ფრანგული საჯინიბოს ოფიციალურ პრეს-რელიზში წერია, რომ წელს GP2-ის სერიის გამარჯვებულმა გროსჟანმა “ლოტუს-რენოსთან” თანამშრომლობით და მესამე პილოტის ფუნქციების შესრულებით სასარგებლო გამოცდილება მიიღო.
“აღელვებული ვარ იმით, რომ 2012 წელს ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საპრიზო პილოტი ვიქნები. მადლობას ვუხდი გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და მოხარული ვარ იმით, რომ ვბრუნდები “სამეფო რბოლებში” მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონთან ერთად. ეს დამეხმარება ოსტატობის დონის ამაღლებაში”, -
თავის მხრივ, გუნდის დირექტორმა ერიკ ბულიემ მადლობა გადაუხადა ვიტალი პეტროვსა და ბრაზილიელ ბრუნო სენას 2011 წელს გუნდის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის.
ამ ტრანსფერით პილოტთა ბაზარზე ერთი ვაკანსიით ნაკლები დარჩა, თუმცა რამდენიმე გუნდს ჯერ არ შეუდგენია შემადგენლობა 2012 წლისთვის: “უილიამსს” არ დაუსახელებია პასტორ მალდონადოს მეწყვილე, “ფორს ინდიაში” ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ პოლ დი რესტას თანაგუნდელის თაობაზე, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება გერმანელი ნიკი ჰიულკენბერგი.
ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა გუნდში გადაადგილებები. ასე მაგალითად, შვეიცარიული გაზეთი “ბლიკი” წერს, რომ “ზაუბერი” იაპონელი კამუი კობაიაშის გაშვებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, გუნდში იმედგაცრუებული არიან იაპონელის წლევანდელი შედეგებით. მან კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ საბოლოოდ, ვერ დაეხმარა გუნდს კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილის მოპოვებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"