სებასტიან ფეტელი "მაკლარენს" აქებს

AutoSharing Option
22 თებერვალს, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე სერიის მეორე დღე გაიმართა, მაგრამ სანამ გუშინდელი დღის პერიპეტიებზე მოგიყვებოდეთ, გთავაზობთ სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელთა შთაბეჭდილებებს პირველი დღის შესახებ.

"მერსედესის" ხელმძღვანელი როს ბრაუნი მიიჩნევს, რომ პელოტონში ძალთა გადანაწილების მიუხედავად, "რედ ბული" ახალ სეზონში ფავორიტად დარჩება.

"ვფიქრობ, ყველანი ხედავთ, რომ "რედ ბული" ის გუნდია, რომელიც ერთ ღამეში არ გაფუჭდება. ასე რომ, მათ ძლიერი ავტომობილი ეყოლებათ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. "მაკლარენიც" ძლიერი იქნება. შესაძლოა, "ფერარის" ამ მომენტისთვის სირთულეები აქვს, მაგრამ ისინი გააუმჯობესებენ საკუთარ ბოლიდს, რადგან ძლიერი და
გამოცდილი გუნდია.

ასე, რომ წინ არის ის ჯგუფი, რომელიც შარშანაც გამოირჩეოდა, მაგრამ ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს შაბლონი და წინ წავიწიოთ. არ ვიცი რომელ გუნდს გავუსწრებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ "რედ ბულის" დონეს გავუთანაბრდეთ", - განაცხადა "მერსედესის" ოფიციალურ ვებგვერდზე ბრაუნმა.

თავის მხრივ, ბარსელონას ტესტების პირველი დღის ლიდერი სებასტიან ფეტელი მოხიბლული დარჩა "მაკლარენის" ბოლიდის ტემპით.
"ჩემი აზრით, "მაკლარენი" დღეს ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. დანარჩენებზე დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. მხოლოდ ლუის ჰემილტონის გრძელი წრეების სერიისას დაფიქსირებული დრო ვნახე. საინტერესო შედეგი აქვს.

სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ტრასაზე მანქანების დიდი ნაწილი, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი შედეგების კომენტირება შემიძლია. ახალი ბოლიდისგან შესანიშნავი შთაბეჭდილებები დამრჩა, მაგრამ არ ვიცი საკმარისად სწრაფია თუ არა.

"მაკლარენი" კონკურენტუნარიანი ჩანს. ვფიქრობ, ისინი დღეს არ ცდილობდნენ საუკეთესო დროის დაფიქსირებას. წრეების გრძელ სერიებს ატარებდნენ და ტემპი მაღალი ჰქონდათ. ასე რომ, ისინი სეზონის სტარტიდანვე ძლიერები იქნებიან.

"ფერარის" დღევანდელი ტემპი ნამდვილ საიდუმლოს წარმოადგენს. არავინ იცის, მართლა კარგია იტალიელების ბოლიდი თუ პირიქით – ცუდი", - ასეთი კომენტარი მისცა მსოფლიოს ჩემპიონმა ტესტების პირველ დღეს.

"ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ პირველ დღეს 75 წრე გაიარა და მეხუთე დრო აჩვენა. "კიდევ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგვიწევს. სწორედ ამისთვის ჩამოვედით აქ. არ მგონია, რომ უახლოეს დღეებში რაიმე დიდად შეიცვალოს. საქმე ისაა, რომ სანამ გავიგებთ სინამდვილეში რას წარმოადგენს ავტომობილი, გვჭირდება თავსატეხის ყველა ნაწილს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

ვიცი, რომ ჩვენი მანქანისგან ბევრს ელიან, მაგრამ ჩვენ მუშაობის საკუთარი გრაფიკი გვაქვს შედგენილი და არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რა ხდება გარშემო. სიტუაციის სწორად შეფასების საშუალება მხოლოდ მელბურნში გვექნება", - მოყვანილია ალონსოს სიტყვები "ფერარის" ოფიციალურ პრეს-რელიზში.

* * *
რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ვარჯიში საკმაოდ ინტენსიური გამოვიდა - გუნდები ახალი მანქანების პირველ პრობლემებს წყვეტდნენ, ბევრმა პილოტმა წრეების გრძელი სერია გაიარა, ზოგიერთმა რბოლის რეჟიმში იმუშავა...

პირველ დღესთან შედარებით გარკვეული გადაადგილებები მოხდა. "ლოტუსმა" წინა დღეს დატოვა ბარსელონა - მან მანქანის პრობლემების გამო ნაადრევად დაასრულა ტესტები, "მერსედესის" საჭესთან ნიკო როსბერგმა მიხაელ შუმახერი შეცვალა, "უილიამსის" სარეზერვო პილოტს ვალტერი ბოტასს მიეცა მანქანის გაცნობის საშუალება, ვიტალი პეტროვს კი დებიუტი ჰქონდა "კატერჰემის" რიგებში.

ყველაზე გრძელი დისტანცია ლუის ჰემილტონმა გაიარა, თუმცა სხვებიც გადაცდნენ 100 წრეს. მაგალითად, სებასტიან ფეტელი, რომელიც რბოლის იმიტაციას მიმართავდა ორი პიტსტოპით.

ოქმს სათავეში ჩაუდგა ნიკო ჰიულკენბერგი ("ფორს ინდია"), რომელმაც ამ კვირის საუკეთესო დრო აჩვენა - 1.22,608.

II დღე
1. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) 1.22,608 (112 წრე)
2. ს. პერესი (Sauber) +0,040 (83)
3. ს. ფეტელი (Red Bull) +0,283 (104)
4. ფ. ალონსო (Ferrari) +0,572 (85)
5. დ. რიკარდო (Toro Rosso) +1,031 (46)
6. ლ. ჰემილტონი (McLaren) +1,198 (120)
7. ნ. როსბერგი (Mercedes) - +1,947 (82)
8. ვ. ბოტასი (Williams) +3,130 (117)
9. ვ. პეტროვი (Caterham) +3,997 (69)
10. შ. პიკი (Marussia) +4,735 (108)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული