ახალი სეზონის წინ

AutoSharing Option
წინასასეზონო ტესტების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პრაქტიკულად ყველა გუნდი ერთსულოვან ოპტიმიზმს გამოხატავდა, მაგრამ ოფიციალური პრესრელიზების მიღმა ყველა არ იზიარებს კარგ განწყობას.

ლოტუსი
ხერესის ტესტებზე ყველაზე სწრაფი წრე ნიკო როსბერგმა დააფიქსირა, მაგრამ მის განკარგულებაში იყო შარშანდელი მანქანა - "მერსედეს W02". ახალი მანქანებიდან კი უსწრაფესი გახლდათ "ლოტუს" E20, რომელსაც რომენ გროსჟანი მართავდა. თუ "მერსედესს", არ ჩავთვლით, სწორედ ფრანგი გამოვიდა პირველი წუთი და 19 წამიდან.

პირველი სინჯების შედეგების მიხედვით, რაიკონენი და გროსჟანი აქებდნენ E20-ის მართვის სიმარტივეს. ბოლიდის სიჩქარე "ლოტუსის" მეტოქეებმაც დააფასეს. გროსჟანმა აგრეთვე აღნიშნა
მანქანის ხარვეზები: "ჩვენ გვაწუხებს მანქანის ტემპი გრძელ მონაკვეთებზე. ბოლო დღეს ყურადღება გავამახვილეთ გრძელ სერიებზე და საბოლოოდ შევძელით გარკვეული პროგრესის მიღწევა".

ფერარი
ყველაზე სწრაფების სიაში მეორე ადგილი დაიკავა "ფერარიმ" თავისი F2012-ით. ალონსომ ტესტების ფინალური დღე საუკეთესო დროით დაასრულა, მაგრამ მაინც ვერ დამალა თავისი უკმაყოფილება. ჟურნალისტების კითხვაზე მანქანის პილოტირებისას წარმოქმნილ შთაბეჭდილებების შესახებ ფერნანდომ დაახლოებით შემდეგი უპასუხა: "ავსტრალიამდე დრო საკმარისია".

ტესტების მსვლელობისას სპეციალისტები პერიოდულად აღნიშნავდნენ ტრასაზე წითელი მანქანის ერთგვარად ნერვულ "ქცევას". "ჩვენ აქ რამდენიმე იდეით ჩამოვედით, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც თავიდან ვივარაუდეთ. თუმცა მუშაობის პროცესში პროგრესს მივაღწიეთ და ბარსელონაში ტესტების პირველ დღეს გაცილებით იოლი იქნება ყველაფერი.

მაქსიმალურად უნდა გავერკვეთ ახალ მანქანაში, ახლა კი მის შესახებ დაახლოებით 20 პროცენტი ვიცით", - განაცხადა ტეტსების შემდეგ ესპანელმა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი "ფერარი" არაერთხელ დარჩა ბოქსებში ტექნიკური პრობლემების გამო.

მაკლარენი
მსგავსი სიტუაცია იყო "მაკლარენში". ჰემილტონსა და ბატონს სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ, მაგრამ პრეტენზიები გამოითქვა ბოლიდის მართვასთან დაკავშირებით.

"ეს ახალი მანქანაა და შესაბამისად, მეტად არაპროგნოზირებადი გახლავთ. ჯერ კიდევ არ გვესმის როგორ მოვმართოთ ის ჩვენს სტილზე.

უკანა ნაწილში მოჭიდების ძალა დაბალია - სწრაფი მოსახვევების გავლა უფრო რთული გახდა, ვიდრე ეს შარშანდელი მოდელით იყო შესაძლებელი", - დაიჩივლა ჰემილტონმა. თუმცა თავად ლუისმა აღნიშნა MP4-27-ის ძლიერი მხარეები, რომელიც, მისი სიტყვებით, უკეთესია დამუხრუჭების დროს.

რედ ბული
ამასობაში, ჩემპიონ "რედ ბულს" სხვა სახის სირთულეები შეექმნა. პილოტების სიტყვებით, RB8 ტრასაზე სწორედ ისე იქცევა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ბოლიდი ახერხებდა ბოქსების დატოვებას: პირველ დღეს უებერმა სამი საათი დაკარგა იმის გამო, რომ ხერესში დროულად არ ჩაიტანეს დეტალები, მეორე დღეს ფეტელი ნახევარი დღე იჯდა ნახევრადაუწყობელ ძრავასთან. ოთხი დღის განმავლობაში გავლილი წრეების რაოდენობით "რედ ბული" მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა.

საინტერესოა ედრიან ნიუის კომენტარი, რომელიც მან ტესტების პირველ დღეს გააკეთა. გუნდის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, რომ მექანიკოსებმა ვერ შეძლეს მოჭიდების ძალის დაკარგვის კომპენსირება, რაც დიფუზორის გაუქმებით იყო გამოწვეული.

ტორო როსო
"ტორო როსომ" თავიდან აიცილა სერიოზული ტექნიკური პრობლემები. ოპტიმიზმით აღსავსე დანიელ რიკარდო და ჟან-ერიკ ვერნი ძალიან დადებითად აფასებენ STR7-ის საერთო ბალანსს და აღნიშნავენ, რომ ავტომობილის საბაზო მახასიათებლების შეკრება რთული არ ყოფილა.

ზაუბერი
მანქანით კმაყოფილნი არიან "ზაუბერში". იქ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ C31 თავიდანვე უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ სხვადასხვა დაზიანებებმა დროის დაკარგვა გამოიწვია. მაგალითად, სერხიო პერესმა ბოქსებში დიდი დრო გაატარა საწვავის სისტემის პრობლემების გამო, კობაიასიმ კი ორი საათი დაკარგა ჰიდრავლიკის სისტემის გაჟონვის გამო.

გუნდის პრეს-რელიზი ოპტიმიზმით იყო სავსე, მაგრამ მოგვიანებით კობაიასის "ტვიტერზე" ასეთი ხასიათის შეტყობინება გაჩნდა: "ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, სამუშაო სრულად არ ჩაგვიტარებია. ბარსელონას ტესტები უკეთ ჩაივლის".

ფორს ინდია
კიდევ უფრო მეტი დრო დაკარგეს "ფორს ინდიაში". მეორე დღეს ჟიულ ბიანკი, რომელიც GP2-ის რბოლებში ხანდახან პირველ მოსახვევამდე ვერ აღწევდა, მესამე წრეზე გადავარდა ტრასიდან. მანქანა გაარემონტეს, მაგრამ მთელი დღე დაიკარგა. ჰიულკენბერგს კი მოუწია ერთდროულად მანქანასთან შეგუება და სხვადასხვა კონფიგურაციის გამოცდა.

და მაინც, ინდური საჯინიბო ბაზაზე კარგი განწყობით დაბრუნდა - პირველ დღეს პოლ დი რესტამ მოასწრო საბაზო მახასიათებლების პოვნა და VJM05-ის რბოლებისთვის მომზადების მიახლოებითი მიმართულების განსაზღვრა. გარდა ამისა, პირველადი ანალიზის თანახმად, გუნდი კმაყოფილია გრძელ სწორ მონაკვეთებზე განვითარებული სიჩქარით - მანქანის მოქმედება შედარებით სტაბილურად და პროგნოზისამებრ იცვლება.

უილიამსი
"უილიამსში" დროის დანახარჯი არ შეიმჩნეოდა, მაგრამ პირველივე დღეებიდან FW34-ში ბავშვური შეცდომები დაფიქსირდა. თუმცა საერთო კილომეტრაჟზე ამას არ უმოქმედია - ბრიტანულმა საჯინიბომ ხერესში 370 წრე გაიარა და ამ მხრივ მეორე ადგილი დაიკავა. ორივე პილოტი კმაყოფილის FW34 -ის მოქმედებით ტრასაზე, ბრუნო სენამ კი ისიც განაცხადა, რომ მანქანა საკმაოდ "თვინიერია".

კატერჰემი
არაოფიციალური ოქმების თანახმად, ყველაზე ნელი მანქანა იყო "კატერჰემის" CT01. გუნდის ინჟინრებს უნდა შეესწავლათ KERS-სა და DRS-ის სისტემები, ამიტომაც პილოტებს წრეების მოკლე სერიებზე უშვებდნენ, რომელთა შორის მუდმივად ცვლიდნენ მახასიათებლებს.

პილოტები კმაყოფილები დარჩნენ საკუთარი შედეგებით. ზოგიერთ მონაკვეთზე CT01-ის საშუალო დრო არ ჩამოუვარდებოდა "ტორო როსოსა" და "ფორს ინდიას" ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ზამთრის ტესტების მეორე სერია 21 თებერვალს ბარსელონაში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული