"მერსედესის" იმედიანი პრეზენტაცია

AutoSharing Option
მეორე სატესტო სერიის დაწყებამდე ახალი ბოლიდი წარადგინა "მერსედესმა". ამისთვის გერმანულმა საჯინიბომ ბარსელონას ავტოდრომის პიტ-ლეინი აირჩია.

ადგილობრივი დროით ცხრის ნახევარზე "მერსედესის" პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა W03-ს დამცავი შალითა გადახსნეს.

თუ გუნდების უმრავლესობამ ახალი მანქანები პირველი სატესტო სერიის წინ წარადგინა, "მერსედესში" გადაწყვიტეს უფრო მეტი დრო გაეტარებინათ აეროდინამიკურ მილში, პირველ ტესტებზე კი შარშანდელი მანქანით ამოწმებდნენ "პირელის" ახალი საბურავების ეფექტურობას.

W03-მა პირველი გამოცდა გასული კვირის ბოლოს გაიარა - ამისთვის გერმანელებმა სილვერსტოუნის ავტოდრომი დაიქირავეს. გუნდი ახალ მანქანაზე დიდ იმედებს ამყარებს და 2012
წლის სეზონში პროგრესის მიღწევას ვარაუდობს.

როს ბრაუნი, გუნდის ხელმძღვანელი: "გუნდმა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს, მანქანა კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს. W03 - ახალი ტექნიკური რეგლამენტის დახვეწილი ინტერპრეტაციაა - ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია შარშანდელ მანქანასთან შედარებით".

ნიკო როსბერგი: "სატესტო პროგრამის წინ, გუნდს W03-სგან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი აქვს. სილვერსტოუნში ახალი მანქანით რამდენიმე წრე გავიარე და პირველი შთაბეჭდილება დადებითია.

მანქანა კარგად გამოიყურება, ის ძალიან ჰარმონიულია, რაც კიდევ ერთხელ ლაპარაკობს ჩვენი გუნდის ცალკეულ განყოფილებათა ეფექტურ თანამშრომლობაზე. საინტერესო იქნება ბოლიდის სისწრაფის შეფასება რამდენიმე კვირის შემდეგ".

მიხაელ შუმახერი: "ხშირად მიმიღია მონაწილეობა ახალი მანქანების გამოცდასა და ტესტებში, მაგრამ ფორმულა 1-ში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში ასეთი შეგრძნებები არასოდეს მქონია. გუნდი მოუთმენლად და დიდი იმედით ელოდა ამ დღეს. წინა კვირას ბოლიდს პირველი გამოცდა ჩავუტარეთ და მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ახლა მონდომებით ვიმუშავებთ, რათა ის უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრს უნდა მივაღწიოთ, შევაფასოთ ძალთა თანაფარდობა და გავაკეთოთ დასკვნა - რამდენად დიდი ნაბიჯი გადადგა წინ გუნდმა. თუმცა უკვე დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენმა ინჟინრებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი სამუშაოს და მინდა მათ ღირსეული შედეგებით გადავუხადო მადლობა. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული