ამჯერად მიხაელ შუმახერი

AutoSharing Option
ქარის გამო ხერესში წინასასეზონო ტესტების მეორე დღე უფრო ცივ ამინდში ჩატარდა. სეზონისთვის მზადება 11-მა გუნდმა განაგრძო და პირველ დღესთან შედარებით სამ საჯინიბოში ცვლილება მოხდა - "ზაუბერის" საჭესთან სერხიო პერესი კამუი კობაიაშიმ შეცვალა, "მერსედესში" ორის ნაცვლად მხოლოდ მიხაელ შუმახერი მუშაობდა, "ფორს ინდიაში" კი პირიქით, სატესტო დღე პოლ დი რესტამ და სარეზერვო პილოტმა ჟიულ ბიანკიმ გაიყვეს.

ტესტები რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშებით. დილით კიმი რაიკონენი გადავარდა ტრასიდან. მართალია, ფინელმა შეძლო მოძრაობის გაგრძელება, მაგრამ მანქანა დაზიანდა და მომსახურე პერსონალს ნამსხვრევების აკრეფა მოუწია.

ფინელი ბოქსებში
დაბრუნდა და მის ბოლიდს ორი საათი არემონტებდნენ. შემდეგ სესია ორჯერ შეწყდა მოკლე დროით ტრასის მდგომარეობის შემოწმების გამო.

თუ ტესტების პირველ დღეს გუნდები ფუნქციური სისტემების საბაზო შემოწმებით იყვნენ დაკავებული, ამჯერად, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იყო - დაიწყო მუშაობა აეროდინამიკის ცალკეული ელემენტებისა და მანქანის საბაზო მახასიათებლების ეფექტურობის შემოწმებაზე.

გუშინდელი დღე მიხაელ შუმახერმა მოიგო, რომელიც შარშანდელი ბოლიდით გამოდის. "მერსედესმა" გააგრძელა "პირელის" ახალი საბურავების შესწავლის პროგრამა, გერმანული საჯინიბოს ახალი ბოლიდი კი მხოლოდ შემდეგი ტესტებისთვის იქნება მზად. შუმახერი ერთადერთი იყო, რომელმაც წრე წუთსა და 19 წამზე ნაკლებ დროში გაიარა, ახალი მანქანებისთვის კი საუკეთესო დრო აჩვენა "რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა - 1.19,184. ავსტრალიელი ექვსი მეათედით ჩამორჩა მიხაელს.

წინა დღის ლიდერის - კიმი რაიკონენის დრო სამმა პილოტმა გააუმჯობესა - შუმახერმა, უებერმა და დანიელ რიკარდომ.
დღის განმავლობაში გავლილი წრეების რეკორდი დაამყარა ჰეიკი კოვალაინენმა - 138 ქულა. "კატერჰემის" მანქანა საკმაოდ საიმედო აღმოჩნდა, მაგრამ ნაკლებად სწრაფი - საბოლოო ოქმში ფინელმა მხოლოდ პედრო დე ლა როსას გაუსწრო. თუმცა ჯერ ახალი ბოლიდების სისწრაფეზე ლაპარაკი ნაადრევია - გუნდები სხვა ამოცანებს წყვეტენ.

II დღე

1. მ. შუმახერი (Mercedes) 1.18,561 (132 წრე)
2. მ. უებერი (Red Bull) +0,623 (97)
3. დ. რიკარდო (Toro Rosso) +1,026 (100)
4. ჟ. ბიანკი (Force India) +1,660 (46)
5. კ. რაიკონენი (Lotus) +1,678 (117)
6. პ. დი რესტა (Force India) +1,711 (68)
7. ფ. მასა (Ferrari) +1,893 (94)
8. ლ.ქთიირნ McLaren 1:20.688 +2"127 84
9. ჯ. ბატონი (McLaren) +2,150 (66)
10. პ. მალდონადო (Williams) +2,636 (96)
11. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +2,957 (138)
12. პ. დე ლა როსა (HRT) +3,567 (64)

შუმი: ტიტულისთვის ბრძოლა შემიძლია
როგორც ზემოთ დავწერეთ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა წინასასეზონო ტესტების მეორე დღეს საუკეთესო დრო აჩვენა, თანაც წამით გააუმჯობესა წინა დღის ლიდერის - კიმი რაიკონენის დრო. ჟურნალისტებთან საუბარში "მერსედესის" პილოტმა მიმდინარე ამბების გარდა, გლობალურ თემებზეც ისაუბრა...

- როგორ ჩაიარა თქვენთვის ხერესის ტესტების მეორე დღემ?
- ძალიან პროდუქტიული დღე იყო, გრძელი დისტანციის გავლა შევძელი. თანაც წრეებს უბრალოდ არ გავდიოდი - შევძელით ახალ საბურავებთან წარმატებით მუშაობა. სწორედ ეს იყო დღეს მთავარი ამოცანა - გავერკვეთ საბურავებში შარშანდელი ბოლიდის დახმარებით. მომავალში ეს ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს გავიგოთ - ზუსტად რა განსხვავებაა 2011 წლისა და ახალ მანქანას შორის, რომელსაც ბარსელონას ტესტებზე ექნება დებიუტი. დღეს დასახული ყველა ამოცანა შესრულებულია.

- ხელს ხომ არ შეუშლის "მერსედესს" ის ფაქტი, რომ გუნდი ხერესში მხოლოდ სამი დღე გამოვა, დანარჩენი გუნდები - ოთხი დღე?
- მთავარი საიმედოობაა. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია ძალიან სწრაფად გაიგო, რამდენად ჩქარია მანქანა, მაგრამ გაუთვალისწინელები გარემოებები ხანდახან არ გაძლევს ამ სისწრაფის რეალიზების საშუალებას. ადრე ასეთი შემთხვევები არაერთხელ გვქონია. იმედი გვაქვს, რომ წარსულის გაკვეთილები გათვალისწინებულია და მსგავსი სიტუაცია არ განმეორდება. ჩვენი პროგრამა საკმაოდ ოპტიმალურია.

- 2012 წლის ტექნიკური რეგლამენტით შექმნილი მანქანები ძალიან განსხვავდება შარშანდელი ბოლიდებისგან?
- დიახ, ძალიან. დიფუზორების გაუქმების გამო მოჭიდების ძალას ვკარგავთ. დღეს ყველა ამ დანაკარგის კომპენსირებას ცდილობს, რათა სისწრაფე არ დაკარგოს, პირიქით, გაზარდონ ის.

- ახალი საბურავი რადიკალურად განსხვავდება ძველისგან?
- განსხვავება არის. ახალი საბურავი, ერთმნიშვნელოვნად უფრო სტაბილურია. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ იმით, რაც "პირელის" ინჟინრებმა შემოგვთავაზეს.

- თქვენ ნამდვილ ლიდერად ითვლებით. ეს თვისება ყოველთვის გქონდათ თუ საკუთარ თავში განავითარეთ ის?
- ყოველი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში სრულყოფს საკუთარ თვისებებს. ლიდერის თვისებებიც ჩემთან დროთა განმავლობაში მოვიდა. ამასთან დაკავშირებით, მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ჟან ტოდტსა და როს ბრაუნს, რომლებთანაც დიდი ხანი ვიმუშავე. შემიძლია ისინი მოვიხსენიო ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად იმათგან, ვინც კარიერის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ.

- გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ფორმულა 1-ში არ ყოფილა 40 წელს გადაცილებული ჩემპიონი. ისევ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ტიტულის მოგება?
- ეჭვი არ მეპარება, რომ ძველებურად შემწევს ძალა ტიტულისთვის საბრძოლველად. მექნება თუ არა ამის საშუალება - იმაზეა დამოკიდებული, როგორ პროგრესს მივაღწევთ წლევანდელ და 2013 წლის სეზონებში.

- ბოლოს, როცა როს ბრაუნმა თავისი მანქანა ყველაზე ბოლოს წარადგინა, ტიტული მოიგო. ეს რაიმე მინიშნების საშუალებას ხომ არ გაძლევთ?
- ეს ასეთი მარტივი საიდუმლო რომ იყოს, ყველა გუნდი თავის მანქანას ბოლოს გამოაჩენდა. სამწუხაროდ, საქმე ამაში არ არის. მაგრამ დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ გვაქვს მანქანაზე უფრო დიდი ხანი მუშაობის საშუალება.

მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო - იმის გათვალისწინებით, რაც შარშან გვქონდა, დღეისთვის არ გვაქვს საშუალება საჩემპიონო დონის ბოლიდი შევქმნათ. ეს თანდათანობითი პროცესია და დარწმუნებული ვარ, მომავალში დასახულ მიზანს მივაღწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული