დევიდ კულტაჰარდი: ლუის ჰემილტონი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს დევიდ კულტჰარდს ყოველკვირეულ ჟურნალ Autosport-ში საკუთარი სვეტი აქვს. ცნობილი შოტლანდიელი მორიგ ნომერში აანალიზებს ავსტრალიის გრანპრის მოვლენებს და მსჯელობს პირველი ეტაპის შემდეგ ძალთა თანაფარდობაზე.

დევიდ კულტჰარდი: "მელბურნმა ვერ გასცა პასუხი ბევრ წინასასეზონო შეკითხვას, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო ბრძოლის ანონსი შემოგვთავაზა. თან ამ ბრძოლის ბევრი საიდუმლო ჯერ არ ვიცით. მის გაგებას კიდევ ორი-სამი რბოლის ჩატარება დასჭირდება.

საინტერესო სიტუაცია შეიქმნა "მაკლარენში". ჯერ კიდევ გასული სეზონის მეორე ნაწილში ჯენსონ ბატონი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, რითაც ძალიან საინტერესო გახდა მისი ურთიერთობა
ლუის ჰემილტონთან. ახალი სეზონის სტარტზე ისე ჩანდა, რომ ლუისმა ინიციატივა დაიბრუნა, მაგრამ ჯენსონი სცენაზე გამოვიდა და რბოლაში სტატუს-ქვო აღადგინა.

რბოლის წინ ბატონი მხოლოდ იმას ამბობდა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი სტარტი - და მან ეს გააკეთა. არანაკლებ შთამბეჭდავია ის, თუ როგორ აკონტროლებდა ჯენსონი მოვლენების განვითარებას პირველიდან ბოლო წრემდე. მან ლუისს მცირე შანსიც არ დაუტოვა და დამაჯერებლად აჯობა თანაგუნდელს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც თავად "მაკლარენმა" გაგვიმხილა. შესაძლოა, გუნდის შიგნით სულ სხვა სიტუაციაა და ჩვენ უბრალოდ არ ვართ რეალური მიზეზების კურსში, რომელიც ახსნის პილოტებს შორის სისწრაფეში ასეთ განსხვავებას. მაგრამ გაიხსენეთ ლუისის სახის გამომეტყველება პოდიუმზე და ინტერვიუს დროს - ის აშკარად უკმაყოფილო იყო მესამე ადგილით. მაგრამ რის გამო მოხდა ეს - იმიტომ, რომ ჯენსონმა გაასწრო თუ იმ წამის გამო, რომელიც პიტსტოპზე დაიკარგა? ჩვენ ამაზე პასუხი არ ვიცით.

ამბობენ, რომ დიადი პილოტები არსაიდან ჩნდებიან და კარგ შედეგებს აღწევენ - სებასტიან ფეტელს სწორედ ასეთი გამოსვლა ჰქონდა - მეექვსე პოზიციიდან აიღო სტარტი და რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.

ვფიქრობ, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ "მაკლარენს" სისწრაფეში აშკარა უპირატესობა ჰქონდა, ამიტომაც ამ გუნდის ერთი პილოტის დამარცხება უკვე დიდი მიღწევაა. არანაკლებ გვხიბლავს ფეტელის აგრესიული შემტევი მანევრი ნიკო როსბერგის წინააღმდეგ. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მაღალი კლასის პილოტია "რედ ბულის" წარმომადგენელი. ასე რომ, კრიტიკოსები უნდა დადუმდნენ.

ჯერჯერობით არ ვიცი, რა შეიძლება ითქვას "ფერარიზე". ბარსელონას ტესტებზე მანქანა კარგად გამოიყურებოდა ერთ წრეზე, მაგრამ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისთვის, რომ უკანა საბურავს ფორმა შეენარჩუნებინა. და მაინც, ავსტრალიის კვალიფიკაციაზე ალონსო ლიდერებთან წამზე მეტს აგებდა, თუმცა რბოლის დროს მიუახლოვდა მათ.

ამასთან, მელბურნში არ არის ბევრი სწრაფი მოსახვევი, ამიტომაც, არც ისე ეფექტური აეროდინამიკა ნაკლებად შესამჩნევია. მაგრამ მალაიზიაში ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება ამ ფაქტორისა და კიდევ ცხელი ამინდის გამო, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს საბურავის ცვეთის ტემპებზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული