ესპანეთს ერთი გრანპრი დაუტოვეს

AutoSharing Option
2013 წლიდან ესპანეთი მხოლოდ ერთ გრანპრის უმასპინძლებს - ოფიციალურად დაადასტურებულია, რომ ბარსელონა და ვალენსია მორიგეობით ჩაატარებენ ეტაპებს.

ბარსელონაში ესპანეთის გრანპრის ჩატარებაზე კონტრაქტი 2016 წლამდეა გაფორმებული, ვალენსიასთან კი ხელშეკრულება 2021 წლის ბოლომდე გააგრძელეს, მაგრამ ესპანეთში რთულმა ფინანსურმა სიტუაციამ რბოლის ორგანიზატორებსა და ფორმულა 1-ის პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს აიძულა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლი ეძებნათ. ოპტიმალური გადაწყვეტილება გახდა 2016 წლამდე რბოლების მონაცვლეობით ჩატარება.

სააგენტო AP-თვის მიცემულ ინტერვიუში ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ეტაპების მონაცვლეობა ბელგიასა და საფრანგეთშიც მოხდება, ასე რომ, ეს ქვეყნები უბრუნდებიან ფორმულა 1-ის კალენდარს.

* * *

რამდენიმე წლის წინ, ფორმულა 1-ის ბევრი პილოტი მონაკოდან შვეიცარიაში გადაბარგდა, ახლა კი საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. გასულ კვირას ლუის ჰემილტონმა ციურიხიდან მონტე კარლოში გადაიტანა თავისი ნივთები.

ლუის ჰემილტონი: "დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავსახლდი. ციურიხში ცოტათი მოსაწყენი იყო, მონაკოში კი ცხოვრება დუღს, იქ ბევრი პილოტი ცხოვრობს და ზღვასთან ამინდიც გაცილებით უკეთესია. შემიძლია ვარჯიშების დროს კოლეგებს შევხვდე, ჩემი მწვრთნელიც თითქმის მეზობლად ცხოვრობს. მონაკოში ჩემთვის კომფორტულია ცხოვრება.

ზამთრის ტესტების შეჯამება? ჩვენ საწვავის დიდი რაოდენობით ვმუშაობდით, ამიტომაც დიდად არ ვწუხვარ შედეგების გამო - ძალთა თანაფარდობას პირველი რბოლის დროს შევიტყობთ.

ვფიქრობ, სიტუაცია განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ბოლო ორ წელიწადში იყო, როცა "რედ ბულის" მანქანებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

როგორც ჩანს, "ლოტუსს" სწრაფი მანქანა ჰყავს, "მერსედესიც" სწრაფი ჩანს... ბრძოლა საკმაოდ მჭიდრო იქნება, თან გუნდები სეზონის მსვლელობისას გააგრძელებენ ბოლიდების დახვეწას".

* * *
"ტორო როსოს" ყოფილმა პილოტმა ხაიმე ალგერსუარიმ აღნიშნა, რომ ტრავმირებული პოლონელი ავტომრბოლის რობერტ კუბიცას მდგომარეობა შორს არის იდეალურისგან.

შეგახსენებთ, რომ "ლოტუს-რენოს" ყოფილი პილოტი უკვე წელიწადზე მეტია აღდგენით კურსს გადის რალიში მიღებული ავარიის შემდეგ.

"ჩემი აზრით, კუბიცა იყო და რჩება ფანტასტიკურ პილოტად. დარწმუნებული ვარ, რომ არა ის ავარია, რობერტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა, - ამბობს ესპანელი პილოტი. - მაგრამ დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც ისე სასიამოვნო ამბები მესმის. ტრავმირებული ხელით მას წყლის ჭიქის აწევაც არ შეუძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული