ოფიციალურად: კიმი ”რენოში” წავიდა!

AutoSharing Option
ფრანგულმა საჯინიბო "ლოტუს-რენომ" გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში მისი ერთ-ერთი საპრიზო პილოტი კიმი რაიკონენი იქნება. ფინელმა უკვე მოაწერა ხელი ორწლიან კონტრაქტს.

32 წლის რაიკონენი ადრე "ზაუბერის", "მაკლარენისა" და "ფერარის" რიგებში გამოდიოდა. მას "სკუდერიას" ბოლიდით აქვს მოგებული 2007 წელს კარიერაში ერთადერთი ტიტული. 2009 წლის სეზონის დასრულების შემდეგ რაიკონენმა დატოვა "სამეფო რბოლები" და ძალები სცადა რალიში. 2011 წელს კიმიმ ნასკარის სერიაშიც მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ ვერც იქ მიაწია წარმატებას.

* * *
გუშინ, კიმი რაიკონენმა თავისი ახალი გუნდის პრეს-სამსახურს ინტერვიუ მისცა და განმარტა,
რატომ გადაწყვიტა დაბრუნება და აღნიშნა, რომ მოტივაციის მხრივ პრობლემა არ გააჩნია.

- კიმი, რატომ გადაწყვიტეთ ფორმულა 1-ში დაბრუნება?
- მთავარი მიზეზი ისაა, რომ არასოდეს დამიკარგავს ფორმულა 1-ის მიმართ ინტერესი. წელს ძალები ვცადე ამერიკულ სერია ნასკარში და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად კონტაქტური ბრძოლა მაკლდა. რალიში მხოლოდ წამზომის წინააღმდეგ გიწევს ბრძოლა, ნამდვილი პაექრობა კი სანატრელი მქონდა. ამ ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა "ლოტუს-რენოსთან". საბოლოოდ, კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, რაც ძალიან მახარებს.

- რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც "ლოტუს-რენო"?
- მხოლოდ ორი ვარიანტი მქონდა - ეს გუნდი ან "უილიამსი". საბოლოოდ, "ლოტუს-რენოსთან" იდეალურად აეწყო ურთიერთობა. აი, ეს არის მიზეზი.

- ადევნებდით თუ არა თვალს წელს ამ გუნდის გამოსვლას?
- შარშან საერთოდ არ დავინტერესებულვარ ფორმულა 1-ით, მაგრამ წელს მას დიდი ყურადღება დავუთმე. თუმცა კონკრეტულად რომელიმე გუნდს არ ვაკვირდებოდი. მხოლოდ ბრაზილიის გრანპრიზე გავაკეთე ეს, რადგან უკვე ვიცოდი, რომ "ლოტუს-რენოში" მივდიოდი, თუმცა გუნდში ამის შესახებ ყველამ არ იცოდა.

- როგორ ფიქრობთ, 2009 წლის შემდეგ ფორმულა 1-მა სერიოზული ცვლილება განიცადა?
- მთავარი განსხვავება - საბურავებშია. ძირითადად კი, ვფიქრობ, მანქანა ძალიან არ შეცვლილა. გაჩნდა უკანა მოძრავი ანტიფრთა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ღილაკია.

- რით განსხვავდებით იმ კიმი რაკონენისგან, რომელმაც 2009 წელს ფორმულა 1 დატოვა?
- არ ვიცი. ორი წელი გამოვტოვე, ერთხელაც არ ვმჯდარვარ ფორმულა 1-ის ბოლიდში. საინტერესო იქნება საჭესთან დაბრუნება. ორი შესანიშნავი წელი გავატარე რალიში, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა. რთული სახეობა ყოფილა. მართლაც მოუთმენლად ველოდები დაბრუნებას. ვიცი, როგორ მუშაობს ფორმულა 1, იქ მრავალი წელი გავატარე, ხოლო რალისა და ნასკარში არ ვიცოდი, რა მელოდა. ამ მხრივ, დაბრუნება იოლი უნდა იყოს.

- უკვე დაიწყეთ სპეციალური ვარჯიშები ფორმულა 1-ში დასაბრუნებლად?
- დიახ. რალიში მუდმივად ვვარჯიშობდი, მაგრამ გასაგებია, რომ იქ სულ სხვა ფიზიკური დატვირთვები იყო - თითქმის მთელს კვირას საჭეს უზიხარ. ფორმულა 1-ში მეტი ფიზიკური მოთხოვნებია, მიუხედავად იმისა, რომ საჭესთან ნაკლებ დროს ატარებ. დიახ, დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყე სპეციალური ვარჯიშები ფორმულა 1-სთვის. ყველაზე რთულია - კისრის მომზადება, მაგრამ დრო საკმარისად გვაქვს.

- მომავალ წელს სტარტზე მსოფლიოს ექვს ჩემპიონს ვიხილავთ. ეს დამატებით მოტივაციას გმატებთ?
- მოტივაციის ნაკლებობა რომ მქონდეს არ დავბრუნდებოდი. ავტოსპორტში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ არ იცის სინამდვილეში რით ვარ დაკავებული და რას ვფიქრობ. მე არ მაღელვებს რას ლაპარაკობენ სხვები. სიამოვნებას ვიღებ ამ დაბრუნებით. ამას ჩემთვის სიამოვნება რომ არ მოჰქონდეს, კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. წინ ძალიან საინტერესო სეზონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიმი და გროსჟანი იქნებიან? იმედია ვინმე წესიერს მონახავენ
avtuko
20:46 30-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული