დილით ბოქსებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო "რედ ბულის" ტექნიკური სიახლეები - მანქანა, რომელიც მარკ უებერმა ტრასაზე გაიყვანა, გარეგნულად ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რომლითაც წინა დღეს სებასტიან ფეტელი მუშაობდა. ედრიან ნიუიმ ისევ გააკვირვა მეტოქეები არასტანდარტული გადაწყვეტილებებით.
მექანიკოსები მონდომებით მალავდნენ RB8-ის უკანა ნაწილს, მაგრამ ტრასაზე ამ სიახლეს ვერ დამალავდნენ და ფოტოგრაფები სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ ფოტოებს და პრესცენტრში მიიჩქაროდნენ სურათების გასაგზავნად.
პირველ საათებში გუნდები კონცენტრირებული იყვნენ მოკლე წრეების სერიებზე, პარალელურად პიტსტოპებზე მუშაობდნენ, შესვენების წინ კი რამდენიმე პილოტმა საკვალიფიკაციო რეჟიმში იმუშავა - რბოლის იმიტაცია დღის მეორე ნაწილისთვის გადაიტანეს.
მეორე სესიისთვის სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობდნენ. პროგნოზი გამართლა და პირველად წელს გუნდებს მუშაობაში ხელი შეუშალა კოკისპირულმა წვიმამ, რომელმაც შეწყვიტა რბოლის იმიტაცია ერთბაშად ხუთი პილოტისთვის. მეათე მოსახვევში გაჩერდა ბრუნო სენას მაქანა და პირველად დღის განმავლობაში წითელი დროშები გამოფინეს.
დღის ბოლომდე ასფალტმა გაშრობა ვერ მოასწრო და პირველ ადგილზე დარჩა სერხიო პერესის შედეგი, რომელიც დილით კვალიფიკაციის რეჟიმში მუშაობდა - 1.22,094. ჯერჯერობით ეს არის ბარსელონას ტესტების საუკეთესო დრო.
III დღე
1. პერესი (Sauber) 1.22,094 (112 წრე)
2. ჯ. ბატონი (McLaren) +0,009 (44)
3. დ. რიკარდო (ტორო როსო) +0,061 (130)
4. ფ. მასა (Ferrari) +0,319 (121)
5. პ. დი რესტა (Force India) +0,352 (108)
6. ბ. სენა (Williams) +0,386 (111)
7. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +0,536 (64)
8. მ. უებერი (Red Bull) +0,568 (70)
9. ნ. როსბერგი (მერსედესი) +0,838 (128)
10. კ. რაიკონენი (Lotus) +3,285 (43)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"