ბაჰრეინში არეულობაა

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრის სტარტამდე ხუთი კვირით ადრე ამ ქვეყანაში მკეთრად გაიზარდა მოსახლეობის საპროტესტო განწყობა.

შაბათს მანამას ქუჩებში 100 ათასი ადამიანი გავიდა და ეს იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასობრივი დემონსტრაცია. მისმა მონაწილეებმა სცადეს ბაჰრეინის დედაქალაქის იმ რაიონამდე მისვლა, სადაც შარშან მთავარი მოვლენები განვითარდა, მაგრამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით სპეციალური დანიშნულების რაზმმა შეაკავა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დემონსტრაციის ძირითადი ნაწილი მშვიდობიანი იყო, მაგრამ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა პოლიციასთან შეტაკების პროვოცირება სცადეს.

ბუნებრივია, მსგავსი მასობრივი მანიფესტაციები ფორმულა 1-ის გუნდებსა და ჩემპიონატის ორგანიზატორებში შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად
ამისა, ამ დღეებში ბრიტანული Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერნი ექლსტოუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: "გუნდები მზად არიან ბაჰრეინში გასამგზავრებლად და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ჩავლენ იქ. საეჭვოა, რომ იქ რაიმე პრობლემა შეიქმნას, რადგან დარწმუნებული ვარ, გრანპრი მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის".

ბრიატორე: ალონსო ლეო მესია, მაგრამ...
"რენოს" ყოფილმა შეფმა, იტალიელმა ფლავიო ბრიატორემ, რომელიც 2008 წელს სკანდალით ჩამოაშორეს რბოლებს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სიტუაცია თანამედროვე ფორმულა 1-ში. მისი აზრით, ნებისმიერი კარგი პილოტი შეძლებდა "რედ ბულის" შარშანდელი მანქანით ჩემპიონატის მოგებას.

"ნამდვილი შოუ მაშინ იწყება, როცა წვიმა მოდის, - განაცხადა ფლავიომ ტელეარხ Sky Sport 24-ის ეთერში. - თუ თქვენ აიღებთ GP2-ის მანქანებს და საჭესთან დასვამთ მსოფლიოს ექვს ჩემპიონს, რბოლა გაცილებით მხიარული იქნება.

ფორმულა 1-ის თანამედროვე მანქანები აეროდინამიკურ მილებში იქმნება, ინჟინრები ტრასებზე აღარც კი მიდიან, გუნდები კი 200 მილიონ ევროს ხარჯავენ იდენტური შასის შექმნისთვის.

შარშან ჩემპიონატი პირველივე რბოლის შემდეგ დასრულდა და წელსაც იგივე იქნება: "მაკლარენი" ორ მეათედს წააგებს "რედ ბულთან", "მერსედესი" - სამს, "ფერარი" და "ლოტუსი" - ოთხს.

ორი მეათედი ფორმულა 1-ში - ეს არის ანგარიში 2:0 ფეხბურთში. ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ის ლეო მესია, მაგრამ თუ "ფერარი" არაკონკურენტუნარიანი იქნება, ესპანელი ვერაფერს მიაღწევს".

ყველაზე სწრაფი მერსედესია?
გერმანულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა Auto Motor und Sport-მა სამი წინასასეზონო ტესტის საფუძვლიანი ანალიზი ჩაატარა. მათი შედეგების მიხედვით, დღეისთვის ყველაზე სწრაფი ბოლიდი "მერსედესს" ჰყავს.

შემდეგ მოდის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი "რედ ბული". მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს "მაკლარენმა" და "ლოტუსმა".

თუმცა გამოცემა აზუსტებს, რომ ეს მხოლოდ ტესტებზე დაფუძნებული ანალიზია და რბოლის პირობებში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

გუნდებს ლიმიტს დაუწესებენ
ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ყველას მიანიშნა, რომ უახლოეს პერიოდში სარბოლო სერიის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ფიქსირებული თანხა დაასახელოს, რომლის ზემოთ გუნდებს არ შეეძლებათ ფულის დახარჯვა. ეს ნაბიჯი აწყობთ საჯინიბოებს, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ.

"გუნდებს მოუწევთ ქამრების მოჭერა, - ამბობს ბრიტანელი ფუნქციონერი. - საკმარისია იმაზე მეტი თანხის ხარჯვა, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს. სარბოლო რეგლამენტში შემოვიღებთ დანახარჯების ერთგვარ ზედა ზღვარს, რომელიც ყველა გუნდისთვის ერთი იქნება. ბუნებრივია, დიდ გუნდებს არ მოეწონებათ მსგავსი იდეა, მაგრამ მე ეს ინიციატივა მომწონს და ასეთი რამ, შეიძლება მართლა მოხდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული