* * *
ყველაზე სწრაფი არგენტინელი ხუან-მანუელ ფანხიო გასული საუკუნის 50-იანი წლების ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. არ არსებობს სპორტის მოყვარული, ვისაც გაგონილი არ აქვს
ფანხიო საკუთარმა პასუხისმგებლობის გრძნობამ დააღალატა. სეზონის დაწყებამდე ის დათანხმდა პარიზში არაჩასათვლელ რბოლაში მონაწილეობას. მან ავიარეისზე დააგვიანა და გადაწყვიტა იტალიიდან საფრანგეთში საკუთარი ავტომობილით წასულიყო. ფანხიომ რბოლის დაწყებიდან ნახევარი საათით ადრე მიაღწია დანიშნულების ადგილს. მას იქ ახალი ბოლიდი დაახვედრეს, მაგრამ, ბუნებრივია, მრბოლელს საერთოდ არ ჰქონდა დრო ტექნიკასთან შესაჩვევად. მეორე წრეზე არგენტინელი სიჩქარის გადართვისას შეცდა, რამაც საშინელი ავარია გამოიწვია. ფანხიომ მძიმე ტრავმები მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა. მისი აღდგენის პროცესი სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. პილოტმა მოასწრო შემდეგი ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება და იქ ტიტული მოიპოვა. შემდეგ კიდევ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით დიდი ხანი მიუღწეველი იყო.
* * *
ალბათ, ფორმულა 1-ში ყველაზე იღბლიანი ადამიანია ნიკი ლაუდა. ლეგენდარულმა ავსტრიელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1975 და 1977 წლებში მოიგო, ამ ტრიუმფებს შორის კი მან კომაში ყოფნა მოასწრო და კინაღამ კიდევ ერთი ჩემპიონობა მოიპოვა. მაშინ ავსტრიელმა აბსოლუტურად სწორად შენიშნა, რომ სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველანაირ პრიზს სჯობდა. მას შემდეგ, რაც ნიკი ორგზის ჩემპიონი გახდა, კიდევ ორი წელი დარჩა რბოლებში, მაგრამ 1979 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ისიც დაამატა, რომ საკუთარ ბიზნესს იწყებდა.
ავიაკომპანია, რომელიც ლაუდამ დააარსა, ფინაანსურად წამგებიანი გახდა, ამიტომაც 1982 წლის სეზონის დაწყებამდე ნიკიმ განაცხადა, რომ მზად იყო რბოლებში დასაბრუნებლად. მსოფლიოს ჩემპიონი "მაკლარენმა" გაიფორმა. პირველ ორ წელს ლაუდას ამ გუნდში არაფერი გამოუვიდა, მაგრამ რონ დენისმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და ავსტრიელი თავისთან დაიტოვა. 1984 წელს ლაუდამ მადლობა ტიტულის მოგებით გადაუხადა, როცა სულ რაღაც ნახევარი ქულით გაუსწრო ახალგაზრდა და ნიჭიერ ალენ პროსტს.
* * *
ალან ჯონსი დიდი ხანი ჯიუტად მიდიოდა ჩემპიონის ტიტულისკენ. ეჭვგარეშეა, რომ მან დაიმსახურა ამგვარი აღიარება. ამ გამარჯვებით ავსტრალიელმა სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ფრენკ უილიამსის გუნდის ისტორიაში – ბრიტანულ საჯინიბოს პირველი ჩემპიონობა მოუტანა. შემდეგ სეზონში ალანმა ოდნავ მოუკლო, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა ტიტულის დასაცავად – არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ჯონსმა კარიერა დაასრულა, მშობლიურ ავსტრალიაში დაბრუნდა და ფერმერობას მიჰყო ხელი. მისი პაუზა სამი წელი გაგრძელდა.
1985 წელს ამერიკულმა გუნდმა "ჰაასმა" ჩემპიონის დაბრუნება გადააწყვიტა, რითაც საკუთარ თავს დამატებითი რეკლამა გაუწია. ჯონსისთვის ფინანსური წინადადება მეტად მაცდური აღმოჩნდა და მან წელიწადნახევარი გაატარა ამერიკელთა რიგებში. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, სამაგიეროდ, სოლიდური ფულადი ანაზღაურება მიიღო.
* * *
90-იანი წლების დასაწყისში "ფერარი" ცუდად მოექცა ალენ პროსტს. ბოლო მომენტში იტალიელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს ფრანგ პილოტს. თანაც, 1992 წლისთვის ყველა ტოპ-გუნდის შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებული იყო და ამიტომაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ერთწლიანი პაუზის აღება მოუწია.
პროსტის არყოფნამ ნაიჯელ მენსელის სრული დომინირება გამოიწვია, რომელმაც ტიტულის მოპოვების შემდეგ რბოლების მიტოვება გადაწყვიტა. სერ ფრენკ უილიამსს დიდი ხანი არ უძებნია მენსელის შემცვლელი. მან სწრაფად გაიფორმა ალენი, რომელმაც დაბრუნებისთანავე მოიგო ტიტული და საბოლოოდ დაასრულა პილოტის კარიერა.
* * *
დიდი ხანი რბოლების გარეშე ვერც ბიგ-ნაიჯმა გაძლო. სამწუხაროდ, ამას დიდწილად ხელი შეუწყო იმოლას ტრაგიკულმა უქმეებმა. ბრიტანელი "უილიამსში" შემცვლელად დაბრუნდა. 1994 წელს მან ოთხი რბოლა ჩაატარა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოიგო, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცნება - ყოფილი ჩემპიონი არ არსებობს. გამარჯვების გემოს გახსენების შემდეგ მენსელმა გადადო სპორტიდან წასვლა და "მაკლარენთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ზედმეტმა წონამ მაინც თავისი გააკეთა. ამ გუნდში ბიგ-ნაიჯმა მხოლოდ ორი რბოლა ჩაატარა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაასრულა ფორმულა 1-ში გამოსვლა, თუმცა "ჯორდანში" უწევდა ტესტების ჩატარება.
* * *
ცოტა ხნის წინ, პელოტონში კიდევ ერთი დაბრუნებული ჩემპიონი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ერთადერთ და განუმეორებელ მიხაელ შუმახერზე. 2009 წლის დეკემბერში "მერსედესმა" გამოაცხადა, რომ აბრუნებს "სამეფო რბოლებში" მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. თუმცა პირველი ორი სეზონი მიხაელისთვის არც ისე წარმატებულად განვითარდა, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა.
წლევანდელ სეზონში მომენტებში ისევ ვიხილეთ ძველი შუმახერი, თუმცა მისი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციას ხან ტექნიკა უშლიდა ხელს, ხან თავად პილოტი და ხან იღბალი. ცხადია, რომ გერმანელს ჯერ არ უთქვამს საბოლოო სიტყვა. მით უმეტეს, რომ ლაუდამ ასევე სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩააგდო "მაკლარენში" პირველი ორი სეზონი, შემდეგ კი ჩემპიონი გახდა.