ტესტები: ძველი "მერსედესი" ყველას სჯობს

AutoSharing Option
ხუთშაბათს, ხერესის ტესტების მონაწილეების რიცხვი ერთი გუნდით შემცირდა - HRT ორდღიანი მუშაობით შემოიფარგლა და გუშინ დატოვა ავტოდრომი.

გუნდების უმეტეს ნაწილში ცვლილებები მოხდა. "რედ ბულში" უებერი ფეტელმა შეცვალა, "მაკლარენში" ჰემილტონმა ალონსო, "ფერარიში" ალონსომ მასა, "ლოტუსში" რაიკონენი გროსჟანმა, "უილიამსში" მალდონადო სენამ. "ფორს ინდიაში" ისევ ორი პილოტი მუშაობდა, "კატერჰემის" ახალი მანქანის საჭესთან დაჯდა გიდო ვან დერ გარდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ "მერსედესი" ძველი მანქანით გამოდის - გუშინ, ბოლიდს ნიკო როსბერგი მართავდა. დანარჩენი საჯინიბოები ახალ მანქანებზე მუშაობდნენ.

ამინდი კიდევ უფრო ცივი იყო, ვიდრე წინა
დღეს - პრესცენტრში ნული გრადუსი დაფიქსირდა, მაგრამ ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ესპანელი გულშემატკივრები, რადგან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ფერნანდო ალონსოს უნდა გაევლო პირველი წრეები ახალი Ferrari F2012-ით. ესპანელის ფანებისთვის სამწუხაროდ, ნანდომ დილის სესიის დიდი ნაწილი ბოქსებში გაატარა - მექანიკოსები ცდილობდნენ ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას.

ტესტების დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, ჟიულ ბიანკის ავარიის გამო წითელი დროშები ააფრიალეს. "ფორს ინდიას" სარეზერვო პილოტმა პირველივე სწრაფი წრის გავლისას ვერ დაიმორჩილა მანქანა Sito Pons-ზე, ტრასიდან გადავარდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

პილოტი არ დაზარალებულა. 20-წუთიანი პაუზის შემდეგ ტესტები გაგრძელდა, მაგრამ "ფორს ინდია" ტრასაზე აღარ დაბრუნებულა.

"სულ მცირედი შეცდომა დავუშვი, საბურავები გახურებული არ იყო და მოვსრიალდი. მანქანა ტრასის მიღმა აღმოჩნდა, შემდეგ კი უკანა ნაწილით კედელს დავეჯახე. გუნდს ბოდიშს ვუხდი, რადგან ჩემი შეცდომის გამო ჩვენს ბიჭებს წინ დიდი სამუშაო ელით", - განაცხადა ბიანკიმ

საღამოსკენ სესია მეორე სარეზერვო პილოტის - გიდე ვან დერ გარდეს ავარიით შეწყდა. ჰოლანდიელმაც ვერ დაიმორჩილა მანქანა და მეცხრე მოსახვევიდან გამოსვლისას ტრასიდან გადავარდა - ახლა უკვე "კატერჰემის" მექანიკოსებს მოუწიათ მძიმე მუშაობა. სესიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კიდევ ერთხელ გამოფინეს წითელი დროშები - რომან გროსჟანმა გააჩერა მანქანა მესამე და მეოთხე მოსახვევებს შორის.

ისევე როგორც წინა დღეს, ოქმს სათავეში ჩაუდგა "მერსედესის" პილოტი შარშანდელი W02-ით - ნიკო როსბერგმა თავისი საუკეთესო წრე წუთსა და 17,618 წამში გაიარა. ახალი მანქანებისთვის კი საუკეთესო დრო აჩვენა გროსჟანმა, რომელმაც ლიდერთან რვა მეათედი წააგო. ყველაზე გრძელი დისტანცია ბრუნო სენამ გაიარა.

III დღე
1. ნ. როსბერგი (Mercedes) 1.17,613 (118 წრე)
2. რ. გროსჟანი (Lotus) +0,806 (117)
3. ს. ფეტელი (Red Bull) +1,684 (96)
4. ლ. ჰემილტონი (McLaren) +1,851 (80)
5. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +2,121 (79)
6. ს. პერესი (Sauber) +2,157 (46)
7. ფ. ალონსო (Ferrari) +2,799 (67)
8. ბ. სენა (Williams) +3,680 (125)
9. გ. ვან დერ გარდე (Caterham) +5,711 (74)
10. ჟ. ბიანკი (Force India) 2 წრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარეშანდელი ბოლიდები რომ სწრაფები იყვნენ მაგას თქმა რათუნდა :)

avtuko
19:04 10-02-2012
0

სიახლეები პოპულარული