კვალიფიკაცია
ორმა პილოტმა კვალიფიკაციის დროს წინასწარ იცოდა, რომ მეორე დღეს სტარტზე ხუთი პოზიციით დააქვეითებდნენ: ჰეიკი კოვალაინენი ("კატერჰემი") და კიმი რაიკონენი ("ლოტუსი").
საკვალიფიკაციოს პირველი სეგმენტის მთავარი ანტიგმირი ჟან-ერიკ ვერნი ("ტორო როსო") გახდა, რომელიც აუტსაიდერებს შეუერთდა და მეორე სეგმენტში გადასვლა ვერ შეძლო.
კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს "ზაუბერებმა",
გადამწყვეტ სეგმენტში თავიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი"), რომელმაც თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს ოთხი მეათედით გაუსწრო. კვალიფიკაციის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") მეორე პოზიციაზე აღმოჩდა, თუმცა ის მალე ბატონმა ჩამოაქვეითა და გერმანელი მესამე ადგილზე დატოვა. ზედიზედ მეორე ეტაპზე სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი კვლავ "მაკლარენის" პილოტებმა დაიკავეს...
რბოლა
ავსტრალიის ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა პოული და ჯენსონ ბატონი მეორე პოზიციაზე დატოვა. შემდეგ იყვნენ "რედ ბულის" პილოტები - მარკ უებერი უსწრებდა სებასტიან ფეტელს, მათ მოჰყვებოდა ფერნანდო ალონსო. მიხაელ შუმახერსა და რომენ გროსჟანს ("ლოტუსი") კონტაქტი ჰქონდათ და მათ ერთმანეთს უქმეები გაუფუჭეს.
სტარტთან ერთად წვიმა გაძლიერდა და პირველივე წრეებზე, პრაქტიკულად, მთელი პელოტონი წვიმის საბურავებისთვის ბოქსებში შევიდა. ამ არეულობაში ჰემილტონმა და ბატონმა შეინარჩუნეს საკუთარი პოზიციები, მესამეზე კი სერხიო პერესი ("ზაუბერი") გადავიდა - მექსიკელმა პირველივე წრეზე მიიღო წვიმის საბურავი.
უებერი მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ალონსომ კი ფეტელს მეექვსე პოზიციამდე დაახევინა უკან. მხოლოდ ჟან-ერიკ ვერნმა გაძლო წითელი დროშების აფრიალებამდე - ფრანგი პიტ-სტოპზე არ შევიდა და საშუალედო საბურავებით მეშვიდე ადგილამდე ამაღლდა.
პიტსტოპების შემდეგ თავსხმა წვიმა წამოვიდა და მსაჯებმა რბოლა წითელი დროშებით შეაჩერეს. პილოტები სასტარტო პოზიციებზე დაბრუნდნენ და გამოდარებას დაელოდნენ. რესტარტი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ შედგა და მაშინვე დაიწყო პიტსტოპების მორიგი სერია, რადგან წვიმის საბურავები საშუალედოთი უნდა შეეცვალათ.
პიტსტოპების მეორე რაუნდში წარუმატებლობა ელოდა ლუის ჰემილტონს - მას ბოქსებში რამდენიმე წამი დააკარგვინეს. ბრიტანელი ტრასაზე ალონსოს, პერესისა და ბატონის უკან აღმოჩნდა.
თუმცა ჯენსონი მესამე ადგილზე დიდხანს არ დარჩენილა - მან ნარაიან კართიკეიანის (HRT) მანქანაზე თავისი ბოლიდის წინა ანტიფრთა დააზიანა და დაუგეგმავი პიტსტოპი დასჭირდა, რის შემდეგაც პირველი ეტაპის გამარჯვებული ქულებისთვის ბრძოლაში აღარ მონაწილეობდა. ჰემილტონმა თანაგუნდელისგან მესამე ადგილი მიიღო და ამ პოზიციაზე დაასრულა რბოლა. ლუისს დიდად არ შეუწუხებია წინ მიმავალი ალონსო და პერესი.
რბოლის ნაწილი, რომელშიც პილოტები საშუალედო საბურავებით მოძრაობდნენ, ბევრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბურავების სწრაფად ცვეთის გამო ნიკო როსბერგი ("მერსედესი") და ფელიპე მასა ერთიმეორეს მიყოლებით კარგავდნენ პოზიციებს და პირველები წავიდნენ საბურავების მეორე კომპლექტის მისაღებად. არადა, პიტსტოპების მეორე სერიის შემდეგ როსბერგი მეოთხე იყო, მასა - მერვე.
გუნდები ცდილობდნენ, მაქსიმალურად გაეწელათ ეს მონაკვეთი, რადგან ტრასა შრებოდა, ამინდის პროგნოზი კი წვიმის განახლებას ვარაუდობდა - იმ მომენტისთვის ისევ საშუალედო საბურავების დაყენებას აზრი არ ჰქონდა, ხოლო "სლიკებზე" გადასვლა და წვიმის შემთხვევაში ერთ ზედმეტ პიტსტოპზე წასვლა არავის სურდა.
პირველმა "მშრალ" საბურავებზე გადასვლა დანიელ რიკარდომ გარისკა ფინიშამდე 19 წრით ადრე. ავსტრალიელის ტემპი ლიდერებისაზე რამდენიმე წამით სწრაფი იყო. ეს გახდა სხვა გუნდებისთვის "სლიკებზე" გადასვლის სიგნალი.
იმ მომენტისთვის სერხიო პერესი დამაჯერებლად ეწეოდა ალონსოს და გამარჯვებისთვის საბრძოლველად ემზადებოდა, მაგრამ "ზაუბერის" პილოტი შესატევ პოზიციაზე ვერ გავიდა. შემდეგ კი პერესი რამდენიმე წამით დაშორდა ალონსოს, რისი მიზეზიც მისი გუნდის ტაქტიკური შეცდომა გახდა - "ზაუბერმა" თავის პილოტს ბოქსებში ერთი წრით გვიან უხმო, ვიდრე "ფერარიმ" შეცვალა საბურავები ალონსოს ავტომობილზე.
ტრასაზე პერესი 7-წამიანი ჩამორჩენით დაბრუნდა, მაგრამ ყოველ წრეზე, პრაქტიკულად, წამნახევარს უგებდა ესპანელს. ფინიშამდე შვიდი წრით ადრე მექსიკელი მხოლოდ ნახევარი წამით ჩამორჩებოდა ლიდერს, მაგრამ ამ ბრძოლაში სერხიომ შეცდომა დაუშვა და მე-14 მოსახვევიდან ტრასის მიღმა გადავარდა. ბოლიდი არ დაზიანებულა, პილოტს პოზიცია არ დაუკარგავს, მაგრამ ალონსოს დაწევა უკვე შეუძლებელი იყო.
ასე რომ, ალონსომ ბრიტანეთის შარშანდელი გრანპრის შემდეგ პირველი რბოლა მოიგო, სერხიო პერესმა კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა, ლუის ჰემილტონმა კი სამეულში დაიკავა ადგილი - ინგლისელმა ბრწყინვალე კვალიფიკაციის შემდეგ ისევ გაუშვა ხელიდან გამარჯვება. საქმე მხოლოდ პიტსტოპზე შეყოვნებას არ ეხება - დისტანციის დარჩენილ ნაწილში ლუისი ალონსოსა და პერესზე ნელი იყო და ფინიშზე მათთან 14 და 12 წამი წააგო.
მეოთხე ადგილზე დაასრულა რბოლა მარკ უებერმა, რადგან ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, კართიკეიანმა სებასტიან ფეტელის ბოლიდზე უკანა საბურავი გამოიყვანა მწყობრიდან, რითაც მოქმედ ჩემპიონს თუნდაც ერთი ქულის მოპოვების საშუალება მოესპო. ხუთეულში შევიდა კიმი რაიკონენი - ფინელი ერთი პირობა უსწრებდა უებერს, მაგრამ პიტსტოპების ფინალურ სერიაში "რედ ბულთან" ერთი პოზიცია დათმო.
ბრუნო სენამ ("უილიამსი") მეექვსეზე დაასრულა რბოლა და გააკეთა ის, რაც ერთი კვირის წინ მალდონადომ ვერ შეძლო. სხვათა შორის, ვენესუელელი ამჯერადაც უქულოდ დარჩა - ძრავამ უმტყუნა. ტოპ-ათეულში დარჩენილი ადგილები პოლ დი რესტამ ("ფორს ინდია"), ჟან-ერიკ ვერნმა, ნიკო ჰიულკენბერგმა ("ფორს ინდია") და მიხაელ შუმახერმა გაინაწილეს.
ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას სათავეში ჩაუდგა ფერნანდო ალონსო. იმ სიტუაციაში, როცა ყველა ერთხმად აკრიტიკებს F2012-ის ტემპს, ესპანელი სასწაულებს ახდენს და მაქსიმუმს იღებს მანქანისგან. ფერნანდოს ხუთი ქულით ჩამორჩება ჰემილტონი, რომელმაც ბატონი ჩამოიტოვა უკან. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფეტელი გენერალურ კლასიფიკაციაში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
რბოლის შემდეგ
ფინიშზე ეტაპის ტრიუმფატორმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ მალაიზიის გრანპრიზე ტრიუმფი არაფერს ნიშნავს და "ფერარის" ისევ მოუწევს უდიდესი სამუშაოს ჩატარება იმისთვის, რომ რეალურად კონკურენტუნარიანი გახდეს...
"დღეს დიდი სიურპრიზი გველოდა. მეგონა, რომ თუ ავსტრალიაში არაკონკურენტუნარიანები ვიყავით, აქაც იგივე იქნებოდა. ამიტომაც, უბრალოდ, მაქსიმალურად მეტი ქულის აღებას ვგეგმავდი. საბოლოოდ კი 25 ქულა მივიღე - დაუჯერებელი შედეგია!
შესანიშნავი მიღწევაა მთელი გუნდისთვის: კარგად გამოვედით საკვალიფიკაციოს ფინალში და დღეს, რთული პირობების მიუხედავად, სიმშვიდეს ვინარჩუნებდით. ვულოცავ გუნდს გამარჯვებას. მათ დაიმსახურეს ეს ტრიუმფი. რთულ პერიოდში ვიმყოფებით, ამიტომაც ეს კვირა დიდი ხანი გვემახსოვრება.
სიმართლე ითქვას, ეს გამარჯვება არაფერს ცვლის. დღეს არსებული სიტუაცია არ გვაწყობს, რადგან დიდი ბრძოლა გვჭირდება კვალიფიკაციის ფინალში გასასვლელად და ქულების დასაგროვებლად. გუნდი პოულებისა და გამარჯვებებისკენ ილტვის, მაგრამ პირველ ორ რბოლაში სიჩქარე არ გვყოფნიდა.
ჩვენი მიზანი იყო, მინიმუმამდე დაგვეყვანა ქულების დაკარგვა - და საერთოდ არ დავკარგეთ. ჩემპიონატის პირველმა ორმა ეტაპმა კარგი ამბები მოგვიტანა, მაგრამ უკვე ჩინეთის, ბაჰრეინისა და ესპანეთის გრანპრის წინ ბევრ ტექნიკურ სიახლეს მივიღებთ და ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა ესპანელმა.
"ვფიქრობ, დღეს გამარჯვება სავსებით რეალური იყო. ცხადია, გუნდმა ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა, როცა ადრეულ პიტსტოპზე გამომიძახა. მხოლოდ მეორე პაუზისას დავკარგეთ დრო. მიუხედავად ამისა, შემდეგ შევძელი ალონსოს დაწევა.
მოსახვევში ბოლიდის უკანა ნაწილზე კონტროლი დავკარგე, რამაც პირველი ადგილის შანსი დამაკარგვინა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, დღე ჩვენთვის წარმატებული იყო", - ასეთი კომენტარი გააკეთა სერხიო პერესმა.
მალაიზიის გრან-პრი. II ეტაპი
სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)
1(8). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 2:44.51,812
2(9). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +2,263
3(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,591
4(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +17,688
5(10). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +29,456
6(13). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +37,667
7(14). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +44,412
8(18). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +46,985
9(16). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +47,892
10(3). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +49,996
11(5). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +1.15,527
12(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.16,828
13(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.18,593
14(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.19,719
15(12). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.37,319
16(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე
17(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე
18(24). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე
19(11). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 2 წრე
20(21). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე
21(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე
22(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 2 წრე
23(17). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 10 წრე
24(6). რომან გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 52 წრე
საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 35 (1 მოგება); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 30; 3. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 25 (1 მოგება); 4. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 24; 5. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 22; 6. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 18; 7. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 16; 8. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 8; 9. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 8; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 7; 11. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 12. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2; 13. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 2; 14. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენი - 55; 2. რედ ბული - 42; 3. ფერარი - 35; 4. ზაუბერი - 30; 5. ლოტუსი - 16; 7. ფორს ინდია - 9; 7. უილიამსი - 8; 8. ტორო როსო - 6; 9. მერსედესი - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"