"ფერარის" ახალ ბოლიდს მხოლოდ ფოტოებით გავიცნობთ

AutoSharing Option
"ფერარის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეუქმებინა ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, რომელიც მარანელოში იტალიური საჯინიბოს ბაზის ტრასაზე უნდა გამართულიყო. მაგრამ ტრეკის ზედაპირი თოვლის სქელი ფენით არის დაფარული, რაც ხელს უშლის დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას.

ამიტომაც, პრეზენტაცია "სკუდერიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გაიმართება, სადაც "ფერარის" ახალი ბოლიდის სურათებს გამოფენენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მანქანისთვის ჯერ სახელი არ მოუფიქრებიათ.

* * *
ინდური სარბოლო სერიის - i1 Super Series-ის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ვერ ასწრებენ 2012 წელს სადებიუტო სეზონის ჩატარებას და ახალ ჩემპიონატს სტარტი მომავალ წელს მიეცემა. განსაკუთრებული ინტერესი
ამ პროექტის მიმართ, სადაც პილოტები ერთნაირი სიმძლავრის სპორტკარებით უნდა გამოსულიყვნენ, მონაწილეთა შემადგენლობით იყო გამოწვეული.

საერთო ჩათვლაში ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტებს - ჟაკ ვილნევს, ჯანკარლო ფიზიკელას, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენს, ჟან ალეზის, მიკა სალოს, ვიტანტონიო ლიუცის, კარუნ ჩანდჰოკს, ალექს იონგსა და საკონ იამამოტოს.

გეგმის მიხედვით, ხუთეტაპიანი ჩემპიონატის პირველი რბოლა 21 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი თარიღი 12 თებერვალს გადაწიეს, ახლა კი საერთოდ გააუქმეს პირველობა.

* * *
ფორმულა 1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი ნიკ ჰაიდფელდი კი გუნდ Rebellion Racing-ს შეუერთდა, რომლის რიგებშიც ის World Endurance Championship-სა (WEC) და "ლე მანის 24 საათის" ჩემპიონატში გამოვა.

ჰაიდფელდის ეკიპაჟის წევრები იქნებიან ნილ იანი და ნიკოლა პროსტი.

"ბედნიერი ვარ, რომ Rebellion Racing-თან გავაფორმე კონტრაქტი. იმედი მაქვს, შევძლებ გუნდს სერიოზული შედეგები მოვუტანო. თავის დროზე, ლე მანზე ჩატარებული ბოლოს ეტაპის შემდეგ გავიფიქრე, რომ აქ ისევ დავბრუნდებოდი. მინდოდა კვლავ გამომეცადა ძალები ამტანობაზე რბოლებში", - განაცხადა ჰაიდფელდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული