"ფერარიში" კრიზისია?

AutoSharing Option
ესპანელმა ფერნანდო ალონსომ პოზიტიურად შეაფასა ავსტრალიის გრანპრის შედეგები, მაგრამ იტალიურ გაზეთებს მიაჩნიათ, რომ "ფერარი" კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება.

"წარუმატებელი კვალიფიკაციის შემდეგ ჩვენ ათი ქულის მოპოვება შევძელით და მხოლოდ ტოპ-გუნდებთან დავმარცხდით. ეს კარგი ამბავია", - მოჰყავს ალონსოს სიტყვები "გაძეტა დელო სპორტს".

ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა იარნო ტრულიმ იტალიურ ტელეარხ RaiUno-სთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას: "ფერარის" გულშემატკივრებს ვურჩევ, კიდევ რამდენიმე რბოლა მოიცადონ. ალონსომ შეძლო ღირსეული შედეგის ჩვენება, მაგრამ "სკუდერიამ" სასწრაფოდ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები".

ყველანაირი გართულების მიუხედავად, ალონსომ შეძლო მე-5
ადგილის დაკავება და ათი ქულის მოხვეჭა, მაგრამ გუნდის მეორე პილოტისთვის, ფელიპე მასასთვის ავსტრალიური უქმეები ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ის აშკარად ჩამორჩებოდა მეწყვილეს სისწრაფეში, დაიჩივლა საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო და საბოლოოდ, ფინიშამდე ვერ მიაღწია: F2012 ბრუნო სენას "უილიამსთან" შეჯახების გამო დაზიანდა.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ ფელიპეს, რადგან ცხადია, რომ ის პრესინგს განიცდის, - ამბობს გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი. - ვთხოვე ინჟინრებს, გააანალიზონ ტელემეტრია მასას მანქანიდან, თუნდაც იმიტომ, რომ დაამშვიდონ ბრაზილიელი პილოტი".

როგორც ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი ამბობს, F2012-ის მართვა რთულია და ჯერჯერობით მანქანა შედარებით კარგ შედეგებს აღწევს იმ შემთხვევაში, თუ პილოტი და ინჟინრები მაქსიმალურად ზუსტად შეარჩევენ მახასიათებლებს.

ბოლიდის სამუშაო დიაპაზონი ძალიან ვიწროა და ეს მხოლოდ საბურავის ტემპერატურას არ ეხება, არამედ ბევრ სხვადასხვა ასპექტს. ალონსო ამას უკეთ უმკლავდება, ვიდრე მასა, თუმცა ამ უკანასკნელს რბოლის მსვლელობისას მართლაც ჰქონდა სერიოზული გართულებები. საკმარისია გავიხსენოთ კვალიფიკაციის დროს ტრასიდან გადავარდნა.

ალენის აზრით, ბრაზილიელისთვის აუცილებელია სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება სიტუაციაზე და გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემებს. თუ გასულ წელს მას პატიობდნენ ალონსოსთან დაახლოებით ნახევარწამიან ჩამორჩენას, ამ სეზონში კონკურენციის დონე აშკარად უფრო მაღალია და მასას ჩამორჩენა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება, რაც ვნახეთ კიდეც ავსტრალიაში.

ასე რომ, პრესინგი, რომელზეც დომენიკალი ლაპარაკობს, მართლაც სერიოზულია. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე "ფერარის" პრეზიდენტი ლუკა დე მონტეძემოლო ამბობდა: "მომდევნო ჩემპიონატი ფელიპესთვის განმსაზღვრელი იქნება. ჩვენ უკმაყოფილონი ვართ იმით, როგორ ჩაატარა მან გასული სეზონი..."

თუ მასა ვერ შეძლებს ავსტრალიაში განცდილი კრახის გამო უახლოეს რბოლებში რეაბილიტაციას, "ფერარიში" აუცილებლად დაფიქრდებიან მის სასწრაფოდ შეცვლაზე, თუმცა ბრაზილიელის ადგილზე აშკარა კანდიდატები ჯერჯერობით არ არიან.

"ფერარიში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ სერხიო პერესს, მაგრამ, ჯერ ერთი, მექსიკელს კონტრაქტი აქვს "ზაუბერთან"; გარდა ამისა, მას ჯამში 20 რბოლა აქვს ჩატარებული, "ფერარიში" კი გამოუცდელი პილოტი არ აჰყავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, "ფერარიში" საკადრო პრობლემა აშკარად შეინიშნება და ამ მხრივ, მართლები არიან ისინი, რომლებიც ლაპარაკობენ იტალიური გუნდში არსებულ კრიზისზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული