"ფერარი" - ცვლილებები თუ ჭორები?

AutoSharing Option
"ფერარის" ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები დიდი იმედით ელოდნენ ახალ სეზონს. გუნდში საკადრო გადაადგილებები მოხდა. ინჟინრები ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ამჯერად ბოლიდის შექმნისას გამოიყენებოდა რევოლუციური მიდგომა, თუმცა "სკუდერიამ" ისევ სუსტად დაიწყო სეზონი.

ზამთრის ტესტების დასრულების შემდეგ გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა პეტ ფრაიმ აღიარა - მუჯელოში მაისში გასამართ ტესტებამდე ბოლიდის მუშაობაში პროგრესის მიღწევა ძალიან რთული იქნებაო. ამიტომაც იტალიურ პრესაში გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ "ფერარიში" დათვლილია გუნდის ამჟამინდელი ბოსის, სტეფანო დომენიკალის დღეები და ის შეიძლება "რედ ბულის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა შეცვალოს.

ჟურნალისტებმა კომენტარისთვის თავად
ჰორნერს მიმართეს და მსოფლიოს ჩემპიონის შეფმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს...

"ფერარი" დიადი გუნდია, მაგრამ ახლო მომავალში მე ბოლომდე "რედ ბულის" ერთგული ვარ. დიტერ მატეშიცმა მომცა შანსი, 31 წლის ასაკში სათავეში ჩავდგომოდი ფორმულა 1-ის გუნდს. მე მის ნაწილად ვგრძნობ თავს და "ფერარიში" გადასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. კმაყოფილი ვარ საკუთარი სამუშაოთი და მრავალწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს ამ გუნდთან", - ამბობს კრისტიან ჰორნერი.

* * *
"ფერარისთან" დაკავშირებით ჭორების მორიგი ტალღა გუნდის მეორე პილოტს, ფელიპე მასას უკავშირდება. ბრაზილიელმა ცუდად დაიწყო ახალი სეზონი - კვალიფიკაციაში მე-16 ადგილი დაიკავა; თითქმის შეუმჩნეველი იყო რბოლის დროს, რომელიც, საბოლოოდ, თანამემამულე ბრუნო სენასთან შეჯახებით დაასრულა.

ასეთ სიტუაციაში გაძლიერდა ჭორები ფელიპესთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტასთან დაკავშირებით. ბრაზილიელის შემცვლელად ასახელებენ სერხიო პერესს, ადრიან სუტილსა და ვეტერან იტალიელ იარნო ტრულის. თუმცა თავად "სკუდერიაში" ამტკიცებენ, რომ პილოტს მისცემენ ამ სეზონის დასრულების საშუალებას.

"ფერარიში" კომუნიკაციების განყოფილების დირექტორმა ლუკა კოლაიანიმ იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასას განთავისუფლების შესახებ ჭორები უსაფუძვლოა. მისი თქმით, გუნდი ბოლომდე მხარს უჭერს პილოტს. სწორედ ამიტომაც მალაიზიის გრანპრისთვის ფელიპეს ახალი შასი მოუმზადეს.

თავად მასა მიიჩნევს, რომ მისი წაგება ალონსოსთან შესაძლოა მანქანის ფუნდამენტური დეფექტით აიხსნებოდეს: "ჩემი მანქანის სარბოლო მახასიათებლები თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ალონსოს ჰქონდა, მაგრამ საბურავები უკვე ხუთი წრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან". შეგახსენებთ, რომ ალონსო ავსტრალიაში მე-12 ადგილზე გავიდა, მაგრამ რბოლაში მეხუთე ადგილამდე ასვლა შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული