"რედ ბულმა" დუბლით დაამთავრა

AutoSharing Option
შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ, რომელზეც წვიმას ელოდნენ, ყველა იმ აზრამდე მივიდა, რომ რბოლის დღეს ნალექი გარდაუვალი იქნებოდა. მართლაც, სტარტამდე დიდი ხნით ადრე მცირე წვიმა მაინც წამოვიდა, მაგრამ, საერთო ჯამში, სინოპტიკოსთა პროგნოზი არ გამართლდა და პილოტებს მშრალ ტრასაზე მოუწიათ სეზონის ბოლო ეტაპის დაწყება.

ბრაზილიური გულშემატკივრების კერპმა რუბენს ბარიკელომ ("უილიამსი"), რომელსაც ტრადიციულად პრობლემები ხვდება საშინაო ეტაპზე, ამჯერადად არ უღალატა ტრადიციას და სტარტზევე დაკარგა ყველაფერი, რასაც კვალიფიკაციისას მიაღწია: პირველი წრის შემდეგ ის მეოცე ადგილამდე ჩამოქვეითდა და თანაგუნდელ პასტორ მალდონადოსაც კი ჩამორჩა. რაც შეეხება ამ
სეზონში სტარტის "მეფედ" მიჩნეულ მიხაელ შუმახერს ("მერსედესი"), მან ერთი ადგილი წააგო პოლ დი რესტასთან ("ფორს ინდია"), მაგრამ მალე დაიბრუნა დაკარგული პოზიცია.

წინ კი სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") დამაჯერებლად ინარჩუნებდა ლიდერობას, მარკ უებერმა ("რედ ბული") წინ არ გაუშვა ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი"). ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი") ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") ჩამოიტოვა უკან. შემდეგ მიდიოდნენ ფელიპე მასა ("ფერარი"), ნიკო როსბერგი ("მერსედესი"), ადრიან სუტილი ("ფორს ინდია") და ბრუნო სენა ("ლოტუს-რენო"). ამ უკანასკნელს კვალში ჩაუდგა შუმახერი და მეათე წრეზე შედგა ორივე პილოტისთვის საბედისწერო გასწრება. შუმახერი სასტარტო სწორ მონაკვეთზე წინ გავიდა და მოსახვევამდე ოდნავ მოუჭრა დისტანცია ბრუნოს, რის შემდეგაც მანქანები საბურავებით შეეხნენ ერთმანეთს. ცოტა ხანში მეორე კონტაქტს ჰქონდა ადგილი და სენამ წინა ანტიფრთით დააზიანა მიხაელის ბოლიდის უკანა საბურავი.

თითქოს ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტი იყო, მაგრამ სტიუარდებმა ბრაზილიელი ჯარიმით დასაჯეს - შესაძლოა, იმის გამო, რომ პირველი კონტაქტის შემდეგ მან ხელების ქნევა დაიწყო იმის ნაცვლად, რომ მეორე შეჯახება აეცილებინა თავიდან. მიხაელის დასჯას კი აზრი არ ჰქონდა, რადგან მან ისედაც სამი საბურავით იარა მთელი ერთი წრე და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. სენა პიტ-ლეინზე საჯარიმო შესვლის შემდეგ ასევე გამოვარდა ტოპ-ათეულიდან, შემდეგ კი გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული პრობლემების გამო სიჩქარე დაკარგა.

გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით მხოლოდ სენას არ ჰქონია ხარვეზები. პრობლემა შეექმნა წინ დამაჯერებლად მიმავალ ფეტელს. სებასტიანი დიდი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებდა უებერთან რამდენიმეწამიან უპირატესობას, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა მოსახვევები არაოპტიმალური სიჩქარით გაევლო და საბოლოოდ, უბრძოლველად გაატარა წინ პარტნიორი. მაგრამ უცნაურობა ის იყო, უებერის წინ გასვლის შემდეგ, სებასტიანი ბევრს აღარ აგებდა ავსტრალიელთან, რამაც გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ "რედ ბულმა" გუნდური ტაქტიკა გამოიყენა და უებერს სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების საშუალება მისცა.

"მაკლარენისა" და "ფერარის" პილოტებს გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩაბმა არ შეეძლოთ. ალონსო იმითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რომ ბატონზე სწრაფი აღმოჩნდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ჰემილტონის შეყოვნება კი ჯენსონმა მოახერხა. მასამ გაახარა პუბლიკა მცირეხნიანი ლიდერობით, რადგან ბრაზილიელმა გვიან შეასრულა პიტსტოპი - როგორც ჩანს, ფელიპეს ერთით ნაკლები პიტსტოპი ჰქონდა დაგეგმილი.

ასეთივე ტაქტიკური ვარიანტი აირჩია დი რესტამ, აგრეთვე "ზაუბერისა" და "ტორო როსოს" პილოტებმა.

ამასობაში, გამოჩნდა გადაცემათა კოლოფის მესამე მსხვერპლი - ლუის ჰემილტონი. და, თუ ფეტელი და სენა აგრძელებდნენ მოძრაობას (სებმა ერთხელ საუკეთესო წრეც კი დააფიქსირა), ჰემილტონი ფელიპე მასასთან საინტერესო ბრძოლის შემდეგ (ამჯერად, ყველაფერმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა) იძულებული გახდა ბრძოლას ჩამოშორებულიყო: გადაცემათა კოლოფმა ნაადრევად გაამგზავრა ბრიტანელი არდადეგებზე.

ბრწყინვალედ მიჰყავდა რბოლა სუტილს: მიუხედავად იმისა, რომ მან როსბერგზე ერთით ნაკლები პიტსტოპი შეასრულა, საბოლოოდ, ადრიანმა წაართვა ნიკოს მეექვსე ადგილი შესანიშნავი გასწრების წყალობით. წესრიგში იყო დი რესტაც - ის მერვე ადგილზე იყო. ფინალური პიტსტოპის შემდეგ. ათეულში შეაღწიეს კამუი კობაიაშიმ ("ზაუბერი") და ვიტალი პეტროვმა ("ლოტუს-რენო").

დავუბრუნდეთ ლიდერებს. მესამე პიტსტოპის შემდეგ ბატონმა გუნდისგან მიიღო ნებართვა დარჩენილი წრეები კვალიფიკაციის რეჟიმში გაევლო. ამის შემდეგ ის ძალიან მალე დაეწია ალონსოს: თითქმის ხუთწამიანი ჩამორჩენა წამის მეათედებამდე დავიდა. და 61-ე წრეზე "ფერარიმ" პოდიუმის შანსი დაკარგა. მაგრამ ბატონი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებდა: "მაკლარენი" მაშინვე ფეტელის გასწრებაზე გადაერთო, რომელიც ნელ-ნელა მაინც კარგავდა სიჩქარეს და ერთხელ ტრასიდან გადავარდა. და მაინც, რვა წრის განმავლობაში 11-წამიანი ჩამორჩენის გაბათილება შეუძლებელი აღმოჩნდა და ბატონს მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია, რამაც მას ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

უებერმა კი შეძლო სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება. ფეტელმა ბრწყინვალე წელი პოდიუმზე დაასრულა. ალონსომ და მასამ ხუთეულში შეაღწიეს. სეზონი დასრულდა და მისი შედეგების შესახებ შემდეგ ნომრებში ვისაუბრებთ.

ბრაზილიის გრან-პრი. XIX ეტაპი
ინტერლაგუში (71 წრე, 305.909 კმ)
1(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1:32:17,464
2(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +16,983
3(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +27,638
4(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +35,048
5(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1:06,733
6(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
7(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
8(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
9(16). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
10(15). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) 1 წრე
11(13). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
12(14). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
13(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
14(12). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
15(10). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
16(20). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
17(9). ბრუნო სენა (ლოტუს-რენო, ბრაზილია) 2 წრე
18(19). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
19(23). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 3 წრე
20(22). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 3 წრე
21(21). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 6 წრე
22(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 24 წრე
23(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 43 წრე
24(24). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 48 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 650 ქულა; 2. მაკლარენი - 497; 3. ფერარი - 375; 4. მერსედესი - 165; 5. ლოტუს-რენო - 73; 6. ფორს ინდია - 69; 7. ზაუბერი - 44; 8. ტორო როსო - 41; 9. უილიამსი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული