ძველი ფერებით და ახალი იმედებით

AutoSharing Option
გუშინ დილით, პირველი სატესტო სერიის წინ, ახალი ბოლიდი წარადგინა ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა".

პრეზენტაცია მოკრძალებული გამოდგა - FW34 უბრალოდ ბოქსებიდან გამოაგორეს ფოტოსესიითვის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გადასცეს წინასწარ მომზადებული პრეს-რელიზი, მანქანა კი ტრასაზე გავიდა და რამდენიმე წრე გაიარა.

გასულ წელს "უილიამსში" სერიოზული განახლება მოხდა. ახალ მანქანაზე მუშაობდა ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ჯგუფი მაიკ კოფლენისა და მარკ გილანის მეთაურობით. ბრიტანული საჯინიბო FW34-ზე სერიოზულ იმედებს ამყარებს.

"ჩვენ გვაქვს ახალი მანქანა და ახალი ძრავა, ხელმძღვანელობაში ახალი ხალხი მოვიდა. გამოჩდნენ ახალი პარტნიორები, რომლებიც გუნდს ბოლო თვეებში შეუერთდნენ.
გუნდმა კარგად იმუშავა ზამთარში გროუვის ბაზაზე და ვგრძნობთ, რომ მზად ვართ საბრძოლველად", - ამბობს გუნდის მფლობელი ფრენკ უილიამსი.

"უილიამსის" ტრადიციული ფერები არ შეცვლილა - დომინირებს მუქი ლურჯი და თეთრი ფერი. "ცხვირზე" ვხედავთ უკვე კარგად ნაცნობ "საფეხურს", რომელიც 2012 წლის მანქანებს გამოარჩევთ, FW34-ის უკანა ნაწილი კი საკმაოდ კომპაქტური გამოვიდა მინიატურული გადაცემათა კოლოფის გამო.

როგორც იცით, ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა რუბენს ბარიკელოსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე და ახალ სეზონში პასტორ მალდონადოს პარტნიორი ბრუნო სენა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული