მოკითხვა მენსელს!

AutoSharing Option
ბრაზილიის გრანპრი იმით იყო გამორჩეული, რომ სებასტიან ფეტელმა 2011 წლის სეზონი მნიშვნელოვანი რეკორდით დაასრულა.

"რედ ბულის" პილოტმა წლევანდელ ჩემპიონატში მე-15 პოული მოიპოვა, რითაც დაამხო ლეგენდარული ნაიჯელ მენსელის რეკორდი, რომელიც 1992 წელს იყო დამყარებული. მაშინ მენსელმა 14-ჯერ აიღო სტარტი პირველი პოზიციიდან.

"კვალიფიკაციის წინ ბევრს ლაპარაკობდნენ ამ რეკორდის შესახებ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ვარიანტი იყო, თუ წინასწარ არ ვიფიქრებდი ამ მიღწევაზე.

ბრაზილიური უქმეების დასაწყისი არც ისე წარმატებული გამოვიდა. მანქანის ბალანსი მოიკოჭლებდა, მაგრამ საჭირო ზომები მივიღეთ და კვალიფიკაციის სტარტისთვის ყველაფერი წესრიგში იყო
- ბოლიდი მაღალ სიჩქარეს აჩვენებდა. ფინალური სესიის პირველივე წრეზე მისაღები დრო ვაჩვენე, მაგრამ ვიცოდი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო და საბოლოოდ, ბოლო ცდაზე მანქანისგან მაქსიმუმი მივიღე.

ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ემოციებით დატვირთული ვიყავი. თუმცა საკმაო ხანი მომიწია ლოდინი იმის გასაგებად, საკმარისი იყო თუ არა ჩემი დრო პოულის მოსაპოვებლად. მოგვიანებით, ჩემმა ინჟინერმა რადიოთი შემატყობინა, რომ ჯენსონმა მხოლოდ მეორე დრო აჩვენა, შემდეგ ის მარკ უებერმა შეავიწროვა... მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცხადი, რომ პოული ჩემი საკუთრება იყო.

ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებული კვალიფიკაცია იყო ჩემთვის. ის სხვებს არ ჰგავდა. რა თქმა უნდა, წინა რეკორდის მფლობელმა ნაიჯელ მენსელმა 1992 წელს სამით ნაკლები რბოლა ჩაატარა, მაგრამ ეს მაინც ისტორიული მომენტია, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა რეკორდის დამყარების შემდეგ ფეტელმა.

"ვულოცავ სებას! შესანიშნავი წრე გაიარა და ბრწყინვალე შედეგს მიაღწია, - დაწერა თავის "ტვიტერზე" მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონმა ნაიჯერ მენსელმა. - "რედ ბული" დიდი გუნდია და მას წარმატებას ვუსურვებ".

როგორც ჩანს, ფეტელი დარწმუნებული იყო, რომ მენსელის რეკორდს მოხსნიდა. მან ჯერ კიდევ სან პაულუს აეროპორტში შეიძინა ჯამბაზის ულვაშები და კვალიფიკაციის შემდეგ დაიწება, რითაც მისალმება გაუგზავნა ნაიჯელს. როგორც ცნობილია, აქტიური კარიერის წლებში ინგლისელის სავიზიტო ბარათი სწორედ ულვაშები იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული