ოფიციალურად: კუბიცა სეზონის სტარტს გამოტოვებს

AutoSharing Option
პოლონელმა რობერტ კუბიცამ ფრანგულ საჯინიბო "ლოტუს-რენოს" აცნობა იმის შესახებ, რომ თებერვლის ავარიის შემდეგ ინტენსიური აღდგენითი პროგრამის მიუხედავად, ის ჯერ მზად არ არის რბოლებში დასაბრუნებლად.

პოლონელ პილოტს დამატებითი დრო დასჭირდება, თუმცა უკვე შეუძლია სხვების დაუხმარებლად გადაადგილება, ხელისა და მაჯის ხმარება...

პილოტის მენეჯერი დანიელ მორელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "ლოტუს-რენოსთან" მომავალი სეზონის კონტრაქტთან დაკავშირებით, ხოლო ფრანგული საჯინიბო კი პოლონელი პილოტის ყველაზე ოპტიმალური შემცვლელის ძებნით არის დაკავებული.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაძაბული მუშაობა მქონდა, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯერ მზად არ ვარ მომავალი სეზონში
რბოლებში მონაწილეობისთვის.

დავურეკე გუნდის ხელმძღვანელობას და სიტუაცია ავუხსენი. ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე გონივრული ვარიანტია. გარდა ამისა, ვიცი, რომ გუნდმა უკვე აქედანვე უნდა დაიწყოს მზადება მომდევნო სეზონისთვის, ამიტომაც არასწორი იქნებოდა ჩემი დაბრუნების თარიღის მუდმივად წინ გადაწევა.

აღდგენითი პროცესით კმაყოფილი ვარ. ჩემი ექიმები კვლავაც გაოცებულნი არიან გამოჯანმრთელების ტემპებით, მაგრამ დიდი დრო დამჭირდება, რადგან აბსოლუტურად მზად უნდა ვიყო რბოლებში დაბრუნების მომენტში.

ვწუხვარ, რომ ხშირად არ გაწვდიდით ინფორმაციას ჩემი მდგომარეობის შესახებ. მადლობას ვუხდი მეგობრებსა და ჟურნალისტებს იმისთვის, რომ გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას. მათი დახმარებით გადავლახე ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდი", - განაცხადა რობერტ კუბიცამ.

"მთელი ჩვენი გუნდი ძალიან იმედგაცრუებულია. იმედი გვქონდა, რომ კუბიცა შეძლებდა მომავალი სეზონის პირველ რბოლაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა. ჩვენ კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ მას და ყველანაირად დავეხმარებით. მას ელის ფორმის აღდგენის პროგრამა, რომელშიც შედის სიმულატორზე მუშაობა და ტესტები ფორმულა 1-ის მანქანაზე.

ჩვენ კი მოლაპარაკებებს ვიწყებთ რამდენიმე პილოტთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად გავარკვიოთ შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის. კუბიცა მაშინვე დაუბრუნდება გუნდს, როგორც კი ამის შესაფერისი მომენტი დადგება. გუნდის 520 თანამშრომლის სახელით მას სწრაფად აღდგენას ვუსურვებ", - ამბობს "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელი ერიკ ბუიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული