საჯინიბოს ხელმძღვანელობამ პრეზენტაციისთვის საკუთარი ინტერნეტ-გვერდი გამოიყენა.
ენსტოუნის ბაზაზე შექმნილი ახალი ბოლიდი შავ და ოქროსფერ ფერებშია გადაწყვეტილი. "ლოტუსის" ინჟინრები არ ჩამორჩნენ "ტექნიკურ მოდას" და ამ შემთხვევაშიც მანქანის ცხვირზე ვხედავთ საფეხურს, რომელიც დამახასიათებელია 2012 წლის ბოლიდებისთვის.
"ლოტუსში" სხვა ბევრი სიახლეცაა. მთავარი ცვლილება პილოტების შემადგენლობას შეეხო, რომელიც ახალი სეზონის წინ მთლიანად შეიცვალა - ბრუნო სენა და ვიტალი პეტროვი მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა და ფრანგმა რომენ გროსჟანმა შეცვალეს.
საჯინიბოს
* * *
გუშინ კი კიდევ სამი მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად აინტერესებდათ მსოფლიოს ჩემპიონის "რედ ბულის" ახალი ბოლიდი. შარშანდელთან განსხვავებით, პრეზენტაცია ვირტუალური იყო - ფოტოები და ინტერვიუები გუნდის ვებგვერდზე დაიდო. თუმცა უკვე დღეს "რედ ბულს" ხერესის ტრასაზე გაიყვანს მარკ უებერი და "ცოცხლად" ბოლიდს იქ იხილავენ.
"ჩვენ მარტივი მიზანი გვაქვს - უნდა დავიცვათ ორივე ტიტული. ერთხელ უკვე გავაკეთეთ ეს და 2011 წელს ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა, მაგრამ ყველა მიმართულებით მომატებასა და უფრო დიდი წარმატების მიღწევას ვაპირებთ.
ჩვენ არ შეგვიძლია მეტოქეთა მოქმედების კონტროლირება, რომელთა შორის სერიოზული კონკურენტები არიან. ახლა გუნდი მთლიანად საკუთარ სამუშაოზეა კონცენტრირებული, ძალთა თანაფარდობაზე კი ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ ვილაპარაკოთ", - განაცხადა "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა.
* * *
ზამთრის ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე "ზაუბერმაც" წარმოადგინა ახალი ბოლიდი. C31-ს შალითა გუნდის საპრიზო პილოტებმა კამუი კობაიაშიმ და სერხიო პერესმა გადააძვრეს.
გუნდის ფერები შეიცვალა, ასევე ახალია "ცხვირი" (ეს უკვე აღარავის უკვირს) და უკანა ნაწილი. ბევრი კვანძი და დეტალი აეროდინამიკური ეფექტურობის გაზრდისთვის არის ოპტიმიზებული, მაგრამ საერთო ჯამში, C31 შარშანდელი C30-ის ევოლუციური გაგრძელებაა.
დღეს ახალი მანქანით ტესტებს კამუი კობაიაში დაიწყებს.
* * *
გუშინ, ბოლო რიგში "ტორო როსო" იდგა. მან ხერესის ავტოდრომზე საკუთარი ბოქსების გვერდით მოაწყო პრეზენტაცია, რომელსაც გუნდის ახალი პილოტები - დანიელ რიკარდო და ჟან-ერიკ ვერნი ესწრებოდნენ. "ტორო როსოს" ახალი ბოლიდის ინდექსია - STR7.
ბოლიდის "ცხვირი" ორიგინალურად არის გადაწყვეტილი - მას არ აქვს "საფეხური", როგორც "რედ ბულს" ან სხვა ბევრ ბოლიდს, არამედ თითქმის ბრტყელი პროფილი გააჩნია.
STR7 - მესამე მანქანაა, რომელიც მთლიანად "ტორო როსოშია" დამზადებული. გუნდმა სერიოზული თანხების ინვესტირება მოახდინა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და საჯინიბოში იმედოვნებენ, რომ ახალ სეზონში ეს ყველაფერი შედეგებს დაეტყობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"