავს. გადატვირთვა კოსმოსურია: საათში 100 კილომეტრ სიჩქარეს 1.7 წამში ანვითარებს, 300 კმ/სთ-ს - 8.6 წამში. ბოლიდმა შეიძლება განავითაროს საათში 410 კილომეტრი სიჩქარე. 200 კმ/სთ სიჩქარისას პილოტი მანქანას სამ წამში აჩერებს. რბოლის დროს პილოტები საჭეზე ღილაკების მეშვეობით დაახლოებით 2800-ჯერ რთავენ სიჩქარეს. ყოველ წამს, როცა ბოლიდი ტრასაზეა, ბოქსებში ინჟინრები მანქანისგან 150 ათას სიგნალსა და შეტყობინებას იღებენ.

შუმახერი
დღევანდელი ჩემპიონის კერპი და მეგობარი. ამ სეზონში მიხაელმა ერთხელ მაინც გაასწრო სებასტიანს - მშობლიურ ქალაქ კერპენში კარტის ავტომობილით 10-საათიან საჩვენებელ რბოლაში, რომელიც იმ ავტოკლუბის 50-წლიან იუბილეს მიეძღვნა, სადაც კარიერას იწყებდა შუმახერი და ბავშვობაში გამოდიოდა ფეტელი. სწორედ აქ გადაიღეს 1994 წელს ისტორიული ფოტო, რომელზეც შუმახერი თასს გადასცემს 7 წლის სებასტიანს. მიხაელს არაერთხელ უთქვამს: თუ ვინმეს უწერია მისი რეკორდების დამხობა, უნდა, რომ ეს სებასტიანმა გააკეთოს.

ექლსტოუნი
ფეტელი ფორმულა 1-ის ბოსის ფავორიტია. სპაზე რბოლის წინ ბერნიმ სება თავის იახტაზე დაპატიჟა. იახტას "პეტარა" ჰქვია - ექლსტოუნის ქალიშვილების პეტრასა და ტამარას საპატივცემულოდ. სხვათა შორის ბერნიმ მიანიშნა ფეტელს: წინააღმდეგი არ იქნება, თუ სება მათთან გაისეირნებს, მაგრამ ფეტელს ჰანასთან ურჩევნია.

იუმორი
სებასტიანს ძალიან კარგად გამოსდის ფრანც ბეკენბაუერისა და ბორის ბეკერის პაროდია. ბერლინში ფორმულა 1-ის შოუს დროს ღიმილით ითხოვა კამერების გამორთვა, რომლებიც ქუჩებში სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებენ. როცა ფრანქფურტში გამართული საფეხბურთო მატჩის დროს ერთ-ერთმა მეტოქემ დამცინავად იოლად გაუტარა ფეხებსშუა ბურთი, ფეტელი მინდორზე დაეცა და ქვითინი დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული