რობერტ კუბიცა საჭეს მიუჯდა

AutoSharing Option
რობერტ კუბიცა მანქანის საჭეს დაუბრუნდა, ოღონდ არა სარბოლო, არამედ ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილის: რამდენიმე კვირის წინ პოლონელმა დამოუკიდებლად დაიწყო ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე Renault Megane-ის მართვა - ამის შესახებ იტალიური ვებგვერდი omnicorse.it წერს.

რობერტმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაართვა თავი "რენოს" მართვას, მარჯვენა ხელით სულ უფრო მეტად დამაჯერებლად უჭირავს საჭე, თუმცა უმძიმესი ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესი გრძელდება. ბოლო დროს ყველაფერი მეტნაკლებად წარმატებით მიდის, არადა, მრბოლელს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ არ გაუმართლა, როცა ქუჩაში სეირნობისას ფეხი მოიტეხა.

დღეისთვის კუბიცა დღეში ხუთ საათს
უთმობს სხვადასხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სამკურნალო ტანვარჯიშს. მარჯვენა ხელის მოძრაობა თითქმის აღდგენილია, მაგრამ გაძლიერებული ვარჯიშები გრძელდება.

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეიმს ალენი იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კუბიცამ ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო ინტენსიური ვარჯიში ველოტრენაჟორზე, ივნისში კი სარბოლო სიმულატორზე მუშაობას შეუდგება. კერძოდ, პოლონელი ზაფხულში აპირებს სარბოლო თვისებების ასი პროცენტით აღდგენას. და თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, კუბიცა ოფიციალურად გამოაცხადებს ავტოსპორტიდან წასვლის შესახებ, - წერს იტალიური პრესა. ერთი რამ ცხადია: კუბიცა არ ნებდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული