ერთნაირი "ფერარი" და "ფორს ინდია"

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ძლიერი თოვლის გამო "ფერარიმ" გააუქმა 2012 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაცია და გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ფოტოებისა და მანქანის მახასიათებლების გამოქვეყნებით შემოიფარგლა.

F2012 - ეს არის "ფერარის" მიერ ფორმულა 1-სთვის შექმნილი რიგით 58-ე მანქანა. ის შარშანდელი მოდელის დახვეწილ ვერსიას წარმოადგენს. სიახლე ბევრია. ნაწილი უკავშირდება რეგლამენტში ცვლილებებს, ნაწილი იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელსაც გუნდი გასული სეზონის მსვლელობისას წააწყდა. მაგალითად, "ცხვირზე" გაჩნდა ერთგვარი საფეხური, რომელიც ახალი სეზონის მანქანებისთვის არის დამახასიათებელი.

შეიცვალა წინა
და უკანა დაკიდების კონსტრუქცია, მანქანა უფრო კომპაქტური გახდა, მაგრამ წინა და უკანა ანტიფრთა უცვლელია - გუნდი აპირებს ეს კვანძები უშუალოდ ტესტების მსვლელობისას და სეზონის პირველი რბოლების დროს დახვეწოს.

* * *
გუშინვე, სილვერსტოუნში წარადგინა თავისი ახალი მანქანა "ფორს ინდიამ", რომელმაც მიიღო ინდექსი - VJM05. უნდა აღინიშნოს, რომ ვიჯეი მალიას გუნდმა წელს მისთვის სარეკორდო დროში წარმოადგინა ახალი ბოლიდი - წინა წლებში "ფორს ინდია" ვერ ახერხებდა პირველი ტესტებისთვის ახალი შასის მომზადებას.

VJM05-ის შემქმნელები დაახლოებით "ფერარის" გზას დაადგნენ, ანუ მანქანის "ცხვირი" აქაც საფეხუროვანია. არის სხვა სიახლეებიც, რომელიც ახალი ტექნიკური რეგლამენტით არის განპირობებული.

ბრიტანული ჟურნალის Autosport-ის ტექნიკურმა ექსპერტმა მაღალი შეფასება მისცა ინდური გუნდის მანქანას: "ფორს ინდიას" მიერ წარმოდგენილი მანქანა ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თვით Ferrari F2012-ზეც კი. VJM05-ის ყველა ნაწილი შესანიშნავად გამოიყურება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული