ფერნანდო ალონსო ტესტებს აჯამებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ შეაჯამა ხერესში პარასკევს დასრულებული ტესტები.

ბოლო დღეს სწორედ ესპანელმა აჩვენა ახალი "ფერარით" საუკეთესო დრო, თუმცა ალონსო ამბობს, რომ ყურადღებას არ აქცევს ესპანეთის ტრასაზე დაფიქსირებულ შედეგებს.

"რა მნიშვნელობას ვანიჭებ ტესტების ოფიციალურ ოქმებს? არანაირს! - ამბობს ალონსო "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მაგალითად, ხუთშაბათს მეშვიდე ადგილი დავიკავე, მაგრამ ეს არაფერზე მეტყველებს, რადგან მხოლოდ "მედიუმისა" და "ჰარდის" საბურავებით ვმოძრაობდი, როცა სხვები რბილ საბურავს იყენებდნენ.

პარასკევის შედეგებიც არაფერზე მეტყველებს, იმიტომ, რომ ყველაფერი პირიქით იყო: უფრო ხისტი საბურავებით სხვები
მოძრაობდნენ".

მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდომ პარასკევის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ის არ ჩქარობს ოპტიმიზმის გამოხატვას, რადგან წინ ბევრი სამუშაოა: "მანქანა აბსოლუტურად ახალია. და მის საფუძველში განსხვავებული კონცეპციაა ჩადებული. ბევრი ტექნიკური ელემენტი განსხვავებულია. მაგალითად, ჩვენ ბევრი დრო მივუძღვენით საჭის მართვის გამაძლიერებელს: მხოლოდ ბოლოსკენ იყო შეგრძნება, რომ ის ისე მუშაობს, როგორც მე მომწონს".

ალონსომ ხერესში ბევრი დრო გაატარა ბოქსებში, მაგრამ ის უკვე მზად არის ილაპარაკოს Ferrari F2012-ის პლუსებსა და მინუსებზე: "ვფიქრობ, პირველივე წრეებიდან შევძელით საბურავების უფრო ეფექტურად გამოყენება, თუმცა გასულ სეზონში ამას ვერ ვახერხებდით.
რა თქმა უნდა, აუცილებელია აეროდინამიკისა და საიმედოობის გაუმჯობესება. რვა საათის განმავლობაში მხოლოდ 40 წრე გავიარეთ, რაც არასაკმარისია. ბარსელონაში აუცილებლად მინიმუმ 100 წრე უნდა გავიაროთ დღეში".

"გაძეტა დელო სპორტმა" ყურადღება დაუთმო ფერნანდო ალონსოს პირად ცხოვრებას. კერძოდ, დაუბრუნდა ფოტოსურათის თემას, რომელმაც ზამთარში ყველა ტაბლოიდის ფურცლები მოიარა. ამ სურათზე "ფერარის" პილოტი რუსული წარმოშობის შვეიცარიელ მოდელთან ქსენია ჩუმაჩოვასთან არის დაფიქსირებული. როგორც გაზეთი წერს, ალონსომ ამ ისტორიას წერტილი დაუსვა: "ინტერნეტში ბევრი სხვა ფოტოც ვნახე. ხალხს შეუძლია ისეთი ფოტოები განათავსოს ინტერნეტში, როგორსაც მოისურვებს. შეუძლიათ თავად შექმნან ის. მათ ყოველთვის სურს რაღაცის შექმნა.

ყველა, ვინც მე მიცნობს, იცის: თუ მე ოდესღაც მეგობარი გოგონა მეყოლება, ის არაფერს დადებს ინტერნეტში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული