"ფერარი" პოლიტიკას სჯობს

AutoSharing Option
ფიორანოში "ფერარის" ბაზაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, იტალიური საჯინიბოს პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით...

"პოლიტიკაში წასვლა! არა, "ფერარიში" ვრჩები, თუმცა თავის დროზე აქ მოსვლისას ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე დიდხანს დავრჩებოდი გუნდის სათავეში. ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გადავიტანეთ, მაგრამ შესანიშნავ შედეგებსაც მივაღწიეთ როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე მენეჯმენტის მხრივ.

ფორმულა 1-ში წლევანდელი სეზონი ბევრი მიზეზით არ იყო ჩვენთვის პოზიტიური, მაგრამ დიდ იმედებს ვამყარებთ მანქანაზე, რომელსაც 3 თებერვალს წარმოგიდგენთ. ეს მართლაც ინოვაციური პროექტია, რომელშიც დიდი ყურადღება
ექცევა ცალკეულ დეტალებს.

უკმაყოფილო ვართ წელს ფელიპე მასას გამოსვლით, თუმცა ეს ბოლომდე მისი ბრალი არ არის. ჩვენი მანქანის თავისებურებები არ შეესაბამებიდა მის სტილს - ეს უკვე პირველივე ტესტებისას ცხადი გახდა. თანაც "პირელის" საბურავი მისთვის მეტად ხისტი აღმოჩნდა.

ვიცი, რომ თუ კონკურენტუნარიან მანქანას შევქმნით, მასა ძველებურად სწრაფი იქნება. გაისად ფელიპე გააგრძელებს კარიერას "ფერარიში", შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყოველთვის თვალს ვადევნებთ პილოტთა ბაზარზე არსებულ სიტუაციას, არჩევანი დიდია, მაგრამ დღეს, ერთადერთი პრობლემა, რომელიც არ გაგვაჩნია - პილოტთა პრობლემაა.

ჰემილტონი? არ მგონია ღირდეს შეცდომის გამეორება და ერთ გუნდში ისევ ალონსოსა და ლუისის დუეტის აღდგენა. ფეტელი? სებასტიანი ჭკვიანი ახალგაზრდაა, მე კი თუ არჩევანის საშუალება მაქვს, ყოველთვის გონებაგახსნილ პილოტს ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ დღეს არ არსებობს პილოტი, რომელსაც ალონსოს შევადარებდი, რადგან ფერნანდო - უძლიერესი ავტომრბოლია.

ჯენსონ ბატონმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონი - საინტერესო იყო მისი დუელის ხილვა ჰემილტონთან. სუსტი მანქანის მიუხედავად, როსბერგი მეორე წელია წარმატებით გამოდის, უებერი კი ყოველთვის კარგად ართმევს თავს სამუშაოს.

ედრიან ნიუის მოწვევა? მჯერა ჩვენი გუნდის ტექნიკური განყოფილების თანამშრომლების. როცა 1997 წელს ნიუის შევხვდით, მისი მეუღლე იტალიას, ფაქტობრივად, მესამე სამყაროს ქვეყნად აღიქვამდა. მაგრამ თუ ნიუი თავისუფალი იქნება და მისი ცოლით შეიცვლის აზრს, რატომაც არა?! თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს აეროდინამიკის როლი არც ისე მაღალი იქნება - დავიღალეთ იმ ბრძოლით, რომელშიც ყველაფერი აეროდინამიკურ მილში გატარებულ დროზეა დამოკიდებული.

მე ტესტების შემცირების მომხრე ვიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, ის მთლიანად გააუქმეს. საჭიროა საშუალედო გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გვაქვს "ფერარის" აკადემია, გვყავს რამდენიმე ნიჭიერი პილოტი და მაგრამ მე არ შემიძლია ისინი დავსვა კარტის ან GT-ის მანქანის საჭესთან.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ "რეალსა" და "ბარსელონას" ვარჯიშს აუკრძალავენ? რატომ არ შეუძლია ფერარის" იმუშაოს ფიორანოსა და მუჯელოში? შედეგად, მოგვიწია დიდი თანხების გაღება სარბოლო სიმულატორისთვის, რომელსაც მთელი შენობა უკავია.

მსოფლიოს მორიგი კრიზისის პირასაა, საჭიროა სპონსორებთან აქტიური მუშაობა და ტესტები - ეს არის საინტერესო ღონისძიება, რომელსაც კომპანიებისა და კლიენტების მოზიდვა შეუძლია. ევროპაში ასობით ავტოდრომია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათი გამოყენება.

მესამე მანქანა? არასოდეს მითქვამს, რომ "ფერარიმ" ან "მაკლარენმა" მესამე მანქანა უნდა გამოიყვანონ ტრასაზე. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პატარა გუნდებს ესარგებლად ჩვენი ბოლიდებით", - ამბობს დი მონტეძემოლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული