სამი პილოტი ერთ ვაკანსიაზე

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, 2012 წლის სეზონისთვის ფორმულა 1-ის გუნდებში თითქმის აღარ დარჩა ვაკანსია. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ერთი ადგილი აქვს დარჩენილი შემადგენლობაში - ბრიტანული "უილიამსი" გახლავთ.

ბრაზილიური გაზეთი Globo Esporte წერს გროუვიში, "უილიამსის" ბაზაზე ბრუნო სენას ვიზიტის შესახებ. ბრაზილიელმა პილოტმა საჯინიბოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა და ფიზიკურ ფორმაზე ტესტი ჩაატარა. გროუვის ბაზას ვაკანტური ადგილის მაძიებელი კიდევ ორი პრეტენდენტი ეწვია - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, რომელსაც ხუთმილიონიანი სპონსორული მხარდაჭერა აქვს და გერმანელი ადრიან სუტილი, ვისაც კომპანია Medion-სგან 15 მილიონი მიაქვს გუნდში. სამივე ვიზიტს კერძო ხასიათი
ჰქონდა და სხვადასხვა დროს შედგა.

გუნდი არ ჩქარობს მეორე პილოტის დასახელებას და ბრიტანული პრესა ამასთან დაკავშირებით ხუმრობს - ყოველდღიურად კონტრაქტის ფასი ასი ათასით იზრდება. თუმცა, შესაძლოა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის. თუ "უილიამსი" ხელს მოაწერს კატარის ეროვნულ ბანკთან სასპონსორო ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში მეორე პილოტის ფინანსური წვლილი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ბრიტანულ საჯინიბოში ბრუნო სენა დაიმკვიდრებს ადგილს.

სხვათა შორის ბრაზილიელმა დაადასტურა "უილიამსთან" მოლაპარაკებები: "საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ დოკუმენტები არ გაფორმებულა. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შეთანხმებას. ცხადია, რომ "უილიამსთან" კონტრაქტი - ყველაზე მისაღები ვარიანტია, ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული